თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. დღეს გარემოს ყველაზე მეტად ტრანსპორტი და მშენებლობები აბინძურებს და ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აუცილებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება, განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა მმართველი პარტიიდან "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო" კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში, რომელიც მის Facebook–გვერდზეა განთავსებული.
ადგილობრივი არჩევნები საქართველოში 2017 წლის ოქტომბრის ბოლოს ჩატარდება.
"საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გავხადოთ არა მხოლოდ კომფორტული და მოწესრიგებული, არამედ პოპულარული. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ მოგვიწევს დიდი რაოდენობით ავტობუსების შესყიდვა, ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ მათი წარმოება და აწყობა მოხდეს საქართველოში. აუცილებლად მოხდება მეტროს მოდერნიზაცია. ხელს შევუწყობთ საბაგირო ხაზების განვითარებასა და ელექტრომობილების პოპულარიზაციას. უნდა ამოქმედდეს ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება, რაც, მგონია, რომ კიდევ დაგვეხმარება ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში", – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, კალაძემ აღნიშნა, რომ ემხრობა ყველა ავტომობილის სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების შემოღებას.
სავალდებულო ტექდათვალიერება 2004 წლის ზაფხულში მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გააუქმეს. მთავრობამ რამდენიმე წლის წინ ყველა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების სავალდებულო ტექნიკური ტესტირების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ მისი ამოქმედების ვადა სხვადასხვა მიზეზით რამდენჯერმე გადაიდო.
ამჟამად ტექნიკური ტესტირება მსუბუქი ავტომობილებისთვის ჯერჯერობით ნებაყოფლობითია. ტექდათვალიერება სავალდებულოა სატვირთო მანქანებისთვის, რომელთა ტვირთამწეობა 3,5 ტონაზე მეტია, და მგზავრთა (8 და მეტი) გადაყვანისთვის განკუთვნილი ავტომობილებისთვის.
სავალდებულო ტექდათვალიერების დაწესებას საქართველოს ხელისუფლება 2018 წლის 1 იანვრიდან გეგმავს, თუმცა ეს თარიღი პირობითია, რადგან სტანდარტები ჯერჯერობით შემუშავების სტადიაშია.
ახალი კანონის თანახმად, სავალდებულო ტექდათვალიერებას დაექვემდებარება ის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ექსპლუატაციაშია საქართველოს ტერიტორიაზე და რეგისტრირებულია ქართული კანონმდებლობით დადგენილი წესებით.