საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთხელ დაიხია უკან და მრავალგზის დაანონსებული რეფორმა კიდევ ერთხელ, მინიმუმ ერთი წლით გადაავადა. 2018 წლის 1 იანვრიდან მსუბუქი ავტომობილების მფლობელებს აღარავინ დაავალდებულებს საკუთარი მანქანები ტექდათვალიერებაზე გაატარონ. ბოლო ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილების სავალდებულო ინსპექტირებას 2019 წლიდან შემოიღებენ.
ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ იძულებული გახდნენ დათქმული ვადა კიდევ ერთხელ გადაეწიათ. ახალ წლამდე დარჩენილ თვე-ნახევარში პრაქტიკულად შეუძლებელია ლამის 1,2 მილიონი ავტომობილის ინსპექტირება: ქვეყანაში არ არის საკმარისი ინფრასტრუქტურა და შესაბამისი რაოდენობის კვალიფიციური კადრები. სავალდებულო ტექდათვალიერების 1 იანვრიდან ამოქმედება კი, როცა ფიზიკურად ვერ მოესწრება შემოწმების გავლა, ავტომფლობელების მასობრივ დაჯარიმებას გამოიწვევდა.
ხელისუფლებამ რაზეც უკან არ დაიხია და ახალი წლიდან ინსპექტირებას ნამდვილად უპირებს, ისევ 8 ადგილზე მეტი ტევადობის სამგზავრო და 3,5 ტონაზე მეტი მასის მქონე სატვირთო ავტომობილებია. ამ კატეგორიის მანქანებისთვის ტექდათვალიერება ისედაც სავალდებულო იყო. სიახლე ის არის, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ – ახლა საფუძვლიანად მოუწევთ შემოწმების გავლა ასეთ ავტომობილებს და არა ისე ზერელედ, როგორც აქამდე ხდებოდა ხოლმეო.
ტექდათვალიერების ჩატარებაზე ეკონომიკის სამინისტროს კონსულტაციას შვეიცარიული კომპანია SGS Societe Generale da Surveilance SA უწევს. სამინისტრომ სავალდებულო პერიოდული ტესტირების საკითხებში საკონსულტაციო მომსახურების გაწევის მიზნით ინტერესთა გამოხატვა 2016 წლის ნოემბერში გამოაცხადა, კონკურსში მონაწილე 4 კომპანიას შორის გამარჯვებულად კი წლის ბოლოს SGS დაასახელა.
მსუბუქი ავტომობილებისთვის სავალდებულო ტექდათვალიერება მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას, 2004 წელს გააუქმეს. გაუქმების არგუმენტად იმას ასახელებდნენ, რომ ავტომობილებს რეალურად არც არავინ ამოწმებდა და ავტომფლობელები ასეთ „შემოწმებაში“ ოფიციალური გადასახდელის — 40 ლარის ნაცვლად ზოგჯერ 70-80 ლარსაც იხდიდნენ, იმის მიხედვით, რომელ რაიონში მოუწევდა ავტომობილს ინსპექტირების გავლა.
სავალდებულო ტექდათვალიერების აღდგენის მიზანი
სავალდებულო ტექდათვალიერების მომხრეთა არგუმენტით, რეგულაციის დაბრუნების წყალობით გზებზე მხოლოდ ტექნიკურად გამართული მანქანები იმოძრავებს და ტექნიკური გაუმართაობის მიზეზით ავტოავარიები მაქსიმალურად შემცირდება; ასევე, შემოწმებას ვერ გაივლის და მოძრაობა აეკრძალება ისეთ ავტომობილს, რომელიც ზედმეტად ბოლავს და გარემოს აბინძურებს. თუმცა, ეკოლოგიაზე მზრუნველთა მოსაზრების კონტრარგუმენტიც იოლი საპოვნელია: დედაქალაქშიც და ქალაქგარეთაც, თუ ზედმეტად მბოლავი ავტომობილები გვაინტერესებს, თვალში პირველ რიგში მოძველებული მუნიციპალური ავტობუსები თუ სამარშრუტო ტაქსები გვხვდება. არც ძველი, საბჭოთადროინდელი სატვირთოები აკლებენ გარემოს ბოლს და ჭვარტლს. არადა, ავტობუსებსაც, სამარშრუტო ტაქსებსაც და სატვირთოებსაც დღევანდელი კანონმდებლობა სწორედაც რომ ავალდებულებს რეგულარული ტექდათვალიერების გავლას. ამ კატეგორიის ავტომობილებს, დიდი ალბათობით, აქვთ კიდეც ინსპექტირება გავლილი, მაგრამ შედეგი რამდენად დამაკმაყოფილებელია, კარგად ჩანს ამ ავტომობილების მიერ დატოვებული გამონაბოლქვის შავ ღრუბლებში.
