საქართველოს საგარეო ვალი – რამდენად საგანგაშოა ეს ტვირთი

© photo: Sputnik / Vladimir Trefilov / გადასვლა მედიაბანკშიმონეტები
მონეტები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სრულიად სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლებისგან ხშირად გვესმის, რომ საქართველოს საგარეო ვალი კატასტროფულად იზრდება. შევეცადოთ გავაანალიზოთ საქართველოს საგარეო ვალის სტრუქტურა და ვნახოთ, არის თუ არა ნასესხები თანხის მოცულობა მართლაც საგანგაშო, აგრეთვე როგორია სხვა ქვეყნების ანალოგიური მაჩვენებლები.

როდესაც ქვეყანას რაიმესთვის საკუთარი ფული არ ჰყოფნის, სესხს იღებს. ასეთ სესხს სახელმწიფო ვალი ჰქვია, რომელიც თავის მხრივ ორი ნაწილისგან შედგება: 1. საგარეო ვალი და 2. საშინაო ვალი. მთლიანი საგარეო ვალი მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი) და კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალს; საშინაო ვალი სახაზინო და სხვა სახელმწიფო ფასიან ქაღალდებს აერთიანებს.

საგარეო ვალიდან ის სესხი, რაც კერძო სექტორმა ისესხა და კავშირში არ არის სახელმწიფო ბიუჯეტთან, ნაკლები პრობლემაა სახელმწიფოსთვის. ქვეყნის ცალკეული მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მიერ ნასესხები თანხა, რადგან ასეთი ვალი სახელმწიფო ბიუჯეტმა უნდა ჩაასესხოს და შესაბამისად, ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ეხება.

თბილისი - Sputnik საქართველო
სუსტი ეკონომიკა და გაზრდილი ვალები. ანუ ღარიბი ქვეყნის ხვედრი!..

რამდენად სარისკო მოცულობის ვალი აქვს ქვეყანას აღებული, ამის შესაფასებლად სხვადასხვა ინდიკატორებს აკვირდებიან. მნიშვნელოვანია ვალის პროცენტული თანაფარდობა, ერთი მხრივ, ბიუჯეტის შემოსავლებთან, მეორე მხრივ – ექსპორტთან; მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ). ყველა ეს კრიტერიუმი ქვეყნის ფისკალურ მდგომარეობას გვიჩვენებს, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ ინდიკატორებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ვალის ნომინალურ მშპ-სთან თანაფარდობის მაჩვენებელია. ასე რომ, მხოლოდ ვალის მოცულობით იმის განსაზღვრა, რამდენად სახიფათო ტვირთი ადევს ქვეყანას — არასწორია. მთავარია – ქვეყანას როგორი ეკონომიკა და სესხის დაფარვის უნარი აქვს.

ზოგადად, სახელმწიფოს ან კერძო სექტორის მიერ საგარეო ვალის აღებას მრავალი მიზეზი აქვს. შესაძლოა ფულის სესხება გაჭირვებით სულაც არ იყოს გამოწვეული. მაგალითად, კერძო სექტორის წარმომადგენლებს საკუთარი ბიზნესის გაფართოება სურდეთ, ასევე, სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და ა.შ. ამიტომ, საგარეო ვალი სწორედაც რომ ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს აქვთ ყველაზე მაღალი.

საქართველოს საგარეო ვალი - Sputnik საქართველო
საქართველოს საგარეო ვალი

აშშ-ში გამომავალმა ფინანსურმა გამოცემა Global Finance-მა 2017 ნოემბრის ბოლოს გამოაქვეყნა ინფორმაცია ყველაზე მსხვილი საგარეო ვალის მქონე ქვეყნების შესახებ. გამოცემის მიხედვით, ჩამონათვალში ლიდერის პოზიციაზე ამერიკის შეერთებული შტატებია, რომლის საგარეო ვალიც 18 ტრილიონ დოლარზე მეტია. ყველაზე დიდი ვალის მქონე 15 ქვეყნის მონაცემები ასე გამოიყურება:

