თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. ნავთობპროდუქტებზე აქციზური გადასახადის გაზრდა ქვეყანაში ფასების მატებას გამოიწვევს, აცხადებს ექსპერტი ლია ელიავა.
ხელისუფლება 2017 წლის 1 იანვრიდან რიგ პროდუქტებზე, მათ შორის, თამბაქოსა და ნავთობპროდუქტებზე აქციზის გაზრდას გეგმავს.
„ბენზინზე აქციზის გაზრდა, სამწუხაროდ, პირდაპირ დაარტყამს მოსახლეობის ჯობეს, იმიტომ რომ გამოიწვევს ფასების დამანგრეველ ზრდას“, — განაცხადა „Sputnik საქართველოსთან“ საუბრისას ელიავამ.
მისი სიტყვებით, ხელისუფლება ამ ფორმით ცდილობს სახელმწიფო ბიუჯეტში დიდი ხვრელის ამოვსებას, რომელიც მას შემდეგ გაჩნდება, რაც 2017 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევა საგადასახადო რეფორმა, რომელიც რეინვესტირების შემთხვევაში ითვალისწინებს საწარმოების გათავისუფლებას საშემოსავლო გადასახადისგან.
„სამწუხაროდ, ხელისუფლებამ გადაწყვიტა ამ მეთოდით ამოავსოს საშემოსავლო ხვრელი, უფრო სწორად მოსახლეობის ჯიბიდან ამოიღოს დამატებითი სარგებელი. გამოდის, რომ ჩვენ საშემოსავლო გადასახადი უკვე 20% გვექნება, ხოლო 22 ან 25% ფაქტობრივი თანხით, რომელსაც არაპირდაპირი საგადასახადოს სახით, თამბაქოს ნაწარმის, ბენზინისა და სხვა პროდუქტების შეძენისას გადავიხდით“, — განაცხადა ელიავამ.
ეს ხელისუფლების მხრიდან არასწორი მიდგომაა, არასწორია საწარმო მოგების გადასახადისგან გათავისუფლება, განსაკუთრებით მსხვილი საწარმოების და დამატებით დაადო ბაჟი ისედაც გაჭირვებულ მოსახლეობას, აღნიშნა ექსპერტმა.
ნავთობპროდუქტებზე აქციზის გაზრდა ახალი წლიდან გამოიწვევს საწვავზე ფასების ზრდას საშუალოდ 20-25 თეთრით ერთ ლიტრზე, თვლის საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი.
საქართველოში ბოლოს საწვავზე ფასმა ერთი თვის წინ მოიმატა — 10 თეთრით, რაც მსოფლიო ბაზარზე საწვავზი ფასების ზრდამ გამოიწვია.
დღეისათვის ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე 1 ლიტრი საწვავის საშუალო ფასები ასეთია: ბენზინი „სუპერი“ — 1,89-2,06 ლარი; „პრემიუმი“ — 1,79-1,89 ლარი; „რეგულარი“ — 1,59-1,69 ლარი; დიზელი ლ-62 — 1,62-1,69 ლარი; „ევრო“ დიზელი — 1,64-1,85 ლარი. მიმდინარე კურსი:1 აშშ დოლარი — 2,5 ლარი.