განათლების ახალი მინისტრის თამამი გეგმები

© FB / Aleksandre Jejelavaალექსანდრე ჯეჯელავა
ალექსანდრე ჯეჯელავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ უკვე გამოიჩინა თავი განსაკუთრებული აქტიურობითა და განათლების სისტემის რეფორმირებისადმი ახლებური მიდგომით. ახალ სასწავლო გეგმებზე მინისტრმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

თანამდებობაზე ყოფნის თითქმის ოთხი თვის განმავლობაში ალექსანდრე ჯეჯელავა უამრავჯერ შეხვდა სკოლების მასწავლებლებსა და დირექტორებს, უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს — როგორც ქვეყნის დედაქალაქში, ისე რეგიონებში. მინისტრი ყოველ პარასკევს აქვეყნებს ვიდეომიმართვებს, რომლებშიც მისთვის სოციალური ქსელით დასმულ შეკითხვებს პასუხობს. 

მატერიალური და ინტელექტუალური რესურსების მოზიდვის მიზნით ალექსანდრე ჯეჯელავა უცხოელ კოლეგებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.

ალექსანდრე ჯეჯელავა - Sputnik საქართველო
Forbes-მა ჯეჯელავას საქართველოს ახალი თაობის განმანათლებელი უწოდა

მინისტრის ამბიციურ გეგმებში შედის: რეგიონში საქართველოს ლიდერად ქცევა უმაღლესი განათლების მიწოდების კუთხით, ასევე მასწავლებლების იმიჯის ამაღლება და ახალი, 2017-2023 წლების სასწავლო გეგმის რეალიზება, რომელიც სრულად არის მორგებული კონკრეტული მოსწავლის ინდივიდუალურ მოთხოვნებზე.  

აღსანიშნავია, რომ მინისტრმა ზოგადად მინისტრისთვის უჩვეულო მოწოდებით მიმართა ყველა მოსწავლეს, სტუდენტსა და განათლების სფეროს თანამშრომლებს, რომ მომთხოვნი იყვნენ მის მიმართ.
ალექსანდრე ჯეჯელავამ პრესკონფერენციაზე 2017 წლის გეგმებზე ისაუბრა.

ელექტრონული სახელმძღვანელოები

2017 წელს საქართველოს სკოლებში ელექტრონულ სახელმძღვანელოებს შემოიღებენ, რომლებსაც მოსწავლეები საკუთარი სურვილის მიხედვით შეარჩევენ. ეს ძალიან მოსახერხებელი მეთოდია, რაც, მინისტრის აზრით, ინფორმაციის განახლების შესაძლებლობას გააჩენს. 

მოსწავლეები - Sputnik საქართველო
საქართველოს სკოლებში ელექტრონული ჟურნალები დაინერგება

„მენდელეევის ცხრილს ყოველ წელს ახალი ელემენტი ემატება, ფიზიკასა და მათემატიკაში ფუნდამენტური ცვლილებები ხდება, არაფერს ვიტყვი ტექნოლოგიებზე. ელექტრონული სახელმძღვანელოები კი ინფორმაციის განახლების საშუალებას იძლევა“, — ხაზი გაუსვა ჯეჯელავამ.

განახლებული სახელმძღვანელოები დაბალი კლასებისთვის

მომავალი წლიდან სახელმწიფო პირდაპირ გამომცემლებისგან დაიწყებს წიგნების შესყიდვას, რაზეც სამინისტრო დაახლოებით 18 მილიონ ლარს დახარჯავს.

ამ მომენტისთვის სამინისტრო მოლაპარაკებებს აწარმოებს გამომცემლობებთან, რაც დაახლოებით ორ კვირაში დასრულდება. ამის შემდეგ უკვე გამოცხადდება კონკურსი ახალი სახელმძღვანელოების შექმნაზე.

2017 წელს I–VI კლასების სახელმძღვანელოები ხელახლა გამოიცემა განახლებული სახით, სახელმძღვანელოები განახლდება როგორც ვიზუალურად, ისე შინაარსით.

გამომგონებელი - Sputnik საქართველო
საქართველოში სკოლის მოსწავლეებს შორის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი გამოცხადდა

„კონტენტი სხვაგვარი იქნება. სასწავლო გეგმა სრულად შეცვლილია, შეცვლილია სწავლების მეთოდიკაც. ამიტომ I–VI კლასების სახელმძღვანელოთა კონტენტი არსებითად სხვაგვარი იქნება“, — განაცხადა მინისტრმა.

