თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ პარლამენტის დეპუტატებთან, ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან რუსულ კომპანია „გაზპრომთან“ საქართველოს ხელისუფლების მოლაპარაკებები სამშაბათს, 12 იანვარს განიხილა.
კალაძისა და „გაზპრომის“ მმართველობის თავმჯდომარის, ალექსეი მილერის მოლაპარაკებებმა საქართველოში აჟიოტაჟი გამოიწვია. მთავრობა მძაფრად გააკრიტიკეს ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებმა და ზოგიერთმა ექსპერტმა, რომლებიც ირწმუნებიან, რომ „გაზპრომთან“ თანამშრომლობით საქართველო ენერგოდამოუკიდებლობას დაკარგავს.
„მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია გავრცელდა, ბოლოს და ბოლოს, ნათელი გახდა, რომ საუბარია „გაზპრომის“ ინიციატივაზე, შეცვალოს გაზსადენ „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ საშუალებით გაშვებულ ბუნებრივ აირზე გადასახადის ფორმა. ანუ, რუსული მხარე ითხოვს გადახდას არა ნატურით, არამედ ფულით. საქართველოს ნატურით გადახდის შენარჩუნება სურს, რადგანაც მიღებული თანხით ქართულ მხარეს მაინც ბუნებრივი აირის შესყიდვა მოუწევს“, — განაცხადა ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ „Sputnik საქართველოს“ კორესპონდენტთან საუბრისას ენერგეტიკის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ.
ამჟამად რუსული გაზი საქართველოში მხოლოდ სომხეთში ტრანზიტისთვის საფასურის სახით — მიწოდების მთლიანი მოცულობის 10% შემოდის. 2014 წელს „გაზპრომმა“ საქართველოს 300 მლნ კუბომეტრი აირი მიაწოდა.
ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში გია ხუხაშვილი პრობლემას ვერ ხედავს იმ შემთხვევაში, თუ „გაზპრომი“ ამ 10%-ის მონეტიზირებას აპირებს.
„ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენს გადაიხდის „გაზპრომი“. თუ საუბარია 10%-ის მონეტიზაციაზე, რომელსაც საქართველო სომხეთში გაზის ტრანზიტისთვის იხდის, მაშინ ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. თუმცა, თუ საუბარია ნაკლებ თანხაზე, მაშინ კითხვები ჩნდება“, — განუცხადა ხუხაშვილმა Sputnik-ის კორესპონდენტს.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ექსპერტებს განუცხადა, რომ „გაზპრომის“ მხრიდან კატეგორიული მოთხოვნაა, რომ ნედლეულით ანაზღაურების ნაცვლად, საქართველო ფულად ანაზღაურებას დათანხმდეს, როგორც ეს შეთანხმებით არის გათვალისწინებული. ამჟამად საქართველოსა და „გაზპრომს“ შორის შეთანხმება 2016 წელს ბუნებრივი აირის მიწოდების თაობაზე შემუშავების პროცესშია.