თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. განათლების სამინისტრო ახალი სასწავლო წლიდან სკოლებისთვის მცირე გრანტების გაცემას გეგმავს, რომლითაც თავისუფალი გაკვეთილები დაფინანსდება. განათლების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, გრანტის ოდენობა 3000 ლარით განისაზღვრება, საიდანაც 1000 ლარს სკოლის ადმინისტრაცია მიიღებს, 1000 ლარს — პედაგოგი, 1000 ლარი კი პროექტისთვის საჭირო ხარჯებს მოხმარდება.
„შეიქმნება კომისია, რომელიც იქნება გამჭირვალე და მხოლოდ სამინისტროს თანამშრომლებით არ დაკომპლექტდება. ეს კომისია გააკეთებს გრანტების ადმინისტრირებას. ის კონკრეტულ მასწავლებელს აძლევს 3000 ლარს და მასწავლებელი სამი თვის განმავლობაში კვირაში ორჯერ ჩაატარებს თავისუფალ გაკვეთილს. როგორ ნაწილდება ეს 3000 ლარი?— პირველი 1000 ლარი მიდის სკოლის ადმინისტრაციასთან. ეს მნიშვნელოვანია ადმინისტრაციის მოტივაციის ასამაღლებლად — რომ რაც შეიძლება აქტიური მასწავლებლები ჰყავდეს. მეორე ათასი ლარი ულაპარაკოდ მიდის მასწავლებელთან, მესამე კი — ხარჯებზე. სამთვიანი გრანტის დასასრულ პედაგოგი დაწერს შემაჯამებელ ანგარიშს — რა გააკეთა. თუ საქმე შედეგიანად წარიმართა, გაუგრძელებენ და მეორე სამთვიან პორციას მისცემენ; თუ საქმემ სამჯერ წარმატებით ჩაიარა — გაიცემა ერთწლიანი გრანტი“, — განაცხადა ჯეჯელავამ.
განათლების მინისტრის თქმით, თავისუფალ გაკვეთილებს მოსწავლეები სურვილის შემთხვევაში დაესწრებიან.
„თავისუფალ გაკვეთილს ბავშვი სურვილის მიხედვით დაესწრება. მოსწავლეები არ ისხდებიან ფორმალურად, არ დაიწერება ნიშნები, არ მიეცემა საშინაო დავალებებიც. წახალისდება ტექნოლოგიების გამოყენება, თამაში და ა.შ. მასწავლებლები მოსინჯავენ, როგორია თავისუფალი ფორმატი. დარწმუნებული ვარ აღმოაჩენენ, რომ გარეგნული წესებიდან გადახვევა სულაც არ არის საზიანო. მგონია, რომ ეს პრაქტიკა ძირითად გაკვეთილებშიც გადაინაცვლებს“, — აღნიშნა მინისტრმა.
საქართველოში სასწავლო წელი 15 სექტემბერს იწყება.