სახელმძღვანელოების ავტორები ვალდებული არიან, გაასწორონ ყველა ის შეცდომა, რომლებიც მოსწავლეებსა თუ მათ მშობლებს აქვთ დაფიქსირებული ძველ სახელმძღვანელოებში. მაგალითად, უკვე ექვსი წელია, რაც ფიზიკის სახელმძღვანელოში ნიუტონის კანონი შეცდომითაა მოტანილი და არ შეესაბამება იმას, რაც ამ დიდმა მეცნიერმა რეალურად აღმოაჩინა.

ამას გარდა, განათლების მინისტრი შეეხო ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ერთი სახელმძღვანელოთი სწავლების საკითხსაც და განაცხადა, რომ ეს საკითხი აუცილებლად გადაისინჯება. მომავალში ყველა ამ საგანს ცალკე სპეციალისტი ასწავლის.

Google-მასწავლებელი — მსოფლიოს მასწავლებლების კონკურენტი

Google-მასწავლებელი მსოფლიოს ყველა მასწავლებლის კონკურენტი გახდა, მათ შორის, ქართველი „ნათელა მასწავლებლისაც“, რომელსაც კონკურენტი 40 წელია, არ ჰყოლია.

„ახლა კლასში ერთად არიან „ნათელა მასწავლებელიცა“ და Google-მასწავლებელიც და „ნათელა მასწავლებელს“ ძალიან, ძალიან უჭირს“, — შენიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

ალექსანდრე ჯეჯელავა - Sputnik საქართველო
მინისტრი: მალე მოსწავლეებს რეპეტიტორების მომსახურება არ დასჭირდებათ

მინისტრი დარწმუნებულია, რომ თუ მოსწავლეს ისეთი კითხვა დაებადება, რომელზეც მასწავლებელი პასუხს ვერ გასცემს, მას თამამად შეუძლია მიმართოს Google-ს და ეს სულაც არ უნდა მიიჩნეოდეს სირცხვილად.

თამაშით სწავლა
მინისტრს განზრახული აქვს, დანერგოს საქართველოს სკოლებში კომპიუტერული თამაში „ვეფხისტყაოსნის“ მოტივებზე და არა მარტო. ალექსანდრე ჯეჯელავა ყველა საგანში — ისტორიაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში და ა.შ. — აპირებს თამაშებით სწავლების მეთოდის შემოღებას.

მოსწავლეები - Sputnik საქართველო
ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში "თავისუფალი გაკვეთილი" დაინერგება

ის დარწმუნებულია, რომ თამაშები, მათი პოპულარობის დონის მიუხედავად, ნებისმიერ შემთხვევაში დაეხმარება მოსწავლეს ცოდნის მიღებაში.

ახალი სკოლები

თბილისში ყოველწლიურად იზრდება პირველკლასელთა რაოდენობა, რაც რეგიონებიდან დედაქალაქში საცხოვრებლად გადმოსვლის გახშირებულ შემთხვევებთანაა დაკავშირებული. ასეთები საცხოვრებლებს შედარებით იაფად ღირებულ გარეუბნებში ირჩევენ და სწორედ ამიტომ, მაგალითად, გლდანის სკოლებში მოხვედრა ლამის უფრო რთულია, ვიდრე ჰარვარდში.

„თუ ახალი სკოლები არ აშენდა, ჩვენ ვერ მივიღებთ ასეთი დიდი რაოდენობით მოსწავლეებს. ასე რომ, პროცესი დაწყებულია — აშენებულია ასამდე სკოლა და მიმდინარეობს ახლების მშენებლობა“, — განაცხადა ჯეჯელავამ.

ახალი საგანი „მე და საზოგადოება“

2017 წლიდან საქართველოს სკოლებში ახალი საგანი „მე და საზოგადოება“ დაინერგება, რის გამოც ცხარე დებატები მიმდინარეობდა. ინტელიგენციის ზოგმა წარმომადგენელმა სახელმძღვანელოზე მუშაობის შეწყვეტის მოთხოვნის თაობაზე პეტიციასაც კი მოაწერა ხელი, ვინაიდან, მათი რწმენით, ის მხოლოდ „გარყვნიდა“ ბავშვებს.

