პანიკის გარეშე! გაგებით მოეკიდეთ! თქვენ კიდევ უფრო გაღარიბდით!..

გამოწერა
ეროვნული ვალუტის თავბრუდამხვევმა და უმიზეზო გაუფასურებამ ფასების ზრდა გარდაუვალი გახადა. უახლოეს დღეებში ყველა პროდუქტზე ფასები მინიმუმ ხუთი პროცენტით მოიმატებს!.. თუ ლარმა 2.65-იან ნიშნულს გადააბიჯა, გაძვირება კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება!

მოულოდნელი და გამორჩეული არაფერი ხდება, ქვეყნის საფინანსო ბაზარზე პროცესები სწორედ ისე ვითარდება, როგორც ეს წარმომედგინა და ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ვწერდი! ლარი დაღმართს მიუყვება და განმკითხავიც არავინ არის… ეროვნული ბანკი საგანმანათლებლო-შემეცნებითი განცხადებებით იფარგლება და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს. ორიოდე დღის წინ მოგახსენეთ, რომ თუ ეროვნული ვალუტა ზნეს არ შეიცვლიდა, უახლოეს პერიოდში პირველადი მოხმარების საგნებსა და პროდუქტებზე ფასები აიწევდა. ასეც მოხდა! ახლაც ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ სამომხმარებლო ბაზარი უკვე მორიგი გაძვირებისთვის ემზადება. 

სპეციალისტები, ექსპერტ-ანალიტიკოსები და იმპორტიორები ამბობენ, რომ იმ პირობებშიც კი, თუ ლარის კურსი უცვლელი დარჩება, არსებული ფასების შენარჩუნება შეუძლებელია და უახლოეს დღეებში ყველა პროდუქტზე ფასის მინიმუმ 5-პროცენტიანი მატება გარდაუვალია. გაძვირება კი შეეხება აბსოლუტურად ყველა დასახელების პროდუქტს, იმპორტირებულს და ადგილობრივს. რა თქმა უნდა, მოიმატებს საწვავის ფასიც, რომელიც სულ ახლახან დაკორექტირდა. შესაბამისად, ეს ყველაფერი წლის ბოლოს ინფლაციას გაზრდის, რომელიც ისედაც ბოლო წლების მაქსიმუმზეა. მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა იმდენი „მოახერხეს“, რომ სიტუაცია თანდათან რთულდება და გამოუვალი ხდება. ერთი სიტყვით, ეროვნული ვალუტის ამ თავბრუდამხვევმა და უმიზეზო გაუფასურებამ ფასების ზრდა გარდაუვალი გახადა. 

ბანკის სალაროსთან - Sputnik საქართველო
ლარის გამბიტი, ანუ „გულუხვი“ ბანკები და „გაქცეული“ დოლარი...

ბიზნესმენები პირველ ეტაპზე ყოველდღიური მოხმარების პროდუქტის გაძვირებას ვარაუდობენ, შემდეგ კი პროცესი თითქმის ყველა დასახელების პროდუქტს შეეხება… თუმცა, იმპორტიორების განმარტებით, გაურკვეველია საშუალოდ რამდენი პროცენტით მოიმატებს ამა თუ იმ პროდუქტის ფასი, რადგან ჯერჯერობით უცნობია, გრძელვადიან პერიოდში რა ნიშნულს დაიჭერს ეროვნული ვალუტა. ბიზნესის პოზიციას იზიარებს ანალიტიკოსთა დიდი ნაწილი… 

ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე: „უკვე პანიკასაც არ აქვს აზრი, იმპორტიორები ურთულეს მდგომარეობაში არიან. ლარის გაუფასურების გამო ბიზნესმა უამრავ დაბრკოლებას გაუძლო და ახლაც გამოწვევის წინაშეა… კერძო სექტორი ელოდება, რა ნიშნულზე გაჩერდება ეროვნული ვალუტა, რადგან ამის მიხედვით დაკორექტირდება ფასები. ბიზნესმა ლარის გაუფასურების გამო იზარალა და ისევ ამ გამოწვევის წინაშეა. ველოდებით, რომ წონასწორობის ახალი წერტილი დაიჭიროს ეროვნულმა ვალუტამ, რის შესაბამისადაც დაკორექტირდება ფასები. ერთი კვირის განმავლობაში ლარი კატასტროფულად გაუფასურდა, რაც რეალიზაციაზე ძალიან ცუდად მოქმედებს…“

ლარის კურსი - Sputnik საქართველო
უძირო ფსკერის ძიებაში, ანუ სანამდე „ჩაყვინთავს“ ლარი...

