თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. საქართველოს გაზიფიკაციამ ქვეყანაში ბუნებრივი აირის მოხმარების ზრდაზე იმოქმედა, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.
საქართველოში ბუნებრივი აირის მოხმარება 2012 წლიდან დღემდე თითქმის 38%-ით გაიზარდა, 2014 წელთან შედარებით კი 19%-ით.
„ყოველდღიურმა მოხმარებამ 11 მილიონს (კუბომეტრს) გადააჭარბა. აქედან ექვს მილიონ კუბომეტრს „სოკარის“ მილსადენიდან ვიღებთ, რომელიც აზერბაიჯანიდან შემოდის საქართველოში, დაახლოებით 2,9 მილიონს — „შაჰდენიზის“ მილსადენიდან და 2-2,5 მილიონს — რუსეთის მილსადენიდან“, — განაცხადა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
2008-დან 2013 წლის ჩათვლით საქართველოში 230 ქალაქისა და სოფლის გაზიფიკაცია განხორციელდა, აშენდა 3500 კმ სიგრძის გაზსადენი. ჩატარებულმა სამუშაოებმა ბუნებრივი აირი ხელმისაწვდომი 175 ათასი ახალი აბონენტისთვის გახადა.
შესაბამისი სამუშაოები საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარის“ შვილობილმა კომპანია Socar Georgia Gas-მა ჩაატარეს.
მემორანდუმი გაზიფიკაციის პროგრამის მეორე ეტაპის განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობასა და Socar Georgia Gas-ს შორის 2013 წელს გაფორმდა. დოკუმენტი 2013-2017 წლების პერიოდს მოიცავს. 2014 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით 1100 კმ სიგრძის გაზსადენი აშენდა, გაზიფიცირებულია 34 ათასი აბონენტი.
Socar Georgia Gas გაზიფიკაციის მასშტაბურ პროექტს 2017 წელს დაასრულებს, ამის შედეგად საქართველოს მოსახლეობის 75% ბუნებრივი აირით ისარგებლებს.