თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. ოფიციალური თბილისის მიერ ირანული გაზის შესყიდვისა აზერბაიჯანის გავლით საქართველოში მისი გადმოქაჩვის თემა გუშინ კვლავ წამოიჭრა.
ამ საკითხზე მოლაპარაკებები ირანის ისლამური რესპუბლიკისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მიმდინარეობდა და როგორც ირანის გაზის ეროვნული კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ალი რეზა ქემალმა თქვა, მოლაპარაკების თანახმად, გაზი მათ სომხეთის საზღვრამდე უნდა მიიტანონ, ხოლო საქართველო მას უკვე საკუთარ საზღვარზე მიიღებს, — იუწყება აზერბაიჯანული საინფორამციო სააგენტო „აპა“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით. ირანული გაზი ქვეყნის შიდა მოთხოვნების დაკმაყოფილებას მოხმარდება, რაც ახლა აზერბაიოჯანიდან შემოტანილი ბუნებრივი აირით ხორციელდება.
საქართველოს გაზით ირანიდან სტაბილური და გრძელვადიანი უზრუნველყოფის თაობაზე მოლაპარაკებების კონტექსტში, ზოგი ინფორმაციით, ამ ბაზარზე აზერბაიჯანის მონოპოლიზმის საწინააღმდეგო ქმედებების საკითხი ამოტივტივდა. ქართველმა და აზერბაიჯანელმა ექსპერტებმა „Sputnik აზერბაიჯანთან“ იმის თაობაზე ისაუბრეს, თუ რას შეიძლება უკავშირდებოდეს ეს ყოველივე, ან ძალუძს თუ არა ირანს ქართული ბაზრიდან აზერბაიჯანის განდევნა.
„აზერბაიჯანული საზოგადოება ბოლო ნახევარი წელია, რატომღაც ძალიან მტკივნეულად აღიქვამს ნებისმიერი კონკურენციის საკითხს და ამას იმით ხსნის, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ აზერბაიჯანული ბაზარი უბრალოდ ვერ მოერგო დემონოპოლიზაციას“, — მიაჩნია ნავთობის კვლევების ცენტრ Caspian Barrel–ის ხელმძღვანელ ილჰამ შაბანს.
მისი თქმით, აზერბაიჯანული საზოგადოება რატომღაც არც კი განიხილავს რომელიღაც საქონლის კონკურენტულ საფუძვლებზე რეალიზაციის ვარიანტს. აზერბაიჯანის მიღმა არსებობს როგორც ლოკალური და რეგიონალური, ისე გლობალური ბაზრები, სადაც არავინ არავის არაფერს კარნახობს და ბაზრის თითოეული მონაწილე საკუთარ საქონელს თანაბარ პირობებში ყიდის.
„ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოში ვინმე საკუთარ გაზს შეიტანს, აზერბაიჯანში რატომღაც ქართული ბაზრის დაკარგვად აღიქვეს. თუმცაღა საუბარი მხოლოდ იმის თაობაზე იყო, რომ თუ აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდება შემცირდება, საქართველო სხვისგან შეძლებს კომერციული პირობებით მის შეძენას. და ეს ნორმალურია“, — აღნიშნა ექსპერტმა.
შაბანის აზრით, საქართველომ დიდი გამოცდილება შეიძინა ამ საკითხებში და კარგად ესმის, რომ რუსული გაზის შედარებით იაფად შესაძენად, გარკვეული კარტები უნდა გაათამაშოს. გაზის საკითხის გარშემო ერთგვარი აჟიოტაჟის შექმნით, ის რუსეთს უჩვენებს, რომ არც ისე ძალიან სჭირდება მისი გაზი, ვინაიდან აქეთ აზერბაიჯანი ჰყავს და იქით — ირანთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. თბილისში კარგად ესმით, რომ ყველა ეს ნიუანსი აუცილებლად აისახება მოსკოვთან მოლაპარაკებებში, მიაჩნია ექსპერტს. ამჟამინდელ რეალიებში ხომ საქართველომ ზუსტად იცის, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების არქონის პირობებში, თანაც, როცა ორი ქვეყნის პოზიცია სხვადასხვა საკითხებში საერთოდ არ ემთხვევა ერთმანეთს, მოსკოვი არასდროს მიჰყიდის თბილისს გაზს იმ ფასად, რა ფასადაც ერევანს აძლევს. ესე იგი, საქართველოსთვის აუცილებელია რაიმე იღონის და აკეთებს კიდეც ამას.
თუმცა არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ საქართველოს დიდი მოცულობით გაზი არ სჭირდება. მას სულ 300–500 მლნ კუბური ფუტი ბუნებრივი აირი აკმაყოფილებს, რაც, უხეშად რომ ვთქვათ, მიზერია, — განმარტა „Sputnik–ის“ თანამოსაუბრემ: ასე რომ, რუსეთს ამ საკითხში კომერციული ინტერესი კი არ აქვს, არამედ გაზის მიწოდებების გეოგრაფიის გაზრდის სურვილი ამოძრავებს.
