თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. საქართველოში აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანიის, „სოკარის“ პრეზიდენტის, როვნაგ აბდულაევის ვიზიტს შეეძლო ცვლილებები შეეტანა მეზობელ ქვეყანასთან გაფორმებულ კონტრაქტში — როგორც გაზის მოცულობის, ისე მისი ფასის კუთხით, ვინაიდან ამ ყველაფრის პარალელურად საქართველო „გაზპრომთან“ შესაძლო კონტრაქტის საკითხებს განიხილავს. Sputnik აზერბაიჯანი დაინტერესდა, რას ფიქრობენ ამ თემაზე ექსპერტები.
აზერბაიჯანი
მიწოდების დივერსიფიცირება ყველა იმ ქვეყანას სურს, რომლებსაც ენერგორესურსები სჭირდებათ, — ამბობს აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი რასიმ აგაევი. მისი თქმით, ევროპელებიც ახდენენ საკუთარი სისტემის დივერსიფიცირებას, რათა მხოლოდ რუსეთზე არ იყვნენ დამოკიდებულები. რუსული პოლიტიკის მიმართ ევროპელთა საყოველთაოდ ცნობილი შიშები მხედველობაში სულაც რომ არ მივიღოთ, ბაზარზე დამოკიდებულება, როგორც ამას გამოცდილება გვიჩვენებს, მაინც ხდება.
„თუ საქართველო აზერბაიჯანიდან მოწოდებების დივერსიფიცირებას ისახავს მიზნად, მაშინ მათი გაგება შეიძლება. მაგრამ საკითხის ამგვარად დასმა იმ პრობლემის შეგნებულად შევიწროებას ნიშნავს, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის — და ასევე რუსეთთან მიმართებაშიც — წარმოიშვა“, — მიაჩნია პოლიტოლოგს.
მისი თქმით, ცნობილია, რომ რუსეთის მიმართ ქართული ოპოზიციისა და საზოგადოების აღშფოთების მიზეზი — ეს საქართველოს მთავრობის ის სურვილია, რომელიც „გაზპრომისგან“ ბუნებრივი აირის მიღების სურვილს უკავშირდება. ამავდროულად აზერბაიჯანთანაც არსებობს ფასთან და ხარისხთან დაკავშირებული წინაღობები. საქართველოში გავრცელებულია მოსაზრება, რომ ჩვენი გაზი ხარისხობრივად სერიოზულად ჩამორჩება რუსულს და ირანულსაც კი, — ამბობს ექსპერტი და იქვე ამატებს, რომ სწორედ ამ ფაქტორით არის კიდეც განპირობებული აზერბაიჯანული გაზის შედარებითი სიიაფე.
მეორე მხრივ, აღსანიშნავია, რომ საქართველოს გაზე მოთხოვნილების 80%-ს აზერბაიჯანი ფარავს და ახლა „გაზპრომის“ გამოჩენა „სოკარისთვის“ გარკვეულ დისონანს ქმნის.
„სრულიად შესაძლებელია, რომ ამის შემდეგ გაჩნდეს ირანული გაზი და აზერბაიჯანის წილი ბაზარზე სერიოზულად შემცირდეს. ეს „სოკარისთვის“ ბაზრის დაკარგვას ნიშნავს, რომელსაც ახლა, პრაქტიკულად, მონოპოლია აქვს. ეს აზერბაიჯანისთვის სერიოზული დანაკარგებია — კონკურენტულიც, ფინანსურიცა და პოლიტიკურიც კი“, — მიაჩნია ექსპერტს.
თეორია, რომ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები, ყველაფერთან ერთად, აზერბაიჯანული გაზის ტარიფის შემცირებისკენაცაა მიმართული, აგაევს დასაშვებად მიაჩნია და დარწმუნებულია, რომ ასეთი პოლიტიკა განხორციელებადია. თუმცა აღნიშნავს, რომ სხვა ობიექტურ ფაქტორებთან ერთად ისიც გასათვალისწინებელია, რომ რუსეთი საქართველოს პერსპექტივებს სთავაზობს.
