თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან შეხვედრისას ქართულ-რუსულ საზღვარზე ტვირთების მონიტორინგის შესახებ ხელშეკრულების განხილვას აპირებს.
ოფიციალურმა თბილისმა არაერთხელ განაცხადა, რომ დაასრულა აღნიშნული ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები და ანალოგიურ მზადყოფნას ელოდება რუსული მხრიდან.
"ხაზგასმით დავაყენებთ საკითხს, რომ დროა მოვაწეროთ ხელი შესაბამის კონტრაქტებს, რათა ამ შეთანხმების პრაქტიკული რეალიზაცია დაიწყოს. ველით, რომ რუსეთის მხარე დაადასტურებს მზადყოფნას ხელმოსაწერად. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი თარიღისთვის, დაინტერესებული ვართ, რომ მაქსიმალურად მალე ამოქმედდეს შეთანხმება", — განაცხადა ზურაბ აბაშიძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
ამჟამად პრაღაში აბაშიძე-კარასინის შეხვედრა მიმდინარეობს. ეს საქართველო-რუსეთის არაფორმალური დიალოგის ფორმატია, რომელიც 2012 წლიდან ტარდება ქვეყნებს შორის გაუქმებული დიპლომატიური ურთიერთობების პირობებში.
მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვის განცხადებას, რომ სამხრეთ ოსეთი მზადაა თანაბარუფლებიანი მონაწილეობა მიიღოს საქართველოს მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიის გავლით ტვირთების ტრანზიტის ორგანიზებაში. ამის პასუხად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ რუსეთი ცდილობს გახადოს ცხინვალის რეგიონი ტვირთების მონიტორინგის შესახებ საქართველო-რუსეთის შეთანხმების სრულუფლებიანი მონაწილე, რაც საქართველოსთვის მიუღებელია.
ტვირთების საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმების შესახებ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი გახდა, როდესაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოხსნა ვეტო მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციაში რუსეთის შესვლაზე, მხოლოდ იმ პირობით, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე გაივლის სავაჭრო დერეფნები რუსეთიდან საქართველოში, ხოლო მხარეები მოიწვევენ საერთაშორისო შუამავლებს, რომლებიც გააკონტროლებენ ტვირთების ნაკადს და მათ მარკირებას განახორციელებენ.
ასეთი სისტემა მხარეებს საშუალებას მისცემდა, გვერდი აევლოთ საზღვარზე ტვირთების გაფორმების მგრძნობიარე საკითხისთვის, ასევე აემოქმედებინათ ავტომაგისტრალი ცხინვალის რეგიონის გავლით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სომხეთისთვის, რადგან ე.წ. საქართველოს სამხედრო გზა უამინდობის გამო ხშირად იკეტება.
2011 წელს მოლაპარაკებებზე რუსეთსა და საქართველოს შორის შუამავალი შვეიცარიის ხელისუფლება იყო. ისინი გამოვიდნენ წინადადებით, შექმნილიყო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საზღვრებზე ტვირთების მოძრაობისთვის თვალის მიდევნების ელექტრონული სისტემა, რასაც თავის თავზე შვეიცარიული კომპანია აიღებდა. ასეთი ვარიანტი საშუალებას იძლეოდა მოსკოვის მიერ ამ ოპერაციების სტატუსის განსაზღვრის – როგორც რუსულ-ქართული ვაჭრობის ფორმალური აღიარების გარეშე, ანუ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საქართველოს ნაწილად ფორმალური აღიარების გარეშე.
მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა 2008 წელს აღიარა, საპასუხოდ ოფიციალურმა თბილისმა მასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.
რუსეთ-საქართველოს საზღვარზე საქონელბრუნვის მონიტორინგის პირობებზე მოლაპარაკებებს საქართველოსა და რუსეთს შორის შვეიცარიული კომპანია SGS აწარმოებდა. შვეიცარიული კომპანია SGS დაკავებული იქნება არა საბაჟო პროცედურებით, არამედ რუსეთში გასატანი და რუსეთიდან შემოტანილი ტვირთების შესახებ ინფორმაციის მოწოდებით.
კომპანია გააკონტროლებს საქონელბრუნვას საქართველო-რუსეთის საზღვარზე, მათ შორის საზღვრის იმ მონაკვეთებზე, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ვერ აკონტროლებს (მდინარე ფსოუს და როკის გვირაბის გავლით შემოტანილ ან გატანილ ტვირთებზე).