სავალდებულო ტექდათვალიერების შემოღების ერთ-ერთი მიზეზი ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულებაც არის. 2014 წელს ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერით საქართველომ გარკვეული რეგულაციების შემოღება ივალდებულა კიდეც.
რატომ გადაავადეს გამოცხადებული თარიღი
სანამ საბოლოოდ იტყოდნენ უარს 2018 წლიდან სავალდებულო ტექდათვალიერების შემოღებაზე, მთავრობაში თავი ვერ მოაბეს იმას, რომ ზუსტად ჩამოეწერათ – რა კრიტერიუმებზე შეამოწმებენ ავტომობილებს. სამაგიეროდ, დაასახელეს ინსპექტირების სავარაუდო ფასი – 60 ლარი და ასევე ჯარიმის მოცულობაც განსაზღვრეს – კანონპროექტის მიხედვით, ავტომფლობელები ტექდათვალიერების გავლის გარეშე მოძრაობისთვის 50 ლარით დაჯარიმდებიან, იურიდიული პირებისთვის კი ჯარიმა 200 ლარი იქნება. მათ ჯარიმის გადახდის შემდეგ ტექდათვალიერების გავლა მაინც მოუწევთ, ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში კი მაქსიმუმ 500-ლარიანი საურავი დაეკისრებათ. თუ ავტომფლობელი საურავს არ გადაიხდის, დაჯარიმებულ ავტომობილს მოძრაობის უფლებას 6 თვით შეუჩერებენ… ცხადია, ეს ჯარიმები მსუბუქ ავტომობილებზე მინიმუმ 2019 წლამდე აღარ გავრცელდება.
ახალ წლამდე რომ მთელი ავტოპარკის შემოწმება არარეალური იყო, ამაზე ინფორმაცია ბოლო პერიოდში ვრცელდებოდა. როგორც ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ თავმჯდომარე გელა კვაშილავა „რადიო თავისუფლებასთან“ საუბრისას ამბობს, მინიმუმ 80-90 ტესტირების ცენტრია საჭირო, რომ საქართველოს ავტოპარკის მოთხოვნები დააკმაყოფილოს. ამასთან, საჭიროა როგორც ამ ცენტრების ტექნიკური აღჭურვა, ისე პერსონალის გადამზადება. მაგრამ დღეს საქართველოში მხოლოდ 26 ასეთი ცენტრი და 35 ხაზი მოქმედებს.
რამდენი მანქანის შემოწმება მოუწევთ ახალი წლიდან
ბოლო ინფორმაციით, 1 იანვრიდან შემოწმების პირველი ეტაპი ისევ შეეხება 8 ადგილზე მეტი ტევადობის სამგზავრო და 3,5 ტონაზე მეტი მასის მქონე სატვირთო ავტომობილებს. ამ კატეგორიაში სულ 187 000 ავტომობილია. გეგმის მიხედვით, მეორე ეტაპზე იმ ავტომობილებს შეამოწმებენ, რომლებიც სახელმწიფო უწყებების – სხვადასხვა სსიპ-ების თუ აიპ-ების კუთვნილებაშია. ასეთი ავტომობილების რაოდენობა 120 000-მდეა. დანარჩენ, კერძო მფლობელობაში არსებულ მსუბუქ ავტომობილებს კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შემოწმებას 2019 წლიდან უპირებენ.