ამავდროულად ექსპერტი ხაზს უსვამს, რომ აზერბაიჯანულ გაზზე ფასი იმ პერიოდში ჩამოყალიბდა, როდესაც საქართველოსა და რუსეთს შორის ნულოვანი ურთიერთობები იყო, ხოლო თავად ქვეყანაში მძიმე ენერგეტიკული ვითარება არსებობდა. მეზობელი ბაზრის მოპოვების მიზნით, აზერბაიჯანი მაშინ შეგნებულად წავიდა დათმობებზე, მაგრამ ხარისხის მხრივ — როგორც ამას ქართული მხარე ამტკიცებს — აზერბაიჯანული გაზი სერიოზულად ჩამორჩება რუსულსაც და ირანულსაც. „თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს სხვა მრავალი ნიუანსიც. „გაზპრომის“ საქართველოში მიწვევის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას, რომელიც, გავრცელებული ხმების მიხედვით, მისი ერთ–ერთი მეწილეა. ამიტომ მხოლოდ ერთი ფაქტორით ოპერირებით, სრული სურათის ასახვას ვერ შევძლებთ“.
რაც შეეხება შეხვედრების საბოლოო შედეგს, აგაევი აღნიშნავს: დამოუკიდებლად იმისგან, თუ როგორი მომლაპარაკებელია როვნაგ აბდულაევი, აუცილებელია გვახსოვდეს, რომ მოლაპარაკებათა პროცესის უკან დგას არა მხოლოდ „სოკარი“, არამედ ენერგეტიკული დიალოგების ყველა პროცესი, რომელთაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი აწარმოებდა და რომელიც მთელ თავის დიპლომატიურ გამოცდილებას იყენებდა ქართული ბაზრის მოსაპოვებლად.
„თუ აზერბაიჯანი საკუთარი პოზიციების შენარჩუნებას მოახერხებს, გამოვა, რომ ის მართლაც წამყვანი მოთამაშეა. თუ საქართველო კონტრაქტებს რამენაირად შეავიწროვებს, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ ქვეყანაში ახალი მოთამაშეების პოზიციები ძლიერდება, რისთვისაც ანგარიშის გაწევა მოგვიწევს“, — ამბობს პოლიტოლოგი, რომლის აზრითაც, ყველაფერ ზემოთ ნათქვამის გათვალისწინებით, უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველო მაინც დაუშვებს საკუთარ ბაზარზე ახალ მოთამაშეებს რუსეთისა და ირანის სახით.
საქართველო
ქართველი პოლიტოლოგი გელა ვასაძე აღნიშნავს, რომ საქართველოში გაზის დეფიციტზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია, რამდენადაც ასობით ახალი მსხვილი საწარმოს გახსნაზე, ხალხის დასაქმებასა და ეკონომიკის ზრდაზე გეგმა–განზრახვები ჯერ მხოლოდ დაპირების დონეზე რჩება.
„აზერბაიჯანისგან მრავალი წლის განმავლობაში ვიღებდით გაზს და ეს, ასე ვთქვათ, ურთიერთმონოპოლიაა, იმიტომ რომ, ერთი მხრივ, „სოკარი“ ქვეყანაში საწვავის ძირითადი შემომტანია, ხოლო მეორე მხრივ, საქართველო მცირე, მაგრამ მაინც საკუთარი გაზის მარაგს ფლობს, კიდევ 10%-ს კი „გაზპრომისგან“ ღებულობს სომხეთისკენ მაგისტრალური გაზსადენით საწვავის ტრანზიტის საფასურად. ამგვარი განაწილებით ყველა კმაყოფილი იყო, სანამ გაზის ბაზარზე ვითარება არ შეიცვალა“, — ამბობს პოლიტოლოგი.
ცვლილებები ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა: წარმოიშვა ჭარბი შემოთავაზებები გაზზე, რომლის ფასიც ძალიან დაეცა, და შედეგად ახლა ბაზრების გადანაწილება მიმდინარეობს, — აღნიშნა ვასაძემ.
მისი პირადი აზრით, „ამ ვითარებაში ენერგოჩინოვნიკები დამატებითი შემოსავლის მიღების გზებს ეძებენ, თანაც არა მხოლოდ სახელმწიფოსთვის“. ზემოთქმულიდან გამომდინარე, მომავალში შესაძლოა საუბარი დაიწყოს რუსული გაზის თურქეთისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნისკენ გადაქაჩვის თაობაზე, — მიაჩნია ექსპერტს.
