ტვირთების შემოწმების უფლება რუსულმა და ქართულმა მხარეებმა შვეიცარიულ კომპანია SGS-ს გადასცეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ ნოემბრის შუა რიცხვებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან მორიგი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ტვირთების მონიტორინგის თაობაზე საბოლოო, შეთანხმებულ ვარიანტს ქართული, რუსული და შვეიცარიული მხარეები უკვე თვის ბოლომდე მოაწერდნენ ხელს, მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა და თარიღმა ისევ გადაიწია. ახალი ინფორმაციით, აბაშიძე მონიტორინგის დაწყებას ახლა დეკემბრის ბოლომდე იმედოვნებს.
რას ითვალისწინებს რუსულ-ქართული შეთანხმება
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის უკიდურესად გართულებული მდგომარეობის ფონზე ამერიკული მხარის და პირადად პრეზიდენტ ობამას დაინტერესების შედეგად საქართველო დათანხმდა მხარი დაეჭირა რუსეთისთვის – გამხდარიყო „ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის“ (WTO) წევრი. საქართველო WTO-ს წევრია 2000 წლიდან, რუსეთმა კი იმავეს გაკეთება მხოლოდ 17-წლიანი მცდელობის შემდეგ, 2012 წლის 22 აგვისტოს შეძლო, მას შემდეგ, რაც WTO-ს წევრმა საქართველომ წინააღმდეგობა აღარ გაუწია ორგანიზაციაში რუსეთის მიღებას. სანაცვლოდ რუსული მხარე დათანხმდა საქართველოს მოთხოვნას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოძრავი ტვირთები ნეიტრალურ მხარეს აღერიცხა და ინფორმაცია საქართველოსთვის მიეწოდებინა.
რუსულ-ქართული შეთანხმებით, შვეიცარიულ კომპანიას მიენიჭა ამ რეგიონებში მოძრავი ტვირთების მონიტორინგის ფუნქცია, მათ შორის, სავაჭრო მონაცემების მიწოდება და გაზიარება; საბაჟო პროცედურებისა და საქონლის გაფორმების მონიტორინგი; საეჭვო ტვირთის ამოცნობა და საჭიროების შემთხვევაში მისი განმეორებითი დათვალიერება, შეფასება და/ან შემოწმება და ა.შ.
სავაჭრო დერეფნები
შეთანხმებაში არსად არის დაკონკრეტებული, ზუსტად რა ადგილებზე მოხდება ტვირთების გაკონტროლება. სავაჭრო დერეფნები გეოგრაფიული კოორდინატების მიხედვით არის განსაზღვრული. ამ გზით თავიდან იქნა აცილებული საქართველოსა და რუსეთს შორის სახელმწიფო საზღვრის დაფიქსირების აუცილებლობა, რაც მოლაპარაკებას უკიდურესად გაართულებდა.
სავაჭრო დერეფანი №1, რომელიც აფხაზეთის მიმართულებას ფარავს, რეგიონის სანაპირო ზოლის გასწვრივ გადის. ეს დერეფანი რუსეთში მდებარე დასახლება ადლერის სიახლოვეს იწყება (თავად ადლერი სავაჭრო დერეფანი №1-ის შიგნით არის მოქცეული), რომელიც კრასნოდარის მხარეში, სოჭთან მდებარეობს. დერეფანი მთავრდება ზუგდიდში. აღნიშნული დერეფანი ასევე ფარავს ტერიტორიის ნაწილს ზღვაზე, კერძოდ, გაგრის, გუდაუთის, ასევე სოხუმისა და ოჩამჩირის პორტების სანაპირო ზოლის მახლობლად.