საინტერესოა, რომ ხელისუფლებაში ახლა „გაახსენდათ“ ძირითადად რომელი ავტომობილების დამსახურებაა ჰაერის დაბინძურება. ეკონომიკის სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთევან სალუქვაძე აღნიშნავს, რომ ზუსტ გეგმას შეიმუშავებენ და იმის მიხედვით დაიწყება შემოწმების პირველი ეტაპი – 8 ადგილზე მეტის მქონე სამგზავრო და 3,5 ტონაზე მეტი მასის ავტომობილების ტექდათვალიერება.
„სწორედ ეს სატრანსპორტო საშუალებები ყველაზე მეტად აბინძურებენ ჰაერს. ისინი ინსპექტირებას ისედაც ექვემდებარებიან, მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ არსებობდა გარკვეული ტიპის ხარვეზები აღსრულების მექანიზმებთან დაკავშირებით, გაიზარდა სტანდარტი და ხდება ევრორეგულაციებთან დაახლოება. ახალი წლიდან მოხდება ტექნიკური ინსპექტირების განსხვავებული მეთოდით განხორციელება. მთლიანად ავტოპარკი ეტაპობრივად 2 წლის განმავლობაში შემოწმდება“, – განაცხადა ქეთევან სალუქვაძემ.
მისი თქმით, დაიწერება მეთოდოლოგია, თუ ვის როდის მოუწევს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლა და ინფორმაცია საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი; საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ მთავრობას წარუდგენენ ტექნიკურ რეგლამენტს ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებთან, მათ შენობებთან და პერსონალთან დაკავშირებით. ინსპექტირების ცენტრები, რომლებიც ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ტექნიკური ინსპექტირების გაგრძელებას შეძლებენ. მთავრობა კი ტექნიკური რეგლამენტით დაადგენს სტანდარტებს, რომლებსაც ავტოსატრანსპორტო საშუალებები უნდა აკმაყოფილებდეს. „ორივე ტექნიკური რეგლამენტი შემუშავებულია და მთავრობას უახლოეს მომავალში წარედგინება“, – ამბობს სალუქვაძე.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი აცხადებს, რომ ფიზიკურად შეუძლებელია მცირე დროში მილიონზე მეტი ავტომობილის შემოწმება. ამიტომაც გადაავადეს მსუბუქი ავტომობილების სავალდებულო ინსპექტირება კიდევ ერთი წლით.
„მთავრობამ უნდა განიხილოს ტექნიკური რეგლამენტი როგორც ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებისა და იქ მომუშავე ადამიანებისთვის, ასევე თვითონ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის. აღნიშნული ჩანაწერის კანონში დატოვება გამოიწვევდა იმას, რომ მეორე დღესვე ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნებოდა დაჯარიმებული. გამოდის, რომ 1 200 000 ავტოსატრანსპორტო საშუალება 1 იანვრისათვის შესამოწმებლად უნდა მიიყვანონ. ეს შეუძლებელია. ამიტომ კეთდება გრაფიკი, რომლის მიხედვით, 2 წლის განმავლობაში ყველას მოუწევს ტექნიკური ინსპექტირების გავლა“, – განმარტა ჩერქეზიშვილმა.
ასე რომ, მხოლოდ ტექნიკური რეგლამენტის გამოქვეყნების შემდეგ გაირკვევა, ზუსტად რა მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ ავტომფლობელებს. რეფორმის პროექტის მიხედვით, შემოწმება 2020 წლამდე პერიოდში ქვეყანაში არსებულმა მთელმა ავტოპარკმა უნდა გაიაროს. ზუსტად რა რიგითობის მიხედვით გაივლიან ავტომობილები დათვალიერებას, წესით, ესეც მალე უნდა გაირკვეს.
თემურ იოსელიანი