ვასაძემ ის ფაქტიც გაიხსენა, რომ საქართველოში გაზსაცავის აგება იგეგმება, რომელიც საწვავის შემდგომი გაყიდვებისთვის ერთგვარ ჰაბად იქცევა. და ეს ყოველივე შესაძლოა საკმარისიც აღმოჩნდეს საქართველოს ხელისუფლების ლოგიკაში გასარკვევად.
„არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ „გაზპრომის“ ერთ–ერთი აქციონერი ბიძინა ივანიშვილია, რომელიც დღეს საქართველოს ფაქტობრივი მმართველია. ჩემი აზრით, სურათი საკმაოდ მკვეთრია და ნათელი“, — დაასკვნა პოლიტოლოგმა.
რაც შეეხება ექსპორტზე ტარიფების სავარაუდო კლებას, ვასაძე გვირჩევს, ზედმეტად თავდაჯერებით არ ვიოპერიროთ დასახელებული ციფრებით. „ჩემი აზრით, ეს „გადაფარვის“ ოპერაციაა. ახლა „გაზპრომთან“ კონტრაქტის გაფორმების მოწინააღმდეგეებს ორი ძირითადი არგუმენტი აქვთ. ესენია: მოსკოვისა და თბილისის ურთიერთობები ტერიტორიულ საკითხებთან ერთად, და მეორე — „სოკარისგან“ უფრო მეტად სარგებლიანი ალტერნატივის არსებობა.
ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანი რაღაც მომენტში იძულებული გახდეს დაწიოს ფასი გაზზე, მით უმეტეს, რომ გლობალურ ბაზარზე მისი ფასი ეცემა.
თუ როდის და რა ფორმატში მიიღებს საქრათველო გაზის იმპორტირების შესახებ საბოლოო გადაწყეტილებას — ეს ყველა მხარეზეა დამოკიდებული, ვინაიდან მოლაპარაკებები პარალელურად მიმდინარეობს, — აღნიშნავს გელა ვასაძე. მისი თქმით, შედეგის წინასწარ ამოცნობა რთულია, ვინაიდან „გაზპრომთან“ გარიგების კონკრეტული მიზეზები არ ხმაურდება.
„საუბარი იყო იმაზეც, რომ რუსეთიდან გაზის შემოტანა იმიტომ გვჭირდება, რომ აზერბაიჯანს არ შეუძლია გაზის საკმარისი მოცულობის მოწოდება. „სოკარმა“ კი განაცხადა, რომ შეუძლია დამატებითი მოცულობის შემოტანა. და თუ დღევანდელ შეხვედრაზე დადასტურდა, რომ მართლაც შეუძლია, ეს რთულ მდგომარეობაში ჩააყენებს „გაზპრომის“ მომხრეებს“, — დაასკვნა ქართველმა ექსპერტმა.
რუსეთი
ბოლონის უნივერსიტეტის (იტალია) პროფესორს, სტანისლავ ტკაჩენკოს აზრით, საქართველოსა და „გაზპრომს“ შორის კონტრაქტის შესაძლო გაფორმებას „ინფორმაციული ხმაური“ მოჰყვა, რომლის მიღმაც უდავო დეტალები მოჩანს.
„რუსულ–ქართული გარიგება საბაზრო რეალიებზეა აგებული, მას არანაირი კავშირი არ აქვს რუსეთის მიერ თბილისური მთავრობისთვის ეკონომიკური „დახმარების“ გაწევასთან. ეს უკანასკნელი ბოლო დრომდე მოსკოვში არამეგობრულად განიხილებოდა, მიუხედავად იმისა, რომ 2010 წლიდან ორმხრივ ურთიერთობებში ტოტალური ანტაგონიზმი შესამჩნევად შესუსტდა.
ენერგიის წყაროების მიწოდებათა დივერსიფიკაცია — ეს მსოფლიო ტენდენციაა. ამაში „მოდის კანონმდებლად“ ევროკავშირი იქცა, რომელსაც ახლა მისკენ მსწრაფმა საქართველომაც აუწყო ფეხი.
ნავთობსა და სხვა ენერგომატარებლებზე ფასების უპრეცედენტო ვარდნა ყველა ექსპორტიორ სახელმწიფოს აიძულებს, უფრო აგრესიულად დაიცვას გასაღების ტრადიციული ბაზრები და ფეხი მოიკიდოს ახალზეც. „გაზპრომის“ ნაბიჯები საქართველოს მიმართ სწორედ ამის დასტურია. ჯერჯერობით ძნელია იმის თქმა, რუსული გაზის რა ფასზე მიდის საუბარი, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ თუ გარიგება შედგა, „გაზპრომის“ ფასი „სოკარის“ მიერ დადგენილ და ამჟამად მოქმედ 190 დოლარზე დაბალი იქნება“.