© Sputnik / Maria Tsimintiaსაგარეო ვალის მოცულობა 2016 წლის ბოლოს (მლნ აშშ დოლარი)
საგარეო ვალის მოცულობა 2016 წლის ბოლოს (მლნ აშშ დოლარი) - Sputnik საქართველო
საგარეო ვალის მოცულობა 2016 წლის ბოლოს (მლნ აშშ დოლარი)

Global Finance-ს ამ ჩამონათვალში საქართველოს საგარეო ვალი 15,496 მილიარდი დოლარით არის განსაზღვრული. თუმცა, ეროვნული ბანკის საიტზე იგივე ინფორმაცია დაზუსტებული მაჩვენებლით 15,679 მილიარდ დოლარს შეადგენს.

საინტერესოა, ზოგადად როგორ იცვლებოდა საქართველოს საგარეო ვალის მდგომარეობა და რა პერიოდში აიღო ყველაზე მასშტაბური სესხი უცხოელი დონორებისგან. საგარეო ვალის შესახებ ინფორმაცია ეროვნული ბანკის საიტზე 1999 წლიდან იწყება. დამოუკიდებლობის აღდგენიდან 8 წლის თავზე საქართველოს 2,2 მილიარდი დოლარი საგარეო ვალი ჰქონია. მას შემდეგ ორ შემთხვევას თუ არ ჩავთვლით, როცა მომდევნო წელს წინასთან შედარებით საგარეო ვალი უმნიშვნელოდ შემცირდა, ვალის მოცულობა მუდამ იზრდება, ზოგჯერ საკმაოდაც.

© Sputnik / Maria Tsimintiaთანხა (ათასი აშშ დოლარი)
თანხა (ათასი აშშ დოლარი) - Sputnik საქართველო
თანხა (ათასი აშშ დოლარი)

საქართველოს საგარეო ვალის ზრდის სტატისტიკიდან ჩანს, რომ 2004 წლიდან მოყოლებული ვალი საკმაოდ სწრაფი ტემპით იზრდებოდა, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ვალის მოცულობა, ცალკე აღებული, ბევრს არაფერს ნიშნავს. მთავარია, მთლიანი საგარეო ვალიდან რამდენი მოდის სახელმწიფო ვალის წილად და ამ ვალს რა თანაფარდობა აქვს ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებთან, განსაკუთრებით, მშპ-სთან.

საყურადღებოა, რომ ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი, 2017 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით, 5,063,241,000 დოლარს შეადგენდა, რაც იმ მომენტში არსებული კურსის მიხედვით 13,784,673,000 ლარს უდრიდა. აქედან მთავრობის საგარეო ვალი 5,020,778,000 დოლარია (13,669,069,000 ლარი),  ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 42,463,000 დოლარს (115,604,000 ლარი) შეადგენს.

© Sputnik / Maria Tsimintiaსახელმწიფო ვალის ინდიკატორი
სახელმწიფო ვალის ინდიკატორი - Sputnik საქართველო
სახელმწიფო ვალის ინდიკატორი

ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, საგარეო ვალის მაჩვენებელი საგანგაშო სურათს ჯერ არ იძლევა. მთლიანმა სახელმწიფო ვალმა და მისმა შემადგენელმა სახელმწიფო საგარეო ვალმა 2003 წლიდან 2007 წლამდე თანხობრივად კი მოიმატა, მაგრამ, როგორც გრაფიკიდან ჩანს, სესხის და მშპ-ის თანაფარდობა ქვეყნის ეკონომიკის სასარგებლოდ იცვლებოდა. ანუ, რეალურად ვალის მაჩვენებელი შემცირებისკენ მიდიოდა, რადგანაც თუ 2003 წელს მთლიანი სახელმწიფო ვალი ნომინალური მშპ-ის 63%-ს შეადგენდა, 2007 წელს 25.5%-მდე შემცირდა. მსგავსი პროპორციით მცირდებოდა სახელმწიფო საგარეო ვალიც: მაჩვენებელი 2003 წელს 44.9% იყო, ხოლო 2007 წელს – 16.8%. გრაფიკზე კარგად ჩანს, რომ 2007 წლის შემდეგ სახელმწიფო ვალის ზრდამ მშპ-ის ზრდას გადააჭარბა. ამის მიზეზი თავდაპირველად 500-მილიონიანი ევროობლიგაციების გამოშვება გახდა, რომლის მიზანშეწონილობაზეც იმ პერიოდში საკმაო დისკუსია და კამათი იყო — თუ რამდენად სჭირდებოდა ქვეყანას ახალი 500 მილიონი დოლარის სესხი, როდესაც ბოლო წლებში მუდმივად სახელმწიფო ვალის შემცირების გზას ადგა. დისკუსია დისკუსიად დარჩა, ქვეყანამ კი 500 მილიონი დოლარის სესხი მაინც აიღო. თუმცა, ნახევარმილიარდიან სესხს ქვეყანა იოლად გაუმკლავდებოდა, რომ არა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომი და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი. აგვისტოს ომამდე საქართველოს ეკონომიკა რეკორდული ტემპით გაიზარდა – 2007 წელს მშპ-ის ზრდამ 12,3% შეადგინა. ზრდის ტემპი 2008 წლის პირველ ორ კვარტალშიც ასევე საკმაოდ მაღალი იყო და დაახლოებით 9%-ს შეადგენდა, მაგრამ მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა თითქმის ყველა ქვეყნის ეკონომიკის ზრდა შეანელა, ხოლო აგვისტოში უკვე რუსეთ-საქართველოს ომმა საქართველოში მშპ-ის ზრდის ტემპი უარყოფითი გახადა. სწორედ ამიტომ სახელმწიფო სესხმა მატება უფრო მეტად დაიწყო, ვიდრე ქვეყანაში ეკონომიკა იზრდებოდა.

საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი - Sputnik საქართველო
საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი

2010 წლიდან ქვეყნის ფისკალური მდგომარეობა კვლავ გაჯანსაღების გზას დაადგა და 2013 წლამდე მშპ-სთან მიმართებაში მცირდებოდა როგორც მთლიანი სახელმწიფო ვალი, აგრეთვე სახელმწიფო საგარეო ვალიც. შესაბამისად, მთლიანი სახელმწიფო ვალის თანაფარდობა მშპ-სთან 34,7%-მდე, ხოლო სახელმწიფო საგარეო ვალი 27,2%-მდე შემცირდა. საყურადღებოა, რომ სახელმწიფო საგარეო ვალმა შემცირება 2014 წელსაც განაგრძო და მშპ-სთან მიმართებაში 26,8%-მდე დაიკლო. მაგრამ იმავე წელს მთლიანი სახელმწიფო ვალი გაიზარდა და მშპ-სთან მიმართებაში 35,6% შეადგინა. ეს მაჩვენებელი ნიშნავს, რომ მთავრობამ უცხოეთში ვალის აღებას შიდა ვალის აღება არჩია.

2014 წლის შემდეგ კი უკვე საგარეო სახელმწიფო ვალიც იზრდება და მთლიანი სახელმწიფო ვალიც. ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დაზუსტებული მონაცემებით, 2016 წლის ბოლოს მთლიანი სახელმწიფო ვალი მშპ-სთან მიმართებაში 44.6%-ს გაუტოლდა, ხოლო სახელმწიფო საგარეო ვალი 35,2%-ია.

სტატიის დასაწყისში დასმულ შეკითხვას რომ დავუბრუნდეთ — არის კი საქართველოსთვის დღევანდელი საგარეო ვალი საგანგაშო მოცულობის? შეგვიძლია პასუხიც გავიმეოროთ — თუ ქვეყნის ეკონომიკა განვითარების იმ გზას დაუბრუნდება, ან სულაც ახალ გზას მონახავს, როდესაც მშპ-ის ზრდის ტემპი ორნიშნა რიცხვს მიაღწევს, იოლი შესაძლებელი იქნება სესხის თანაფარდობა ეკონომიკურ ინდიკატორებთან მიმართებაში სულ უფრო შემცირდეს და თითოეული მოქალაქე უფრო მდიდარი გახდეს, ვიდრე დღესაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, როდესაც ნასესხები თანხა ეკონომიკის გაჯანსაღებას არ ხმარდება, ცხადია, არათუ მილიარდების, 1 დოლარის სესხებაც კი გაუმართლებელია.