დერეფანი №2 – ცხინვალის რეგიონში ტრანსკავკასიურ მაგისტრალს მიუყვება — გზას, რომელიც ჩრდილოეთ ოსეთს როკის გვირაბით ცხინვალის რეგიონთან აკავშირებს. ეს დერეფანი ჩრდილოეთ ოსეთის სოფელ ნართან (თავად სოფელი დერეფნის შიგნითაა მოქცეული) ახლოს მდებარე ტერიტორიიდან იწყება, საზღვრის სამხრეთ ოსეთის მონაკვეთიდან დაახლოებით ათ კილომეტრში, შემდეგ გაივლის როკის გვირაბს და ტრანსკავკასიური მაგისტრალის გაყოლებით ცხინვალისკენ გრძელდება, საიდანაც სამხრეთით უკვე გორისკენ მიემართება, სადაც დერეფნის ბოლო წერტილია.
დერეფანი №3 ზემო ლარსი-ყაზბეგის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მდებარეობს.
შეთანხმების მნიშვნელობა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2011 წელს განაცხადა:
„შეთანხმება მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან ის იძლევა რუსეთსა და საქართველოს მთლიან ტერიტორიას, მათ შორის აფხაზეთს, საქართველო, და ცხინვალის რეგიონს/სამხრეთ ოსეთი, საქართველო — შორის სასაქონლო ბრუნვის საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობას. შეთანხმება ასახავს მონიტორინგის ყველა იმ ელემენტს, რომელსაც საქართველო ითხოვდა მოლაპარაკებათა დასაწყისიდანვე“.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ხელშეკრულების მომზადების უშუალო მონაწილე სერგი კაპანაძე განმარტავს, რუსეთთან მიღწეულ შეთანხმებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა:
„ამით რუსეთმა აღიარა, რომ საქართველოს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ცხინვალის რეგიონთან და აფხაზეთთან ვაჭრობის შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ აღიარა საქართველოს გარკვეული სუვერენიტეტი ამ ორ რეგიონზე. მეორე: აღიარა, რომ საქართველოსთან სახმელეთო სავაჭრო კორიდორი არის სამი – რომელიც გადის ლარსზე, როკზე და ფსოუზე. რაც ყველაზე მთავარია, ამ მოლაპარაკებებში მას არ ჰყავდა ჩართული არც აფხაზეთის და არც ცხინვალის წარმომადგენლები. ასევე, რეალური საერთაშორისო ყოფნა გაგვიჩინა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მოგვცა საშუალება, ამის შესახებ მივიღოთ ინფორმაცია“.
რატომ გაჭიანურდა ტვირთების მონიტორინგის დაწყება
სერგი კაპანაძე ვარაუდობს, რომ რუსული მხარე არ ჩქარობს საბოლოო დოკუმენტის ხელმოწერას სწორედ იმ დადებითი მომენტების გამო, რასაც საქართველო მიიღებს. ხოლო თუ რატომ არ ჩქარობს ქართული მხარე, ამაზე კაპანაძე ფიქრობს, რომ დღევანდელი ხელისუფლება რუსეთის გაღიზიანებას ერიდება:
„ეს ხელშეკრულება მაშინ გაწყობს ხელისუფლებას, თუ პოლიტიკა გაქვს ისეთი, რომ დიპლომატიის ფარგლებში რუსეთთან გქონდეს საერთაშორისო ასპარეზზე კონფრონტაცია. თუ შენი პოლიტიკაა, რომ დაუყვავო და არსად პრობლემა არ შეუქმნა, არსად განცხადება არ გააკეთო და არსად არ მოახდინო აქტუალიზაცია შენი დებატის, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს ხელშეკრულება არ გაწყობს… ამ ოთხი წლის განმავლობაში ხელისუფლების პოლიტიკა იყო, რომ არ უნდათ რუსეთისთვის დისკომფორტის შექმნა და არსად არაფერს ამწვავებენ. ცხადია, ამ ხელისუფლების ინტერესში არც ეს ხელშეკრულება არ შედის“.
