დავით–გარეჯი უნიკალური ქართული სამონასტრო კომპლექსია, რომელიც თბილისიდან სამხრეთ–აღმოსავლეთით 60 კილომეტრში მდებარეობს. სამონასტრო კომპლექსი 25 კილომეტრზეა გადაჭიმული და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, გარეჯის მთაზე ნახევარუდაბნოში მდებარეობს. საქართველოსა და აზერბაიჯანს 446 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ, რომლის მესამედი ჯერჯერობით არ არის დელიმიტირებული. საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა რამდენიმე დღით უდაბნოს მონასტრისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს. საგარეო საქმეთა სამინისტროების დონეზე გამართული მოლაპარაკებების შედეგად გზა გაიხსნა, თუმცა საზოგადოებაში ვნებათაღელვა არ დამცხრალა.