რაც შეეხება ირანულ გაზს, ექსპერტი ამბობს, რომ საქართველოს საერთოდ არ აქვს ირანთან საამისო ინფრასტრუქტურა.
„როგორ მიაწვდის გაზს ირანი საქართველოს? სომხეთის გავლით? ანუ, არსებული გაზსადე ნი მოზდოკი–ერევანი სომხეთმა უნდა შეაბრუნოს და თანაც უარი თქვას 2 მლრდ კუბურ მეტრ რუსულ გაზზე? ეს არასდროს მოხდება. თანაც, ვინ ჩადებს ინვესტიციას ახალ მილსადენში? სომხეთი თუ საქართველო? არა, ეს მათ ინტერესებში არ შედის. საქართველო საერთოდ არ არის დაინტერესებული აზერბაიჯანული გაზის დაკარგვით“, — დაასკვნა ექსპერტმა.
თავის მხრივ, ქართველი პოლიტოლოგი გელა ვასაძე შენიშნავს, რომ საკმარისია შედარდეს ირანული და აზერბაიჯანული გაზის ფასები, რომ უცბად გახდეს გასაგები: პირველი საქართველოსთვის სრულიად გამოუსადეგარია.
მისი თქმით, არსებობს სიტუაციის განვითარების ორი ვარიანტი. პირველი: ეგრეთ წოდებული, ეკონომიკური — რუსული გაზის თურქეთისთვის მიყიდვის თავისებური „რუხი“ სისტემა, როდესაც ფასში განსხვავება ზოგიერთი ჩინოვნიკის ჯიბეში დაილექება. ვასაძის თქმით, სომხეთიდან არავინ არ შემოიტანს არანაირ გაზს, საქართველო მიიღებს რუსულ გაზს, რომელიც მაშინვე თურქეთისკენ აიღებს გეზს.
„თუ ეს ასე იქნება, მაშინ სრულად ვეთანხმები ნავთობის სახელმწიფო კომპანია „სოკარის“ განცხადებას, რომ ის ვერანაირ კონკურენტს ვერ ხედავს ქართულ ბაზარზე, ამიტომ აზერბაიჯანი, როგორც აქამდე აწვდიდა საქართველოს თავის გაზს, კვლავაც ისე მიაწვდის, ხოლო ირანულად „შეფუთული“ რუსული გაზი თურქეთში წავა“, — ხაზი გაუსვა მან.
უარესი იქნება, თუ მეორე — პოლიტიკური ვარიანტი განხორციელდება. საქართველოს სახელისუფლებო სტრუქტურებში მყოფ პოლიტიკურ ლობის შესაძლოა მოსურვებოდა აზერბაიჯანული გაზის გარკვეულ მოცულობაზე უარის თქმა და მისი რუსეთის „ირანული“ გაზით ჩანაცვლება, — მიაჩნია ვასაძეს. ეს გადაწყვეტილება ძალიან ცუდად აისახება კავკასიაში ზოგად ვითარებაზე, ვინაიდან ასეთ შემთხვევებში ადამიანები მხოლოდ პოლიტიკით ხელმძღვანელობენ და აქ არანაირი ეკონომიკის ადგილი აღარ რჩება. ექსპერტის თქმით, ამ ვარიანტის გაუთვალისწინებლობა არ ღირს, ვინაიდან პრორუსული ლობი საქართველოში არსებობს. თუმცა, როგორც ექსპერტი ვარაუდობს, მაინც უფრო პირველი ვარიანტია მოსალოდნელი.
რაც შეეხება საქართველოსთვის ოპტიმალურ და მისაღებ ფასს ბუნებრივ აირზე, ვასაძე შენიშნავს, რომ რაც უფრო დაბალია ფასი, მით უკეთესი ნებისმიერი მომხმარებლისთვის. „მაგრამ, რამდენადაც ვიცი, საქართველო არ უჩიოდა იმ ფასს, რასაც „სოკარი“ ითხოვს“, — დაასკვნა გელა ვასაძემ.
გარკვეული პერიოდის წინ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში დაადასტურეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ქვეყანა ირანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს მისგან გაზის შესაძლო შესყიდვებსა და სომხეთის ტერიტორიის გავლით გადმოქაჩვაზე. თუმცა უწყებამ ხაზი გაუსვა, რომ მოცემულ ეტაპზე ირანულ მხარესთან ამ საკითხზე არანაირი კონკრეტული შეთანხმება არ არსებობს.
ირანული მედია ირანის გაზის ეროვნული კომპანიის აღმასრულებელ დირექტორ ალი რეზა ქემალს ციტირებს, რომელმაც განაცხადა, რომ მოლაპარაკების თანახმად, გაზი მათ სომხეთის საზღვრამდე უნდა მიიტანონ, რომლის მოცულობაც 300–დან 500 მლნ კუბურ ფუტამდე იქნება.