თავისუფალი სტილით მოცურავე ლარს მძიმე შემოდგომა დაუდგა. „ხავერდოვანი სეზონი“ ურიგო გამოდგა! ბოლო ორი თვეა, რაც ეროვნული ვალუტა ყოველდღიურად უფასურდება. ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებზე „მახარობელი“ ციფრები კალეიდოსკოპური სისწრაფით იცვლება. ევროს მიმართ ლარმა გაუფასურების ისტორიული ნიშნული გადალახა… ამ ხნის მანძილზე ბევრჯერ ითქვა, რომ ეროვნული „სიამაყის“ ფსკერზე დაშვების ობიექტური საფუძველი არ არსებობს, მსოფლიო ბაზარზე არ შეინიშნება დოლარის გამყარების ტენდენცია, გაიზარდა ექსპორტისა და უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა, საგრძნობლად მოიმატა ტურისტების რაოდენობამ… თუ ასეა, მაშინ რა არის რყევების მიზეზი?— უსათუოდ ჩამეძიება მკითხველი. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, როცა წინაპირობა არ არის და კურსი მაინც მკვეთრად იცვლება, ეს უკვე სუბიექტური ფაქტორების შედეგია. მიმოქცევაში ახალი ფულადი ნაკადების ჭარბი შემოდინება პირდაპირ ნეგატიურად აისახება სავალუტო კურსზე. სრულიად დასაშვებია, რომ მსგავსი რამ მოხდა ახლაც. როგორც ამბობენ, ბანკების დეპოზიტებზე დიდი რაოდენობით თანხა დაილექა. ალბათ ეს ფული კომერციულმა ბანკებმა დოლარში გადაიყვანეს. არც ის არის გამორიცხული, რომ ეს თანხა ფინანსთა სამინისტრომ მისცა კომერციულ ბანკებს. გავრცელებული ინფორმაციით, ასეულობით მილიონი ლარი იყო და სწორედ ამან იქონია უარყოფითი გავლენა ვალუტის კურსზე… რაკი ფინანსთა სამინისტრო ვახსენეთ, ურიგო არ იქნება, თუ ამ უწყების პირველი პირის ხედვებით დავინტერესდებით. ლარმა სწრაფი ტემპით და ჯიუტად ფსკერისკენ ყვინთვა აგვისტო-სექტემბრის გასაყარზე განაახლა. „ლარის კურსის ცვლილება სეზონური მოვლენაა, რომელიც 15-20 აგვისტოდან დაიწყო, რაც ჩვენი ქვეყნისთვის დამახასიათებელია. ამას ვაფასებ სეზონურ მოვლენად და ერთჯერად გამოვლინებად, რომელმაც უკვე გადაიარა…“ — ასე გვამშვიდებდა ჯერ კიდევ ორი თვის წინ ქვეყნის პირველი ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი. რიტორიკა მას შემდეგ არ შეცვლილა…
ამასობაში, მოსახლეობას გაღარიბების მორიგმა ტალღამ გადაუარა. ლარის კურსის მკვეთრი რყევებით დაზარალდა ეკონომიკა და ბიზნესი, მოგებული მხოლოდ საბანკო სისტემა დარჩა!
როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, საქართველოში კომერციული ბანკების მოგება უფრო სწრაფი ტემპით იზრდება, ვიდრე ქვეყნის ეკონომიკა. ეს იმას ნიშნავს, რომ ბანკები ეკონომიკის წურბელებად გადაიქცნენ. სწორედ კომერციული ბანკები განსაზღვრავენ თამაშის წესებს და ეროვნული ბანკიც მათი ინტერესების გამტარებელია – ის მათ პოლიტიკას კი არ ეწინააღმდეგება, არამედ ახალისებს და ხელს უწყობს. ახლა ის პერიოდია, როდესაც ბანკებმა მათ მიერ მოზიდული თანხების საპროცენტო განაკვეთი უნდა გადაიხადონ. საბანკო სისტემის მოგება იზრდება, ამ მოგების სოლიდური ნაწილი საზღვარგარეთ გაედინება. კომერციულმა ბანკებმა კი ნაკისრი ვალდებულებების გასტუმრება წლის ბოლომდე უნდა შეძლონ, თუმცა ეს არ არის ისეთი კატასტროფული თანხა, რომ ვალუტის კურსის მწვავე ცვლილება გამოეწვია. დევალვაციის ერთ-ერთი ყველაზე სავალალო მიზეზი ის არის, რომ კომერციული ბანკებით დაწყებული, მოქალაქეებით დამთავრებული, თავისი დანაზოგი ყველას უცხოურ ვალუტაში გადააქვს. ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე განმარტავს, რომ ლარმა ე.