სპეკულაციები ზედმეტია: პრემიერი ქართველი ბიზნესმენის გარშემო ატეხილ სკანდალზე

© Government of Georgiaირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2024
გამოწერა
თბილისი, 19 მარტი — Sputnik. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუს ბიზნესმენ ვლადიმირ ევტუშენკოვთან კავშირში მყოფი ბიზნესმენ დავით ხიდაშელის საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მუშაობის გამო ატეხილ სკანდალს ზედმეტი სპეკულაციები უწოდა.
ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ხიდაშელი წლების მანძილზე თავდაცვის უწყებაში მინისტრის მრჩევლად მუშაობდა, ოპოზიციურმა ტელეკომპანია „მთავარმა არხმა" გაავრცელა. ინფორმაცია დაადასტურა უწყების პრეს-სამსახურმაც, რომლის განმარტებით, ხიდაშელს არავითარ ინფორმაციაზე, მით უმეტეს, საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ ჰქონია.
„საუბარი იყო იმაზე, რომ ეს ადამიანი დაახლოებულია ევტუშენკოვთან, რომელიც არის აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ოჯახთან დაახლოებული პირი და არა მგონია, აქ რაღაც სპეკულაციის საფუძველი იყოს. ამერიკამ იგი არ დაასანქცირა იმის გამო, რომ არის მჭიდრო კავშირში ამერიკულ პოლიტიკურ ელიტასთან, მათ შორის, ბაიდენის ოჯახთან. შესაბამისად, აქ სპეკულაციები, მე მგონი, ზედმეტია“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ხიდაშელთან იყო გარკვეული შრომითი ურთიერთობა, რომელიც 2024 წლის თებერვლიდან შეწყდა.
„როგორც ვიცი, დავით ხიდაშელთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია. უწყების მიერ გავრცელებულ ტექსტში ძალიან მკაფიოდ ეწერა, რომ არავითარ ინფორმაციაზე, მით უმეტეს, საიდუმლო ინფორმაციაზე დავით ხიდაშელს წვდომა არ ჰქონია. რაც შეეხება ჩვენს გადაწყვეტილებას, ჩვენ პასუხისმგებელი ვართ საკუთარ გადაწყვეტილებებზე", - განაცხადა პრემიერმა.
დავით ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროში მრჩევლის თანამდებობაზე 2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე პერიოდში მუშაობდა. საუბარია პერიოდზე, როცა სამინისტროს ხელმძღვანელობდა ჯერ ირაკლი ღარიბაშვილი და შემდეგ ჯუანშერ ბურჭულაძე.
ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტი 2019 წლის სექტემბერშ დაიკავა. 2021 წლის 22 თებერვლიდან კი, მას შემდეგ, რაც იგი პრემიერ-მინისტრი გახდა, თავდაცვის მინისტრის პორტფელი ჯუანშერ ბურჭულაძემ ჩაიბარა.
ვინ არის პირი, რომელმაც პროკურატურას საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის რუკა გადასცა>>>
რაც შეეხება ხიდაშელს, მასმედიის ინფორმაციით, იგი მმართველი პარტია „ქართული ოცნების" დამფუძნებელთან, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია. უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ, პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებულებით, უკრაინამ ხიდაშელი, ივანიშვილის რამდენიმე ნათესავთან და მეგობართან ერთად, სანქცირებულთა სიაში შეიყვანა.
ხიდაშელის სახელი ასევე ფიგურირებს დავით-გარეჯის რეზონანსულ საქმეში. სწორედ მან გადასცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რუკები, რის საფუძველზეც საქართველოს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის პროცესში საქართველოს ტერიტორიების უცხო სახელმწიფოსთვის უკანონო გადაცემის ფაქტზე.
საქართველოსა და აზერბაიჯანს 446 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ, რომლის მესამედი, მათ შორის დავით-გარეჯის მონაკვეთი, ჯერჯერობით არ არის დელიმიტირებული.
ყველა ახალი ამბავი
0