თემურ იოსელიანი
შარშან პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა. ერთ-ერთი ცვლილებით უქმდება 2011 წელს მიღებული ორგანული კანონი ეკონომიკური თავისუფლების შესახებ, იგივე „თავისუფლების აქტი“. თავის დროზე კონსტიტუციის 93-ე და 94-ე მუხლში გაწერილი შეზღუდვები შარშანდელი გადაწყვეტილებით 12 წელიწადში ძალას დაკარგავს.
„თავისუფლების აქტი“ და მისი მოწინააღმდეგეები
2017 წლის იანვრიდან ხელისუფლებამ გარკვეულ საქონელზე აქციზის განაკვეთები გაზარდა. გაჩნდა გადასახადების კიდევ მეტად გაზრდის საფრთხეც. მაგრამ თუ მთავრობა ახალი გადასახადების შემოღებას ან მოქმედი გადასახადის განაკვეთის გაზრდას გადაწყვეტს, „თავისუფლების აქტი“ ავალდებულებს ნებართვა ხალხისგან აიღოს რეფერენდუმის მეშვეობით. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება მხოლოდ აქციზის გადასახადზე.
„თავისუფლების აქტის“ თანახმად, არ შეიძლება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებმა მშპ-ის 30%-ს გადააჭარბოს. აგრეთვე განსაზღვრულია, რომ არ შეიძლება ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 3%-ზე მეტი იყოს და, არანაკლებ მნიშვნელოვანი: სახელმწიფო ვალი არ შეიძლება მშპ-ის 60%-ს აღემატებოდეს.
ასე რომ, უბრალო ენით თუ ვიტყვით, კანონით არ შეიძლება ბიუჯეტიდან ფულის ზედმეტი ფლანგვა; არ შეიძლება იმაზე მეტის დახარჯვა, ვიდრე შემოსავალია; ასევე შეზღუდულია მთავრობის მისწრაფება — ისესხოს ფული და ვალით დააფინანსოს სხვადასხვა პროექტები. საგარეო ვალის შეუზღუდავ ზრდას რაც მოაქვს, ვნახეთ საბერძნეთის მაგალითზე…
სტატისტიკურ მაჩვენებლებს თუ დავეყრდნობით, ქვეყნის ეკონომიკისთვის საუკეთესო პერიოდი 2004-2007 წლები იყო, როცა საშუალო ეკონომიკური ზრდა წლიური 9,4% იყო. მაქსიმუმი კი 2007 წელს – 12,6% დაფიქსირდა. რეკორდული იყო უცხოური ინვესტიციების მოცულობაც – 2007 წელს ქვეყანაში 2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შემოვიდა.
2008 წლის აგვისტოში რუსულ ინტერვენციას და მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს ქართული ეკონომიკური ზრდის შეფერხება მოჰყვა. ამიტომ ხელისუფლებამ სიტუაციის გამოსასწორებლად ახალი გეგმა შეიმუშავა. „ეკონომიკური თავისუფლების აქტს“ ინვესტორებისთვის საქართველოში შემოსვლის ინტერესი უნდა გაეჩინა. კანონის ერთ-ერთმა ავტორმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ მისი შექმნის ისტორია „თავისუფალ უნივერსიტეტში“ გამართული დისკუსიის დროს გაიხსენა:
„საქართველოს ძალიან კარგად იცნობდა საინვესტიციო სამყარო, იცნობდნენ იმ მიღწევებს, რაც ქვეყანამ 2004-2008 წლებში, პირველ რიგში, კახა ბენდუქიძის ხელმძღვანელობით და ძალისხმევით შეძლო. იმ დროისთვის უკვე არსებობდა როგორც სუვერენული ობლიგაციები, ასევე „საქართველოს ბანკი“ ივაჭრებოდა ლონდონის ბირჟაზე და ა.შ. მაგრამ თითქმის ყველა მისვამდა შეკითხვას: „კი, ფენომენალური ბიზნეს-გარემოა, საოცარი რეფორმები გაატარეთ, შეიძლება უპრეცედენტოც კი თავისი რადიკალიზმით და იმით, რომ ყველაფერი დროის მოკლე პერიოდში მოესწრო, მაგრამ ეს ხომ ასე ვერ დარჩება?“ „რატომ ვერ დარჩება?“ „იმიტომ რომ ასეთ რადიკალურ ეკონომიკურ რეჟიმს – ბიზნესის სიმარტივის, ეკონომიკური თავისუფლების, ძალიან დაბალი გადასახადების მხრივ დიდხანს არსად გაუძლია და თქვენთანაც ასე ვერ გაგრძელდება. ადრე თუ გვიან წააგებთ არჩევნებს, შეიცვლება პოლიტიკური წყობილება და ქვეყანა უფრო „მემარცხენე“ ვექტორზე გადავა. დღევანდელი მიღწევები, რითიც თქვენ ასე ამაყობთ და ჩვენც ასე მოგვწონს, ნელ-ნელა მათი დემონტაჟი მოხდება“. აი, ეს იყო დისკურსი“.
