რა ელოდებათ მძღოლებს ავტომანქანების ტექდათვალიერების ამოქმედების შემდეგ

© photo: Sputnikმოძრაობა თბილისის ქუჩებში
მოძრაობა თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში უკვე რამდენიმე წელია, აქტიურად მიმდინარეობს საუბარი ტექდათვალიერების აუცილებლობაზე, რომელიც თავის დროზე სააკაშვილმა იმის გამო გააუქმა, რომ კორუფციის წყარო იყო.

შედეგად მივიღეთ ის, რომ დღეს საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში ჰაერი ზომაზე მეტადაა დაბინძურებული და ამას ძირითადად ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილების არსებობა იწვევს.

ამ დღეებში ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი გახარიამ მკაფიოდ განაცხადა, 2018 წლის 1 იანვრიდან ტექდათვალიერება ამოქმედდება და არავითარი გადავადება არ მოხდებაო. ანუ მოსამზადებელი სამუშაოებისათვის მთავრობას ზუსტად სამი თვე დარჩა. მოესწრება თუ არა ამ ვადებში საკანონმდებლო და ინფრასტრუქტურული ბაზის შექმნა, ვინ და რა ფასად შეამოწმებს ავტომობილებს, შესულია თუ არა პარლამენტში შესაბამისი პროექტები? ამ საკითხით „Sputnik საქართველო“ დაინტერესდა.

ავტომობილები თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო
საქართველოში სავალდებულო ტექდათვალიერება 2018 წლის იანვრიდან ამოქმედდება

„მწვანეთა ლიდერი“ გია გაჩეჩილაძე თვლის, რომ საქართველოში ეკოლოგიურ პრობლემების გამომწვევი ერთ-ერთი ფაქტორი სწორედ ავტომანქანების დიდი რაოდენობაა. „ამ ავტომანქანების უდიდესი ნაწილი არის მეორადი და მოძველებული. მათ აქვთ ამოღებული კატალიზატორები. კატალიზატორი კი იმისთვის არსებობს, რომ გამონაბოლქვი გაწმინდოს, ამიტომ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ძალიან დიდი პრობლემაა თბილისისთვის. ბუნებრივია, რომ ეს ერთ-ერთი ფაქტორია სასუნთქი დაავადებების გამოწვევის კუთხით, ასევე, ალბათ ეს არის დაკავშირებული ონკოლოგიურ დაავადებებთან, რადგან ფილტვების კიბოს ბევრი შემთხვევაა საქართველოში. ნომერ პირველი  პრობლემა გახლავთ ის, რომ როგორმე გადავიდეთ ცივილიზებულ ფორმაზე ავტოტრანსპორტთან დაკავშირებით  და შემოღებულ იქნეს ტექნიკური დათვალიერება. ვფიქრობ და მაქვს ინფორმაცია, რომ მომავალი წლიდან ეტაპობრივად დაიწყება ტექნიკური დათვალიერება და ყველა მანქანა უნდა მივიდეს მინიმალურ ნორმებთან მაინც რომ უამრავი ადამიანი არ დასნეულდეს“.

ცნობილია, რომ ჩვენი ქვეყნის ავტოპარკის თითქმის 70% 10 წელს გადაცილებულ ავტომობილებს უჭირავს. ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ რეფორმა ამჯერად აღარ გადაიდება. სავალდებულო ტექდათვალიერება ახალი სახელწოდებით „ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება“ 2018 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს. ინსპექტირება ეპატობრივად მოხდება და მას ყველა ავტომობილი 2 წელიწადში გაივლის.

ბარათაშვილის ხიდი - Sputnik საქართველო
პრემიერი: საქართველოში სავალდებულო ტექდათვალიერება კორუფციისგან თავისუფალი იქნება

შემოწმება პირველ ეტაპზე დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებებს შეეხება, შემდეგ, ეტაპობრივად — ყველა დანარჩენს.

ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური ინსპექტირებისთვის მოგიწევთ, მიაკითხოთ სპეციალურ ცენტრებს. სავარაუდოდ, შემოწმება ძალიან მკაცრი არ იქნება, თავდაპირველ ეტაპზე მაინც, რომ მოსახლეობა და მძღოლები არ დააფრთხონ, თუმცა ავტომობილების მფლობელებს მისცემენ შენიშვნებს, თუ რა უნდა გააკეთოს ავტომობილის წესრიგში მოსაყვანად.

ეკონომიკის სამინისტრო გეგმავს საინფორმაციო კამპანიას ოქტომბრის ბოლოდან, სადაც ავტომფლობელებს მიაწოდებენ ინფორმაციას, თუ როდის უნდა მივიდნენ ტესტირების ცენტრებში და რა პარამეტრები შემოწმდება.

2018 წლის 1 იანვრიდან ტექნიკური ინსპექტირებისათვის ცვლილებები კანონში საგზაო მოძრაობის შესახებ და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში უკვე მომზადებულია, თუმცა პარლამენტს ის მხოლოდ არჩევნების დასრულების შემდეგ წარედგინება. ცვლილებების მიხედვით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს უფლება ექნებათ, გამონაბოლქვის შემჩნევის შემთხვევაში მძღოლი ტესტირებისათვის სპეციალურ ცენტრში გადაიყვანონ, ხოლო ის, ვინც ინსპექტირებას არ გაივლის, დააჯარიმონ.

დავით ნარმანია - Sputnik საქართველო
ნარმანია: ტექდათვალიერების შემოღება თითოეულ ჩვენგანზე დადებითად აისახება

მძღოლების იმ ნაწილს, რომელიც თავს მოძველებული მანქანების ტაქსებად მუშაობით ირჩენენ, ბუნებრივია, ახალი რეგულაციები აფრთხობს. ისინი შიშობენ, რომ მანქანების გაჩერება მოუწევთ. „,მეც შესანიშნავად ვიცი, რომ ახალი და კარგი მანქანა უკეთესია, მაგრამ ამის საშუალება მაქვს? ამას მეკითხება სახელმწიფო, როგორ უნდა ვარჩინო ოჯახი?“ — კითხულობს ტაქსის მძღოლი და გვიამბობს, რომ დღეში საშუალოდ, 30-40 ლარი რჩება და ამით 5-სულიანი ოჯახი უნდა არჩინოს. „ეს საშუალებაც თუ შემიზღუდეს, ალბათ, სადმე უნდა გადავიკარგო და უცხოეთიდან ვარჩინო ოჯახი“, — ამბობს ის.

მართალია, ძალიან რთული არჩევანია, როცა მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობასა და ჯანმრთელობას შორის გვიწევს არჩევანის გაკეთება, მაგრამ ის, რომ ჯანმრთელობის გარეშე ფასი არაფერს აქვს, ცნობილი ჭეშმარიტებაა. ამიტომ საზოგადოებამ და ხელისუფლებამაც არჩევანი, ბუნებრივია, ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესებაზე უნდა გააკეთოს.

 

ყველა ახალი ამბავი
0