ჩვენი ქვეყნის საგარეო ვალი ყოველწლიურად იზრდება და, ისეთი პირი უჩანს, რომ გამონაკლისი არც მომავალი წელი იქნება… ამგვარი „ოპტიმიზმის“ საფუძველს იძლევა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი, რომლის განხილვაც პარლამენტში უკვე დაიწყებულია და წლის ბოლომდე დასრულდება. საკამათო არ არის, რომ მმართველი პარტიის საპარლამენტო წარმომადგენლობას ბიუჯეტის დამტკიცებაში ხელს ვერავინ შეუშლის, მთავარია „ოცნების“ ხელისუფლების წევრები თავად ჩამოყალიბდნენ ძირითად პარამეტრებზე. საფინანსო დოკუმენტის პროექტით, 2018 წლის ბოლოსთვის საქართველოს სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა არაუმეტეს 18,123 მილიარდი ლარის ოდენობით განისაზღვრა. ცნობილია თანაფარდობაც: 14,195 მილიარდი ლარით საგარეო, ხოლო 3,927 მილიარდი ლარით საშინაო ვალია განსაზღვრული… ზედმეტი ციფრებით მკითხველს აღარ გადავღლი, მხოლოდ ერთს დავძენ: სახელმწიფო ვალის მოცულობა მომავალ წელს, მიმდინარე წელთან შედარებით, 1,807 მილიარდი ლარით იზრდება!..
როდის შეძლებს ქართული სახელმწიფო ამ ვალდებულებების გასტუმრებას, დააწვება თუ არა ტვირთად აღებული ვალი მომავალ თაობებს? ექსპერტ-ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ვალი თავისთავად პრობლემა არ არის, როცა ქვეყნის ეკონომიკა შესაბამისად ვითარდება…
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი: „ქვეყნის კეთილდღეობა იმით კი არ განისაზღვრება, თუ რამდენი ვალი აქვს მას, არამედ იმით, თუ მისი ეკონომიკა რამდენად ქმედითუნარიანია. სწორედ აქ ჩნდება მთავარი ეჭვები, რადგან ეკონომიკური ზრდის ტენდენცია ვალების ზრდის პროცესს საგრძნობლად ჩამორჩება. შედეგად კი იბერება საკმაოდ სახიფათო ბუშტი, რომელიც შეიძლება რაღაც ეტაპზე გასკდეს და საქართველოს ძალიან ცუდად შემოუბრუნდეს. პრობლემა არის არა ვალები, არამედ ეკონომიკის ზრდის არასაკმარისი ტემპი. თუ მაქვს კრედიტის გადახდის უნარი, რატომ არ უნდა ავიღო ის? მაგრამ თუ მისი გასტუმრების თავი არა მაქვს, ჯობს დროულად შევჩერდე. ჩვენი მთავრობები ისე იქცევიან, როგორც უპასუხისმგებლო იპოთეკარები, რომლებიც ყოველგვარი წინასწარი გათვლის გარეშე იღებენ კრედიტებს, მერე ვერ იხდიან და გაკოტრების რეჟიმში გადადიან. ვიდრე სახელმწიფო კრედიტს აიღებს, მოსალოდნელი რისკების შეფასება აუცილებელია, თუმცა ჩვენ ქვეყანაში ეს არ ხდება…“
პატივცემული ექსპერტი ყურადღებას ეკონომიკური ზრდის ტენდენციაზე ამახვილებს. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მონაცემებით, 2017 წლის ცხრა თვეში სახელმწიფოს ეკონომიკა 4,7 პროცენტით გაიზარდა. ეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი მომავალ წელს ამ მაჩვენებლის კიდევ 4,5 პროცენტით ზრდას პროგნოზირებს. თუმცა ეს საკმარისი არ არის. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, საქართველოს ეკონომიკა იმ ტემპით ვერ იზრდება, რომ ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს მოერიოს, ამჟამად ქვეყნის კრედიტუნარიანობაც არ არის არა თუ დამატებითი, არამედ უკვე არსებული ვალდებულებების შესატყვისი. გარდა ამისა, ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ კრედიტების მიზნობრიობის საკითხზეც…
ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე: „კრედიტების ძირითადი ნაწილი იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებში იხარჯება, რითიც ეკონომიკური აქტივობის იმიტაცია იქმნება. ასე იკვრება მანკიერი, მოჯადოებული წრე. ცუდია, რომ სახელმწიფოში თითოეული თეთრი ეკონომიკურ წინსვლასა და განვითარებაზე არ იხარჯება. ეკონომიკური წინსვლა კი ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარების გარეშე წარმოუდგენელია. ეს მე და ჩემ კოლეგებს არაერთხელ გვითქვამს. ხელისუფლება ითვისებს ყველაფერს, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციები სთავაზობენ და ნაკლებად ფიქრობს, რამდენად გადახდისუნარიანი იქნება ეკონომიკა, როცა აღებული სესხების გასტუმრების დრო დადგება…“
ექსპერტ-ანალიტიკოსები საგარეო ვალების გამო წინა ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ, თუმცა ამჟამინდელი მმართველი პარტიის „სასახელოდ“ უნდა ითქვას, რომ მათ წინამორბედების ტემპი არა თუ შეინარჩუნეს, არამედ განავითარეს კიდეც… სამართლიანობა მოითხოვს და უნდა ითქვას, რომ, სპეციალისტთა ნაწილის შეფასებით, პრობლემა არ არის, როცა საკრედიტო რესურსით ქვეყანაში სწორედ ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელება. ეს ხელს უწყობს ინვესტიციების მოზიდვას. სპეციალისტების განმარტებით, საგარეო ვალი მიზნობრივია, ის კონკრეტული პროექტების განხორციელებას უნდა მოხმარდეს. ეს შეიძლება იყოს რკინიგზის, პორტის, გზების მშენებლობის პროექტი… ერთი სიტყვით, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისთვის, რაც ქვეყანას წაადგება, სესხის აღება ღირს, მაგრამ ქვეყანამ ისეთი ვალი არ უნდა აიღოს, რომელიც ვიღაცის კერძო ინტერესებს ემსახურება. ექსპერტთა კიდევ ერთი ნაწილი მთავარ პრობლემად მთავრობის არასწორ ფისკალურ პოლიტიკას მიიჩნევს…
ანალიტიკოსი ვაჟა კაპანაძე: „ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯების დასაფინანსებლად საგარეო ვალის აღება გონივრული საქციელი არ არის. მთავარია, რა პირობით იღებს ვალს და რამდენია მისი საპროცენტო განაკვეთი. მთავრობა ამ ვალს საერთაშორისო ინსტუტუტებიდან იღებს, რომელთა კრედიტები ძალიან დაბალპროცენტიანია. თუმცა მთავარი ისაა, რომ სახელმწიფოს ფისკალური პოლიტიკა კრიტიკას ვერ უძლებს. ამის დასტურად ერთ მაგალითს დავასახელებ: რამდენიმე თვის წინ რეზერვები კომერციულ ბანკებში განათავსეს და მერე ისევ აიღეს ამ ბანკებიდან სახაზინო ვალდებულებების სახით. ამას რომელი ჭკუათმყოფელი იზამდა?! სახელმწიფო ვალს იმისთვის თუ აიღებს, რომ პენსიები დაარიგოს, ეს გამართლებული ნაბიჯი არ არის, ვალმა ისეთი შემოსავალი უნდა მოგიტანოს, რომელიც ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს. ამიტომაც ვამბობ, რომ ქვეყნის ფინანსური პოლიტიკაა სწორად დასაგეგმი. როგორ შეიძლება ფინანსთა სამინისტროს ფული ჰქონდეს და გონივრულად ვერ დახარჯოს?! ცალკე საკითხია, იყენებენ თუ არა მიზნობრივად და ეფექტიანად ამ თანხებს…“
ექსპერტთა ერთი ნაწილი გვამშვიდებს, მათი შეფასებით, ჩვენი ვალის მოცულობა, საერთაშორისო გამოცდილების ფონზე, საგანგაშო არ არის. ირკვევა, რომ საბერძნეთის, დიდი ბრიტანეთის და იაპონიის საგარეო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 200 პროცენტს აღემატება. საქართველოს საგარეო ვალი კი დაახლოებით მშპ-ის 45 პროცენტია. თუმცა პატივცემული ექსპერტები იმასაც აღნიშნავენ, რომ საქართველოს ეკონომიკა ამ ძლიერ ქვეყნებთან შედარებით სუსტია. ამდენად ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალი უფრო დამაფიქრებელია, ის შიდა ვალს და საბანკო სექტორის ვალსაც მოიცავს. რამე გაუთვალისწინებელი რომ მოხდეს და კერძო სექტორმა ვალდებულებები ვერ გაისტუმროს, სახელმწიფო დაზარალდება. თუმცა სპეციალისტები გვაიმედებენ, რომ ეს არ მოხდება, და მადლობა მათ ოპტიმიზმისთვის…