სწორედ მაშინ გადაწყდა, რომ ქვეყანაში არსებული ძირითადი ეკონომიკური პარამეტრები საკონსტიტუციო დონეზე ჩაეწერათ და ასე მიეცათ ინვესტორებისთვის ერთგვარი გარანტია, რომ ქვეყანაში ლიბერალური ბიზნეს-გარემო ხელისუფლების შეცვლის პირობებშიც შენარჩუნდებოდა.
„ამის შემდეგ კახა ბენდუქიძემ, ვატო ლეჟავამ და მე ერთობლივად დავწერეთ „თავისუფლების აქტის“ ჩონჩხი, ძირითადი პოსტულატები. შეიძლება გენეზისი წამოვიდა უცხოელ ინვესტორებთან ჩემი კონტაქტით და მათ წუხილზე გარკვეული ინსტიტუციური ფორმით პასუხის გაცემის მცდელობისგან, მაგრამ საბოლოო ჯამში მივიღეთ საკონსტიტუციო კანონი, რომელიც იცავს თქვენს და ჩვენს ფუნდამენტურ უფლებებს ეკონომიკური თავისუფლების ჭრილში“, – განაცხადა გურგენიძემ.
თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორი ვატო ლეჟავა, თავის მხრივ, ამბობს, რომ „თავისუფლების აქტის“ მსგავსი შეზღუდვები სხვა ქვეყნებშიც გვხვდება:
„ამერიკაში არის ზოგიერთი შტატი, რომელშიც გადასახადის გაზრდა ასევე რეფერენდუმს ითვალისწინებს. ასევეა შვეიცარიაში. გერმანიის კონსტიტუციაში არსებობს სხვადასხვა შეზღუდვები მაკროეკონომიკური თვალსაზრისით ბიუჯეტის დეფიციტთან მიმართებაში, მაგრამ ასეთი სრულყოფილი სახით, როგორც ჩვენთანაა, სხვაგან არ მეგულება“, – აცხადებს ლეჟავა.
კომპრომისები კანონში
თავდაპირველი იდეის მიხედვით, „თავისუფლების აქტს“ უნდა შეეზღუდა როგორც არსებული გადასახადების განაკვეთების მომატება, ასევე ახალი გადასახადების შემოღება. უნდა აკრძალულიყო ახალი მარეგულირებელი სამსახურების და ლიცენზია–ნებართვების შემოღება. ეს ლოგიკურიც იყო – საქართველომ საგადასახადო რეფორმის პირველივე ტალღის დროს არსებული 21 გადასახადიდან მხოლოდ 6 დატოვა. მნიშვნელოვნად შეამცირა საგადასახადო განაკვეთები. გააუქმა უამრავი ლიცენზია-ნებართვები და ქვეყანამ შედეგები მალევე მიიღო – ეკონომიკა გაჯანსაღების გზას დაადგა და სწრაფი ზრდა დაიწყო.
თუმცა, საბოლოოდ მიღებულ კანონში რამდენიმე შეღავათი მაინც იქნა გათვალისწინებული. ის ახალი მარეგულირებლების შექმნას აღარ კრძალავს. ამას გარდა, შესაძლებელია აქციზის ზრდაც. რამდენიმე წლის წინ კახა ბენდუქიძემ განაცხადა, რომ, კომპრომისების მიუხედავად, „თავისუფლების აქტის“ მიღებით მაინც კარგი საქმე გაკეთდა.
„მაშინდელმა ფინანსთა სამინისტრომ „იბრძოლა“ და აქციზის გადასახადის ხელშეუხებლობასაც მიაღწია. კანონში წერია კიდეც, რომ „შეზღუდვები არ ვრცელდება აქციზის გადასახადზე“, – ამბობდა ბენდუქიძე.
თავდაპირველი ვარიანტი რომ დაემტკიცებინათ, მაგალითად, 2017 წლის პირველი იანვრიდან აქციზის განაკვეთი ვერ გაიზარდებოდა საწვავზე, ავტომობილებზე, საპოხ-საცხებ მასალებზე და ა.შ.
„გაკეთილშობილებული“ შეზღუდვა
წინა ხელისუფლების ოპონენტები გაუმართლებლად მიიჩნევენ გადასახადების გაზრდაზე დაწესებულ შეზღუდვას. მათგან ერთ-ერთია საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის ლიდერი გია ჟორჟოლიანი.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ჩანაწერი არ უნდა არსებობდეს და მთავრობა, პარლამენტი არ უნდა იყოს შეზღუდული ფისკალური პოლიტიკის გატარებაში, არ უნდა იყოს შეზღუდული სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრაში, იმ მიმართულებით აქცენტების გადატანაში, რომელიც ქვეყნის ინტერესებს შეესაბამება და განვითარებაში მთავარი როლი უნდა შეასრულოს სახელმწიფომ“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა 2017 წლის თებერვალში.