კაპანაძე ამბობს, რომ შეთანხმება პრაქტიკულად ბოლომდე იყო მიყვანილი, მაგრამ 2012 წელს საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა და ეს შეთანხმებაც დღემდე მხოლოდ ქაღალდზეა დარჩენილი.
„2012 წლისთვის, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, დარჩენილი იყო მხოლოდ კონტრაქტის გაფორმება, ერთი მხრივ, საქართველოსა და კომპანია SGS-ს შორის და, მეორე მხრივ, რუსეთსა და SGS-ს შორის. ეს უნდა ყოფილიყო სარკისებრი, იდენტური კონტრაქტები და ჩასაწერი იყო იურიდიულ-ტექნიკური მხარე. რაც შეეხება შინაარსობრივ მხარეს, მაგალითად, სად უნდა ყოფილიყო ტერმინალები განლაგებული, მონიტორებს რა ფუნქციები უნდა ჰქონოდათ და ა.შ., ანუ ყველაფერი, რაზეც შეიძლება კითხვის ნიშანი გაჩენილიყო, მანამდე იყო შეთანხმებული. გავცვალეთ ნოტები და მას დაერთო დოკუმენტი, სადაც ასახული იყო კონტრაქტის შინაარსის ფუნდამენტური ნაწილები. ეს კი იმ ტექნიკურ დოკუმენტში უნდა გადაეტანათ, რომელიც კომპანიასთან გაფორმდებოდა. ამას რამდენიმე დღე, უკიდურეს შემთხვევაში, რამდენიმე კვირა სჭირდებოდა. დღეს კი, როგორც ვიცი, გაჩერებული არიან იქ, რომ ეს კონტრაქტი კიდევ არ არის შეთანხმებული. ანუ დოკუმენტი, რომელშიც შესათანხმებელი აღარაფერი იყო, დღემდე არ გაფორმებულა“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ გასულ წელს.
საქართველოს მეზობლების ინტერესები
იმის მიუხედავად, რომ ამ შეთანხმებაზე მუშაობა უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს, თემასთან დაკავშირებით მაინც არსებობს პასუხგაუცემელი კითხვები. მათ შორის ერთ-ერთია – მოიცავს თუ არა შეთანხმება საქართველოს მეზობელი ქვეყნებისთვის ამ დერეფნების გახსნას?
„სატრანზიტო მიმართულებებით გზების გახსნის თემას არ განვიხილავთ“, — ასე გამოეხმაურა ზურაბ აბაშიძე ამ თემით ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაინტერესებული მხარის, სომხეთის ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრის ვაან მარტიროსიანის განცხადებას იმის თაობაზე, რომ „სომხეთი რუსეთსა და საქართველოს შორის, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გავლით, უახლოეს მომავალში სავაჭრო დერეფნის გაშვებას იმედოვნებს“.
როგორც ვაან მარტიროსიანმა მიმდინარე წლის ივლისში განაცხადა, მოსკოვისა და თბილისის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ დაიწყონ 2011 წელს ხელმოწერილი შეთანხმების რეალიზება საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო დერეფნის შესახებ „ყოფილი ქართული ავტონომიების — აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გავლით“. და, მისი თქმით, აფხაზეთის გავლით სატრანსპორტო დერეფანი სომხეთს საშუალებას მისცემს, ჰქონდეს ზემო ლარსის ალტერნატივა, რაც შეამსუბუქებს სატვირთო გადაზიდვებს ჩრდილოეთით, წარმოშობს კონკურენციას და დადებითად აისახება საფასო პოლიტიკაზე.
ზურაბ აბაშიძემ, თავის მხრივ, სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს ტვირთბრუნვის მონიტორინგის თაობაზე 2011 წელს გაფორმებული ხელშეკრულების იმპლემენტაციაზე და საუბარი არ არის არავითარ დამატებით პირობებზე, რაც სომხეთს აფხაზეთის გავლით სავაჭრო დერეფნის გახსნის იმედს მისცემდა.
თემურ იოსელიანი
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!