მოლაპარაკებების წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „გაზპრომის“ გაზის ფასი 210 დოლარზე ნაკლები არ იქნებოდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალი გარიგება საქართველოსთვის მომგებიანი არ იქნებოდა. ამის ფონზე გაჩნდა ვარაუდი, რომ თბილისი აზერბაიჯანული გაზის ტარიფის კიდევ უფრო დაწევას ცდილობს.
ამ საკითხის კომენტირებისას ტკაჩენკომ აღნიშნა, რომ სსრ კავშირის დაშლის შემდეგ აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობები — ეს სამხრეთ კავკასიაში აზერბაიჯანი–სომხეთი–საქართველოს სამკუთხედში სტაბილურობის მთავარი ფაქტორია. ორი სახელმწიფოს ურთიერთობამ ურთულეს 90–იან წლებში გაიარა გამოცდა და ორი ქვეყნის პოლიტიკოსებისთვის მყარი ეკონომიკური ფუნდამენტის მორღვევა უზარმაზარი შეცდომა იქნებოდა.
„საქართველო უკიდურესადაა დაინტერესებული აზერბაიჯანული ნავთობისა და გაზის საკუთარი ტერიტორიის გავლით მსოფლიო ბაზრებზე გატანით. ამიტომ მეზობელი სახლმწიფოს ენერგომატარებლების შიდა ბაზრიდან გაწევის მცდელობა არარაციონალური და აშკარად მცდარია“, — მიჩნია ექსპერტს.
მისი აზრით, დღეს საქმე გვაქვს თბილისის მცდელობასთან, დაწიოს ფასი შიდამოხმარებისთვის განკუთვნილ აზერბაიჯანულ გაზზე. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოში გაზის მომხმარება წელიწადში 10%-ით იზრდება და თბილისს, როგორც ჩანს, უჭირს გაუმკლავდეს ცთუნებას ფასის შემცირების თაობაზე, — მიაჩნია ეკონომისტს.
შექმნილ ვითარებაში არსებოს კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც შეიძლება ვახსენოთ, მაგრამ მისი დეტალურად განხილვა შეუძლებელია. ტკაჩენკოს აზრით, ეს რუსულ–ქართული პოლიტიკური და დიპლომატიური ურთიერთობების მოწესრიგების პერსპექტივაა. მისი თქმით, რუსეთის საგარეო პოლიტიკაში ბოლო რამდენიმე კვირაში ახალი ტრენდი შეინიშნება: კონფლიქტურობის გრადუსის დაწევა მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობაში. წარსულს ბარდება ბალტიის ქვეყნებთან ინფორმაციული დაპირისპირება, აღდგენის გზაზეა პირდაპირი დიალოგი უკრაინასთან და ასევე ევროკავშირის წამყვან სახელმწიფოებთან კონტაქტები. ამ ფონზე საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის არქონა ანაქრონიზმს ჩამოჰგავს.
„შესაძლოა ორი ქვეყანა, ენერგეტიკული თანამშრომლობის გაფართოების გზით, სიგნალებს უგზავნიან ერთმანეთს, რომ სერიოზულად აქვთ განზრახული, დაუბრუნდნენ თანამშრომლობის ძველ დონეს. თუმცა ეს მხოლოოდ ემპირიული მონაცემებით გადაუმოწმებელი ჰიპოთეზაა…“ — დაასკვნა ტკაჩენკომ.
ამ დროისათვის აზერბაიჯანი საქართველოში ბუნებრივი აირის ძირითადი შემომტანია და საქართველოს წელიწადში საშუალოდ 1,5 მლნ კუბური მეტრი „ცისფერი საწვავით“ ამარაგებს.
საქართველოს მთავრობასა და Socar Georgia Gas-ს შორის 2013 წელს გაზიფიკაციის პროგრამის მეორე ეტაპის განხორციელების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმადაც კომპანიამ SOCAR Georgia Gas გაზიფიკაციის პროექტი 2017 წელს უნდა დაასრულოს და ქვეყნის მოსახლეობის 75% უზრუნველყოს ბუნებრივი აირით.