თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პირადადაა დაინტერესებული საქართველოს ხელისუფლების რუსულ კომპანია „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებით, — მიიჩნევს ოპოზიციონერი დეპუტატი ნუგზარ წიკლაური.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძისა და „გაზპრომის“ ხელმძღვანელის, ალექსეი მილერის მოლაპარაკებებმა აჟიოტაჟი გამოიწვია საქართველოში. კრიტიკის სიმწვავით გამოირჩევიან ქართული ოპოზიციური პარტიები და ზოგიერთი ექსპერტი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ „გაზპრომთან“ თანამშრომლობა საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას წაართმევს.
„თუკი ეს მოლაპარაკებები კვლავ გაგრძელდა და თუ კი ხელისუფლებამ კვლავ მისცა შესაძლებლობა „გაზპრომს“, რომ შემოვიდეს ახალი შესაძლებლობებით ქართულ ბაზარზე, ჩვენ ამას განვიხილავთ „გაზპრომის“ ყველაზე დიდი აქციონერის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსეთის ხელისუფლების გარიგებად საქართველოს ეროვნული ინტერესების ხარჯზე პირადი კეთილდღეობისა და პირადი გამდიდრების მიზნით“, — განაცხადა წიკლაურმა დღეს, 13 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე.
რუსეთთან შეთანხმება, შესაძლოა, უდიდეს საფრთხედ იქცეს საქართველოს ენერგეტიკული სტაბილურობისა და უსაფრთხოებისათვის, აღნიშნა დეპუტატმა.