თბილისი, 7 სექტემბერი— Sputnik. უახლოეს მომავალში საქართველოს სახელმწიფო სკოლებში მაღალ კლასებში სწავლა ისეთ დონეზე წარიმართება, რომ რეპეტიტორების საჭიროება აღარ იქნება, განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მინისტრის სიტყვებით, მოსწავლეებს უმაღლესისათვის გეგმის მიხედვით მოამზადებენ.
„ფაქტობრვად, მეათე კლასის ჩათვლით არის სკოლა ჩვეულებრივი, რომელიც ცხოვრებისთვის ამზადებს. მე-11, მე-12 კლასში, თუ ჟურნალისტობას აპირებთ, უკვე კონცენტრირდებით მოსამზადებლად ჟურნალისტიკაზე ჩასაბარებლად, თუ ქიმიკოსობას აპირებთ – ქიმიაზე“,- განუცხადა ჟურნალისტებს ჯეჯელავამ მთავრობის სხდომის შემდეგ.
მინისტრმა ასევე დაამატა, რომ 9 კლასამდე არსებული ორი საფეხური-დაწყებითი და საბაზო- სავალდებულოა, შემდეგ კი მოსწავლეს შეუძლია აირჩიოს, გააგრძელოს სკოლაში სწავლა თუ არა. მაღალი კლასების გაუქმებას კი საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს.
განათლების სამინისტროს მიზანია ყველანაირი ხელშეწყობა ისეთი სკოლების, რომლებიც ბოლო კლასებში უმაღლესისთვის კონკრეტულ საგნებში მოსწავლეების მომზადებას შეძლებენ.
„ასეთ შემთხვევაში რეპეტირორის საჭიროება ნელ-ნელა აღარ იქნება,”-დასასრულს განაცხადა ჯეჯელავამ.