თემას გამოეხმაურა დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარიც, რომელმაც კონსტიტუციაში 94-ე მუხლი ზედმეტად მიიჩნია.
„მე, ზოგადად, ვთვლი, რომ ასეთი ჩანაწერის ადგილი კონსტიტუციაში არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ასეთი ჩანაწერი არსად არ არის“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მთავრობის ადმინისტრაციამ კი შარშან ასეთი განცხადება გაავრცელა:
„გვსურს გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს კონსტიტუციაში, გადასახადებთან დაკავშირებით, რაიმე სახის ცვლილების ინიცირება იგეგმება. საქართველოს მთავრობა არ აპირებს არანაირი ცვლილებების ინიცირებას საქართველოს კონსტიტუციაში, რომელიც უკავშირდება ახალი სახის საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის შემოღებას, ან, არსებული გადასახადის განაკვეთის ზრდისთვის, რეფერენდუმის გაუქმებას.
საქართველოს მთავრობის პოზიციაა, რომ კონსტიტუციით მოქმედი აღნიშნული ნორმები სრულ თანხვედრაშია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიასთან და მის შეცვლას სახელისუფლებო გუნდი არ განიხილავს. ერთადერთი ცვლილება, შესაძლოა, შეეხოს ჩანაწერს საპენსიო შენატანებთან დაკავშირებით, რათა ის არ ჩაითვალოს ახალ გადასახადად“, – წერია განცხადებაში.
უკვე შემოდგომაზე კი, მთავრობის ინიციატივით, მმართველმა უმრავლესობამ „თავისუფლების აქტის“ მოქმედების ვადა 12 წლით განსაზღვრა. 13 ოქტომბერს დამტკიცებულ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ვკითხულობთ:
თავი მეთერთმეტე. გარდამავალი დებულებები.
6. ამ კანონის ამოქმედებიდან 12 წლის განმავლობაში საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღება, გარდა აქციზისა, ან საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის სახის მიხედვით არსებული განაკვეთის ზედა ზღვრის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით, გარდა ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. რეფერენდუმის დანიშვნის ინიციირების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს მთავრობას. საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღებად ან ზღვრული განაკვეთის გაზრდად არ ჩაითვლება გადასახადის შემოღება ან ცვლილება, რომელიც არსებული გადასახადის ალტერნატივაა ან ანაცვლებს მას და ამავე დროს არ ზრდის საგადასახადო ტვირთს. საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღებად ან ზღვრული განაკვეთის გაზრდად არ ჩაითვლება აგრეთვე გადასახადის სახის მიხედვით არსებული ზღვრული განაკვეთის ფარგლებში გადასახადის განაკვეთის ცვლილება. საპენსიო და სადაზღვევო შენატანები რეგულირდება კანონით და ისინი არ წარმოადგენს გადასახადებსა და მოსაკრებლებს.
ასე რომ, ამ ეტაპზე მთავრობა დაგროვებითი პენსიის პროექტის დამტკიცებას აპირებს, რომლის მიხედვითაც დამქირავებელს და დაქირავებულს სახელმწიფო ავალდებულებს ხელფასის 2-2% საპენსიო ფონდში გადაიხადონ. ხელისუფლების ოპონენტები ჯერ კიდევ მოქმედ „თავისუფლების აქტზე“ ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ სავალდებულო დაგროვებითი პენსიის შემოღება კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ განმარტავს, რომ კანონპროექტის მიხედვით დადგენილი საპენსიო შენატანი სავალდებულო გადასახდელი ხდება, რაც ფაქტობრივად გადასახადს ნიშნავს.
„საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, ის გაიგივებული უნდა იქნეს გადასახადისა და მოსაკრებლის სამართლებრივ ბუნებასთან და უნდა მოექცეს საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის რეგულირების სფეროში. შესაბამისად, რამდენადაც სავალდებულო საპენსიო შენატანი ამ დრომდე არ ყოფილა გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით, გამოდის, რომ ხდება გადასახადის ახალი სახის შემოღება, რაც მხოლოდ რეფერენდუმის გზითაა შესაძლებელი“, – წერია ახალგაზრდა იურისტთა განცხადებაში.
სწორედ ამიტომ არ მოსდიოდა თვალში ხელისუფლებას „თავისუფლების აქტი“ და ნელ-ნელა მის დემონტაჟს შეუდგა. ამიტომ ჩაწერა კონსტიტუციაშიც – საპენსიო შენატანი გადასახადი არ არისო, მაგრამ რეალობა სხვაა. ასევე გვესმოდა ხელისუფლებიდან უკმაყოფილება, არ შეიძლება სახელმწიფოს სესხის აღებაზე შეზღუდვა ჰქონდეს დაწესებულიო. ცნობილია სახელმწიფო ვალის ზრდის ტენდენციაც, რომელიც, მართალია, „თავისუფლების აქტით“ დადგენილ ზღვარს ჯერ არ ასცდენია, მაგრამ მომავალი წინაა…
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!