თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში სკოლის მასწავლებლების ხელფასი 2017 წლიდან 800 ლარამდე გაიზრდება, განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
წამყვანი მასწავლებლების ხელფასი 1000-1200 ლარამდე გაიზრდება.
„ბოლო წლების განმავლობაში, უკვე რამდენჯერმე გაიზარდა პედაგოგების ხელფასი. დაახლოებით 250 ლარიდან საბაზო ხელფასი უკვე ავიდა 500 ლარზე და მეტზე. მომავალი წლის დასაწყისში, იანვარ-თებერვალში ის ავა უკვე შემდეგ ნიშნულზე... ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში მასწავლებლების ხელფასი, ახლა უკვე მომავალი წლიდან, საშუალოდ დაახლოებით 800 ლარი იქნება“, — განაცხადა ჯეჯელავამ.
პედაგოგების ხელფასი მის სოციალურ აქტიურობასა და პროფესიულ განვითარებაზეა დამოკიდებული.
ამჟამად მასწავლებლების პროფესიული ზრდის სქემა სკოლის პედაგოგებს ოთხ კატეგორიად ჰყოფს: პირველ საფეხურზე პრაქტიკანტი პედაგოგები არიან, მეორეზე — უფროსი მასწავლებლები, მესამეზე — წამყვანი მასწავლებლები, მეოთხეზე – მენტორი მასწავლებლები.