თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ტექდათვალიერების შემოღების შემდეგ ავტომობილების მფლობელები ამ მომსახურებაში 60 ლარს გადაიხდიან, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის დირექტორმა მიხეილ ხმალაძემ.
ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება 2018 წლის დასაწყისიდან, მას შემდეგ ამოქმედდება, რაც ბოლო მოსამზადებელი ეტაპი დასრულდება.
"მსუბუქი ავტომობილის მძღოლს აღნიშნული მომსახურება ერთჯერადად 60 ლარი დაუჯდება, თუმცა სახელმწიფო ამ გადასახადის მაქსიმალურ ზღვარს დაადგენს. შემოწმების პერიოდულობა კი სხვადასხვა ავტომობილისთვის სხვადასხვა იქნება", — განაცხადა ხმალაძემ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხის ეთერში.
მისი თქმით, 4 წლამდე ასაკის ავტომობილები ტექდათვალიერებისგან გათავისუფლდებიან, 4-დან 6 წლამდე გამოშვების ავტომობილების მფლობელები მას 2 წელიწადში ერთხელ გაივლიან, უფრო ძველი მანქანების კი —ყოველწლიურად.
ხმალაძის განცხადებით, ავტომობილების მფლობელებისათვის შემუშავდება გრაფიკი, რომლის მიხედვითაც ისინი ერთი თვის ვადაში ვალდებულნი იქნებიან ინსპექტირების ცენტრში გამოცხადდნენ. ამასთან მან აღნიშნა, რომ პირველ რიგში დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილები შემოწმდება.
"იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილების მფლობელები შემოწმებაზე არ გამოცხადდებიან, ისინი დაჯარიმდებიან. გარდა ამისა, ტექდათვალიერების არარსებობის გამო ჯარიმა გაიზრდება", — განაცხადა ხმალაძემ.
კანონში "საგზაო მოძრაობის შესახებ" შესწორებების თანახმად, სავალდებულო პერიოდულ ტექდათვალიერებას გაივლიან ის იავტომობილები, რომლებიც ექსპლუატაციაში არიან მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე და დარეგისტრირებულია ქართული კანონმდებლობით დადგენილი წესებით.
ტექდათვალიერება მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, 2004 წელს გააუქმეს. მთავრობამ რამდენიმე წლის წინ ტექდათვალიერების კვლავ დაბრუნება გადაწყვიტა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზით მისი ამოქმედება გადაიდო.
ამჟამად მსუბუქი ავტომობილების ტექნიკური ტესტირება ნებაყოფლობითია, ხოლო 3,5 ტონაზე მეტი ტვირთამწეობის სატვირთო ავტომობილების, ასევე მგზავრთა გადაყვანისთვის განკუთვნილი (რვაზე მეტი) ავტომობილებისთვის — აუცილებელი.