ექსპერტთა თქმით, ლარის გაუფასურება მოულოდნელი არ ყოფილა, მაგრამ პროცესის შეჩერება შეუძლებელი აღმოჩნდა. წლის ამ პერიოდში კურსი ყოველთვის იზრდება, ასეა ბოლო 2-3 წლის განმავლობაში. ლარი ძირითადად ოქტომბრის თვის ბოლოდან უფასურდება, იმპორტზეც მეტი მოთხოვნაა, ახალი წელი ახლოვდება და შემოტანილი პროდუქტის რეალიზაცია იმატებს. შესაბამისად, მეტი მოთხოვნაა დოლარზე, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს ლარის კურსზე. ახლა უკვე ფასების, მინიმუმ, 3-5 პროცენტიანი მატება გარდაუვალია. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ლარი 2.65-იან ნიშნულს საფუძვლიანად გადააბიჯებს, გაცილებით მაღალ ფასებს მივიღებთ! შესაძლოა ფასები ერთხანს შენარჩუნდეს მხოლოდ ტანსაცმელსა და ტექნიკაზე… 

ეროვნული ბანკის უნიათობაზე საუბრობს და პასუხისმგებლობასაც მასვე აკისრებს ბიზნესმენთა ერთი ნაწილი, რომელიც მიანიშნებს, რომ პრობლემიდან გამოსვლას დრო სჭირდება. იზრდება უნდობლობა, დოლარის ემოციური შესყიდვები და ა.შ.

პირამიდა დოლარზე - Sputnik საქართველო
კარგად დაფიქრდი, სანამ ისკუპებ: „ფინანსური პირამიდა“, ანუ შეიტანო თუ არ შეიტანო?!

ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი: „დიახ, ის, რაც ლარს სჭირს, ეროვნული ბანკის არასწორი მუშაობის შედეგია. კურსი ძალიან ცუდ მოლოდინს აჩენს. ჩვენი ქვეყნისთვის პირდაპირი შოკია. მე არ ვიცი, რატომ უშვებს ამას ეროვნული ბანკი. მას ყველა საშუალება აქვს, რომ ასეთი რყვევები არ იყოს. ლარის გაუფასურების ფუნდამენტური საშინაო და საგარეო ფაქტორები არ არსებობს. ეროვნული ვალუტის კურსი კი დღითიდღე უარესდება, რაც მთავარი ბანკის არასწორი მუშაობის შედეგია…“  

ლარის გაუფასურებასა და ამ პროცესის გავლენას ინფლაციაზე აფასებენ ექსპერტებიც, რომელთა უმრავლესობა ვარაუდობს, რომ წლის ბოლოს მთავრობას ინფლაცია გაექცევა, რასაც უმძიმესი გავლენა ექნება მოსახლეობის მდგომარეობაზე… 

ექსპერტი ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში პაატა აროშიძე: „ფასების ზრდის პროცესი უკვე დაიწყო, მას კარგი დასასრული ნამდვილად არ ექნება. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში პროდუქტი მასობრივად გაძვირდება. ლარი არ იძლევა საშუალებას, რომ ბაზარს სტაბილურობა დაეტყოს. რეგიონებში მღელვარებაა, ხალხი ღელავს და მომავალის ეშინია. იმპორტიორების დიდი ნაწილი სარგებლობს აჟიოტაჟით, მოლოდინით და აძვირებს უკვე შემოტანილ პროდუქციას. ეროვნულმა ბანკმა დევალვაციის შესაჩერებლად ქმედითი ღონისძიებები თუ არ გაატარა, გაცილებით მძიმე სურათს მივიღებთ. ფასების ზრდა გაგრძელდება და ეს ინფლაციურ პროცესებზეც უარყოფითად აისახება. ვფიქრობ, რომ წლიური ინფლაცია ორჯერ გადააჭარბებს მიზნობრივს. ეს კი მომავალში ეკონომიკური ზრდის შეფერხებას გამოიწვევს, რაც ქვეყნისთვის კატასტროფის ტოლფასი იქნება. ეროვნული ბანკი ამ საკითხზე განმარტებებს არ აკეთებს და მისი პოზიცია საზოგადოებისთვის უცნობი რჩება. ეს უარყოფით მოლოდინს ამძაფრებს. ეროვნული ვალუტის კურსს ჯერჯერობით სასიკეთო არაფერი ეტყობა. თუ კვლავ ასე გაგრძელდა, ერთი კვირის განმავლობაში შემოტანილი პროდუქციის ძველი მარაგი ამოიწურება და დაიწყება ახალი პარტიის შემოტანა. მარტივია, რომ გაზრდილი კურსით შეძენილი საქონელი მომხმარებელს გაუძვირდება, ჩვენ ამ რეალობას ვერსად გავექცევით…“

ლარის კურსი - Sputnik საქართველო
მესტვირიშვილი: საშუალო და გრძელვადიანი პროგნოზით ლარის კურსს საფრთხე არ ემუქრება

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი კი ამტკიცებს, რომ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ლარს საშიშროება არ ემუქრება და თუ ეროვნული ბანკი დაინახავს, რომ საფრთხე ექმნება ინფლაციას, ისინი შესაბამის ნაბიჯებს გადადგამენ… მაინც რა იგულისხმება ამ „შესაბამის ნაბიჯებში“, ჯერჯერობით არავინ აკონკრეტებს. ჩვენც, ალბათ, ისღა დაგვრჩენია, ვიმკითხაოთ ფინჯან ყავაზე ან სხვაგვარად, უკვე გაძვირებულ ყოფაში, ვისაც როგორ შეგვიძლია… რას მოიტანს ჩვენი ეს მცდელობა, არავის უწყის. მოთმინებით უნდა დაველოდოთ. ახლა კი ბოდიში, თქვენ გელით გაღარიბება!..

ყველა ახალი ამბავი
0