თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. ფონდმა „ათასწლეულის გამოწვევები — საქართველო“ (MCA-Georgia) 2016-2017 წლების ათასწლეულის ინოვაციების კონკურსი გამოაცხადა სკოლის მოსწავლეებს შორის.
ჟიური სამ საუკეთესო გუნდს შეარჩევს, რომლებიც ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და ბუნებისმცოდნეობის სფეროებში წარმოადგენენ პროექტებს.
პირველ ადგილზე გასული გუნდი 2017 წლის აპრილში NASA-ში გაემგზავრება.
პირველად კონკურსი „ათასწლეულის ინოვაცია“ საქართველოში 2014 წელს ჩატარდა. მაშინ პირველი ადგილი ირაკლი კაპანაძისა და კარლო ხუციშვილის მულტიკლიმატიზატორის პროექტმა დაიკავა, რომელიც სოფლის მეურნეობაში სეტყვის, წვიმისა და ქარის პროგნოზირებისთვის გამოიყენება.
2015 წელს გამარჯვებული გახდნენ ბექა მიქაძე, გიორგი ნიორაძე, გიორგი მარგიანი და ვახტანგ კონტრიძე, რომლებმაც მზის ენერგიის ეფექტურობის გამაძლიერებელი მოწყობილობა „სოლარი“ შექმნეს.
კონკურსის ფინალი თებერვალში გაიმართება. მონაწილეობის მიღების მსურველებმა 18 ოქტომბრამდე უნდა შეავსონ ვებგვერდზე განთავსებული აპლიკაცია.