ბოლოს, შესადარებლად, თვალი გადავავლოთ დიდი საგარეო ვალის მქონე ქვეყნების სახელმწიფო ვალის მშპ-სთან თანაფარდობას, სადაც დავინახავთ, რომ საქართველოს ეს მაჩვენებელი ბევრ ქვეყანაზე უკეთესი აქვს. აი, რაც შეეხება ცალკე აღებული თითოეული მოქალაქის სიმდიდრეს, ამ მაჩვენებელში სატრაბახო ნამდვილად ბევრი არაფერი გვაქვს.

ცხრილი 2017 წელს 15 ყველაზე მაღალი სახელმწიფო ვალის მქონე ქვეყნები მშპ-სთან თანაფარდობის მიხედვით (წყარო – Statista.com):

© Sputnik / Maria Tsimintiaსახელმწიფო ვალის თანაფარდობა მშპ-სთან
სახელმწიფო ვალის თანაფარდობა მშპ-სთან - Sputnik საქართველო
სახელმწიფო ვალის თანაფარდობა მშპ-სთან

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს სახელმწიფო ვალის თანაფარდობა მშპ-სთან მიმართებაში 44.6%-ია. თუ რეგიონის ქვეყნებს შევადარებთ, აზერბაიჯანის ანალოგიური მაჩვენებელი 41.1%-ია, სომხეთის – 58.3%, ხოლო რუსეთის სახელმწიფო ვალის მშპ-სთან თანაფარდობა საკმაოდ დაბალია და 17.7%-ს შეადგენს. მაგრამ ძალიანაც „ბედნიერად“ რომ არ ვიგრძნოთ თავი, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის განაწილების რამდენიმე მონაცემსაც გავეცნოთ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, ვალებით ყველაზე „დამძიმებულ“ იაპონიაში 1 სულ მოსახლეზე ნომინალური მშპ, რაც ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის და მომსახურების ერთობლივ ღირებულებას შეადგენს, 2016 წელს 38 917 დოლარს შეადგენდა, როცა საქართველოში მხოლოდ 3 770 დოლარია. სინგაპურში კი, რომელიც სახელმწიფო ვალის მშპ-სთან მიმართებაში მსოფლიოში მე-11 ადგილს იკავებს, ნომინალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2016 წელს 52 961 დოლარის ტოლი იყო. ცხადია, მაღალი სახელმწიფო ვალის მქონე ისეთი ქვეყნებიც მოიძებნება, რომლებსაც საქართველოზე ნაკლები შემოსავალი აქვს. მაგალითად, კაბო ვერდეში ნომინალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2016 წელს 3 078 დოლარი იყო. ერიტრეაში კი სულაც 823 დოლარი. რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს: აზერბაიჯანში ეს მაჩვენებელი 3 956 დოლარი, ხოლო სომხეთში 3 511 დოლარია. სახელმწიფო ვალის მხრივ საკმაოდ დაბალი მაჩვენებლის მქონე რუსეთში კი, 2016 წლის მონაცემებით, ერთ სულ მოსახლეზე ნომინალური მშპ 8 929 დოლარს შეადგენდა.

ასე რომ, კიდევ ერთხელ თუ გავიმეორებთ, საქართველოსთვის მოცემულ მომენტში არც საგარეო ვალია საგანგაშო მაჩვენებელზე და არც სახელმწიფო ვალი, მთავარ პრობლემად ქვეყნის სიღარიბე რჩება, რომლის გამოსწორების გზა სახელმწიფო ვალის აღება-გასტუმრებაზე მეტად ქვეყნის ეკონომიკის სწორი გზით ამოძრავებაზეა დამოკიდებული.

 

თემურ იოსელიანი

ყველა ახალი ამბავი
0