წ. დაგროვების ფუნქცია დაკარგა და ეს მის სტაბილურობაზე უარყოფით გავლენას ახდენს. ამავე დროს სრულიად გაუგებარია ფინანსთა სამინისტროს პოლიტიკა, რომელიც ფულს კომერციული ბანკების დეპოზიტებზე დებს. სამინისტროს დეპოზიტებზე თანხა აქვს და ამ დროს თანხის მოსაზიდად სახაზინო ვალდებულებებს ყიდის – ეს აბსურდის თეატრს ემსგავსება. ასევე უცნაურია, რომ ფინანსთა სამინისტრომ ეროვნული ბანკის ფუნქციების შესრულება დაიწყო, რაც მისი საქმე ნამდვილად არ არის. ფინანსთა სამინისტრო იმისთვის არსებობს, რომ შემოსულ თანხას მიმართულება მისცეს და სწორად დახარჯოს, მას კი მიაქვს და ბანკში დებს…
ერთი სიტყვით, სპეციალისტებისა და ექსპერტების შეფასებით, კურსის მერყეობის მთავარი მიზეზი ის არის, რომ ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების ინტერესებს ემორჩილება. მაშინ, როცა კურსის სამართავად ეროვნულ ბანკს უამრავი ბერკეტი აქვს, მისი წარმომადგენლები გამუდმებით ამტკიცებენ, რომ ქვეყნის ცენტრალური ბანკი ლარის კურსზე პასუხისმგებელი არ არის… „საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რაც ნიშნავს, რომ კურსი იმოძრავებს ორივე მიმართულებით. იქნება პერიოდი, როდესაც ლარი გაუფასურდება და იქნება პერიოდი, როდესაც ლარი გამყარდება. საქართველოს ეროვნული ბანკის მთავარი ფუნქცია დაბალი და სტაბილური ფასების შენარჩუნებაა. საქართველოს ეროვნული ბანკი არ გააკეთებს კომენტარს ლარის მოკლევადიან რყევებთან დაკავშირებით“, — განაცხადა ქვეყნის პირველმა ბანკირმა. განცხადებას წინ უსწრებდა ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ. ეროვნული ბანკისა და მისი პრეზიდენტის კობა გვენეტაძის პოზიციამ მხოლოდ მე როდი გამაოცა. ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი, ანალიტიკოსი ნიკა შენგელია ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის ზოგადი პოლიტიკა და ამგვარი პოზიცია დომინანტ ბანკებს წაახალისებს და ხელ-ფეხს გაუხსნის – ლარის ეგრეთ წოდებული მცურავი კურსი გადაიყვანონ ე.წ. „მყვინთავ-მფრინავ“ კურსად და უკვე 2-4 ნოემბრიდან ლარი უკან მოიტოვებს 2,56-იან ნიშნულს… მძიმე პროგნოზია! გამართლდება თუ არა ის, ამას დრო გვიჩვენებს. მანამდე კი იკვეთება, რომ ეროვნულ ვალუტას „დედა არ ჰყავს“, დიახ, საქართველოში ვალუტის კურსზე პასუხს არც ერთი უწყება არ აგებს. ეროვნული ვალუტის კურსის თამაშით სერიოზული ფული კეთდება. ამ თამაშით მოგებული რჩებიან მხოლოდ ის კომერციული ბანკები, რომლებიც კურსს განსაზღვრავენ. ეჭვი მაქვს, რომ ამ დროს კარტელური გარიგებებიც „მოსულა“… ყველაზე სავალალო კი ის არის, რომ ამ ყველაფერს ეროვნული ბანკი ოლიმპიური სიმშვიდით უყურებს…
ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა ლარის კურსის ბედზე „ხელები დაიბანა“ და შეგვახსენა, რომ „ეროვნული ბანკის მთავარი ფუნქცია დაბალი და სტაბილური ფასების შენარჩუნებაა“… სასწაულია პირდაპირ! „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო“, ასეა მისი საქმე, რადგან სწორედ ეს მოკლევადიანი რყევები იწვევს ფასების ზრდას პირველადი მოთხოვნილების პროდუქტებზე და მომსახურებაზე. საბითუმო ფასებმა უკვე აიწია. სპეციალისტებისა და ანალიტიკოსების უმრავლესობა ვარაუდობს, რომ დეკემბერში ფასები მინიმუმ 8 პროცენტით გაიზრდება… ეროვნული ბანკის არსებული პოლიტიკით კი ლარს კარგი არაფერი ელოდება!
სპეციალისტები ბრძანებენ, რომ ლარის კურსზე ხელოვნური შეზღუდვები ვერ დაწესდება, ქვეყანაში მცურავი კურსი უნდა არსებობდეს, მაგრამ რა ვუყოთ, რომ ამასობაში სტაბილური რყევები მოსახლეობასაც აზიანებს და ლარის იმიჯსაც?..