პარადოქსების ქვეყანაში ვცხოვრობთ!… ყველას, ვინც სხვაგვარად ფიქრობს, ღმერთმა ხელი მოუმართოს!… ძალზე „გამორჩეული“ ვართ და ალბათ ამიტომაც პროცესები ხშირად როდი ექვემდებარება ლოგიკას… საკამათო აღარ არის თვითმყოფადობა ყველგან და ყველაფერში…
ამერიკული დოლარის კურსი კლებას განაგრძობს. უკვე ერთი კვირაა, ამერიკული ვალუტა უფასურდება, რასაც სხვა ფაქტორებთან ერთად ის გარემოება განაპირობებს, რომ მიმდინარე წელს დოლარის საპროცენტო განაკვეთის აწევის პერსპექტივა სულ უფრო მცირდება. თავის როლს ასრულებს ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებული დაძაბულობის ესკალაცია და სტიქია ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ ნაწილში. დოლარის ინდექსი 2015 წლის შემდეგ ასეთ დაბალ ნიშნულზე არ ჩამოსულა. პარალელურად, დოლართან მიმართებაში მყარდება ყველა ძირითადი ვალუტა, მათ შორის ევრო. ამ ვითარებაში ლარის გამყარების მოლოდინი იყო… არადა არ ხდება ასე. ლარი გაუფასურებას განაგრძობს.
პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ერთჯერად, „სეზონურ მოვლენად“ აფასებს და ეხმაურება პოლიტიკური ოპონენტების მოსაზრებას, რომ ლარის გაუფასურების მიზეზი ფინანსთა სამინისტროს მიერ ბიუჯეტის ნაშთების — ნახევარი მილიარდი ლარის კომერციულ ბანკებზე გასესხება გახდა. მისი თქმით, ფულის მასა დიდწილად არ შეცვლილა, ვინაიდან რეფინანსირებიდან იგივე თანხა არის შემცირებული…
მმართველი გუნდის კიდევ ერთი წარმომადგენელი, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ლარის გაუფასურებას დროებით მოვლენად აფასებს და ხაზგასმით დასძენს, რომ ეროვნული ვალუტის მკვეთრი დევალვაციის არანაირი მაკროეკონომიკური საფუძველი არ არსებობს. ასეთია ხელისუფლების პოზიცია. ხოლო რაც შეეხება ოპოზიციას, მოგეხსენებათ ის ყველაფრის მიზეზად მმართველ ელიტას ხედავს. ამ დროს საინტერესოა რას ფიქრობენ ექსპერტები და სპეციალისტები… მათი ერთი ნაწილის აზრით, ლარს ძალიან საეჭვოდ ათამაშებენ… ეს ხდება ეკონომიკური ფაქტორების გვერდის ავლით, რაც გვაფიქრებს, რომ ვალუტაზე სპეკულაციური შეტევაა!… თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია, რადგან უცნობია არგუმენტები იმისა, თუ რატომ მერყეობს ლარი. არც ის არის გამორიცხული, მსხვილი საფინანსო ინსტიტუტები კურსის ხელოვნურად ჩამოყალიბებაში მიზანმიმართულად მონაწილეობდნენ. საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიიღო ცვლილება ელექტრონული კომერციის სფეროში, რის გამოც დიდი რაოდენობით ვალუტამ დაიწყო გადინება ქვეყნიდან. ეკონომისტებისთვის უცნობია, რა კონკრეტულ ცვლილებებზეა საუბარი, ვინაიდან ჯერჯერობით ქვეყნის მთავარი ბანკი ინფორმაციას არ ასაჯაროებს. ექსპერტების უმრავლესობა ამტკიცებს, რომ ეკონომიკური ფაქტორიდან გამომდინარე ეროვნული ვალუტა არ უნდა უფასურდებოდეს. იგი არ მალავს, რომ მკვეთრ სავალუტო მერყეობასთან დაკავშირებით არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რისი დასაბუთებაც ჯერჯერობით შეუძლებელია…
ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი: „საქმე ლარის სტაბილურობას ეხება და უნდა ვისაუბროთ კონკრეტულ მონაცემებზე დაყრდნობით. მაგალითისთვის, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახლა ეკონომიკაში არ არის ის მდგომარეობა, რომ ეროვნული ვალუტა უფასურდებოდეს. მაკროეკონომიკურ ფაქტორებსაც თუ გავითვალისწინებთ, თითქოს ყველაფერი წესრიგშია. ერთ კვირაში საგრძნობი გაუფასურება და შემდეგ უკვე უმნიშვნელო გამყარება არ არის ეკონომიკური პროცესებიდან გამოწვეული. გადაჭრით თქმა, რომ სხვადასხვა მაქინაციებით უტევენ ლარს, ჯერჯერობით შეუძლებელია. ამას სჭირდება სერიოზული დასაბუთება რის გარეშეც ვერ ვიტყვი, რომ სავალუტო რყევები ბანკების მხრიდან კარგად ორგანიზებული ხელოვნური პროცესია…“
ლარის გაუფასურების რამდენიმე მიზეზზე საუბრობენ საბანკო სფეროს ექსპერტები. მათი ვარაუდით, სპეკულაციური მომენტები ჯერ არ შეინიშნება, მაგრამ ახლო მომავალში ნამდვილად მოსალოდნელია, რასაც ბოლო დროის სავალუტო დინამიკა ცხადყოფს…
ექსპერტი გოჩა თუთბერიძე: „ჩემი აზრით, ლარის გაუფასურება სპეკულაციურ მომენტს არ უკავშირდება, თუმცა ადგილი აქვს აჟიოტაჟს და ეს გადაიზრდება სპეკულაციაში. როდესაც სერიოზული რყევეაა, აუცილებლად გამოჩნდება ვინმე, ვინც ეცდება ამით ისარგებლოს. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ეროვნული ვალუტა უფასურდება, შეიძლება იყოს ჭარბი ლარის გამოშვება ბრუნვაში. გარდა ამისა, ტურისტული სეზონი უკვე მიიწურა, უცხოური ვალუტის შემოდინება იკლებს და ჩვენს რეზიდენტებს, რომლებსაც აქვთ ვალი უცხოურ ვალუტაში, უწევთ ამ ვალდებულების დაფარვა. ტრანშები იქნება მეტი, ვიდრე შემოდინება, რასაც ლარში ხარჯის ზრდაც ემატება. საბოლოოდ, ეს კურსის გაუფასურებას იწვევს. რაც ახლა ხდება, ეს არ არისო დოლარის გადინება, ასე ვერ ვუწოდებ. გადინებაა, როცა კაპიტალი „გარბის“ ქვეყნიდან. ეს პრობლემა ჯერჯერობით არ შეინიშნება. ახლოვდება არჩევნები და მეტი ლარი გამოვა მიმოქცევაში. ყველაფერი ახდენს ზეწოლას კურსზე და იწვევს ლარის გაუფასურებას. ეროვნული ვალუტა ზაფხულის შემდეგ სუსტდება ხოლმე, ალბათ, ამანაც უბიძგა, რომ ხალხს დოლარის შეძენა დაეწყო, რამაც გაუფასურებაზე ასევე მოახდინა გავლენა. როგორც კი ლარი გაუფასურდება, ლოგიკურად ინფლაციაც გაიზრდება, ამიტომ ეროვნული ბანკი იძულებული იქნება გამოიყენოს თავისი ინსტრუმენტები. ადრე თუ გვიან მოუწევს რეფინანსირების განაკვეთის ზრდა და ლარის გაძვირება…“
ექსპერტ-ანალიტიკოსთა და სპეციალისტთა ერთი ნაწილი თვლის, რომ მოულოდნელი არაფერი ხდება…
ანალიტიკოსი ლადო პაპავა: „მიმდინარე წლის ბიუჯეტი გათვლილია შემდეგ გაცვლით კურსზე — 1 აშშ დოლარი — 2.50 ლარი. ბიუჯეტში თავმოყრილია თანხები, რომლებიც უნდა დაიხარჯოს, თუმცა ვერ იხარჯება და კომერციული ბანკების ანგარიშებზეა გადასროლილი, რათა პროცენტი დაერიცხოთ და ბიუჯეტმა აქედან შემოსავალი მიიღოს. ეს კი ბუნებრივია, ფულის მასასა და მიწოდებას ზრდის. შესაბამისად, ნუ გაგვიკვირდება, რომ ეროვნული ვალუტა უფასურდება. ეს ყველაფერი მთავრობის მანიპულაციებია!… გაცვლით კურსთან ასეთი სახის თამაშები, მით უფრო არჩევნების წინ, გონიერი მთავრობის მხრიდან არ უნდა მოდიოდეს… ლარის გაუფასურება იმპორტირებული პროდუქტის ფასზე აისახება და მათი ღირებულების ზრდას გამოიწვევს…“
შესაძლოა მკითხველი ჩამეძიოს — გონიერი მთავრობა საიდან უნდა მოდიოდესო?!… ჭკუის სწავლებად, რომ არ შემიფასოთ, მხოლოდ ვარაუდს გამოვთქვამ — გონიერი მთავრობა ასევე გონიერი საზოგადოებიდან უნდა მოდიოდეს, მაგრამ… ჯერ არის გაქცევა და არ არის ქვეყნის დაქცევა!.. თუმცა ვინ იცის, ეგება ვცდები და უკვე სხვაგვარა არის!…