ალექსანდრე ჯეჯელავა - Sputnik საქართველო
სკოლის პედაგოგები ვიდეოგაკვეთილებს სურვილისამებრ დაესწრებიან

ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით კი, ახალი საგანი არაფერ ცუდს არ ასწავლის ბავშვებს.

„საუბარი იმაზე, თითქოს „მე და საზოგადოება“ რელიგიას შეასწავლის, ცოტა არ იყოს, ხმამაღალი ნათქვამია. ჩვენ რელიგიას ისტორიის კუთხით ვასწავლით – სად, რომელ საუკუნეში და როგორ გავრცელდა ესა თუ ის სარწმუნოება“, — აღნიშნა მინისტრმა.

პროფესიული განათლების სქემა

პროფესიული განათლებისა და მასწავლებელთა კარიერული ზრდის განახლებული სქემა ერთი თვის შემდეგ გამოქვეყნდება, ამბობს მინისტრი და შენიშნავს, რომ მოქმედი სქემიდან ამოიღებენ ნორმას, რომლის თანახმადაც, თუ პედაგოგი სამი წლის განმავლობაში ვერ ახერხებს პროფესიული გამოცდის ჩაბარებას, იძულებული ხდება, სკოლა დატოვოს.

მასწავლებელს სკოლიდან გაათავისუფლებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ადმინისტრაციასთან და მოსწავლეებთან ექნება პრობლემები.

მასწავლებელთა ხელფასები და ეროვნული სასწავლო გეგმა

2017 წლის 1 იანვრიდან მასწავლებლის საშუალო ხელფასი მოიმატებს და ასეთ სახეს მიიღებს:

ალექსანდრე ჯეჯელავა - Sputnik საქართველო
განათლების მინისტრი: ჩვენი პედაგოგები ყველაზე კარგი ხალხია

• მენტორი — 1100 ლარი

• წამყვანი მასწავლებელი — 965 ლარი

• უფროსი მასწავლებელი — 800 ლარი

• პრაქტიკოსი მასწავლებელი — 600 ლარი

მინისტრი ასევე შეეხო ეროვნულ სასწავლო გეგმასაც, რომელიც, მისი აზრით, ზედმეტად გადატვირთულია.

ალექსანდრე ჯეჯელავამ შენიშნა, რომ თუ ქართველ მოწაფეს გერმანელს შევადარებთ, სავალალო შედეგს მივიღებთ.

მისი თქმით, მე-7 კლასში ქართველი მოსწავლე ორჯერ მეტ მასალას გადის, ვერ ითვისებს მას და თანაც სძულდება სკოლა; გერმანელი მოსწავლე გადის ორჯერ ნაკლებ მასალას, უყვარს სკოლა და ათვისებული აქვს ყველაფერი, რაც ასწავლეს. გავა რამდენიმე წელი და მე-11 კლასელ გერმანელს კვლავ ეყვარება სკოლა, გავლილი და ათვისებული ექნება ორჯერ მეტი მასალა; და ეს მაშინ, როცა ქართველ მოსწავლეს სკოლა კიდევ მეტად ეძულება და არაფერი ექნება ათვისებული იმ მასალიდან, რაც გაიარა.

სკოლა - Sputnik საქართველო
სკოლის მასწავლებლების ხელფასი 2017 წლიდან გაიზრდება

სხვა სიახლეები

განათლების მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ ახალი წლიდან ქვეყნის მასშტაბით კიდევ 23 სკოლასა და 1500 მოსწავლეს მოემსახურება სასკოლო ავტობუსები. დღეისათვის ავტობუსები 1185 სკოლასა და, შესაბამისად, 65 ათას მოსწავლეს ემსახურება.

სკოლებში გრძელდება საექიმო კაბინეტების მოწყობა. საქართველოს 456 სკოლას უკვე ჰყავს საკუთარი ექიმი და აქვს სამედიცინო კაბინეტი, რომელიც საჭირო ინვენტარითაა აღჭურვილი. 

უახლოეს მომავალში ასევე ამოქმედდება გეოგრაფიულ-ინფორმაციული სისტემა (GIS), რომლის მიზანიცაა, ხელმისაწვდომი გახადოს ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ სად რამდენი სკოლაა, რამდენი მოსწავლეა თითოეულ მათგანში და ა.შ.

ყველა ახალი ამბავი
0