თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება 2018 წლის დასაწყისიდან, მას შემდეგ ამოქმედდება, რაც ბოლო მოსამზადებელი ეტაპი დასრულდება, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ.
„ამ პროექტზე მუშაობს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კომპანია SGS, რომელმაც სამი ეტაპიდან ორი უკვე დაასრულა, მესამეს მივიღებთ თვის ბოლომდე და დაახლოებით ოქტომბრის ბოლოს დაიწყება სპეციალური კამპანია, რომელიც მიეძღვნება ტექდათვალიერების დროულ და ხარისხიან ამოქმედებას", — აღნიშნა გახარიამ.
მან აღნიშნა, რომ სავალდებულო ტექდათვალიერების შემოღება არ ნიშნავს, რომ ყველა ავტომობილმა ის ერთდროულად უნდა გაიაროს. ამ საკითხის გადაწყვეტის გეგმას ერთი თვის განმავლობაში შეიმუშავებენ.
კანონში „საგზაო მოძრაობის შესახებ" შესწორებების თანახმად, სავალდებულო პერიოდულ ტექდათვალიერებას გაივლიან ის იავტომობილები, რომლებიც ექსპლუატაციაში არიან მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე და დარეგისტრირებულია ქართული კანონმდებლობით დადგენილი წესებით.
ტექდათვალიერება მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, 2004 წელს გააუქმეს. მთავრობამ რამდენიმე წლის წინ ტექდათვალიერების კვლავ დაბრუნება გადაწყვიტა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზით მისი ამოქმედება გადაიდო.
ამჟამად მსუბუქი ავტომობილების ტექნიკური ტესტირება ნებაყოფლობითია, ხოლო 3,5 ტონაზე მეტი ტვირთამწეობის სატვირთო ავტომობილების, ასევე მგზავრთა გადაყვანისთვის განკუთვნილი (რვაზე მეტი) ავტომობილებისთვის — აუცილებელი.