თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა სამხრეთ კავკასიაში ნატოს მყარად გამაგრების სურვილის შესახებ განაცხადა.
მანამდე ნატოში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ალექსანდრ გრუშკომ განაცხადა, რომ ნატო ნებისმიერ ხრიკს მიმართავს, რათა რუსეთის იმიჯის დემონიზაცია მოახდინოს და რუსეთის შეკავების პოლიტიკა გაამართლოს. მისი თქმით, საინფორმაციო საშუალებებში უამრავი მასალა გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, რომ „რუსეთს, ფაქტობრივად, რამდენიმე საათის განმავლობაში ბალტიის ქვეყნების დაპყრობა შეუძლია".
„ბოლო პერიოდში საქართველოს თანამშრომლობა ნატოსთან ისეთ ფორმებს იღებს, რომ ფაქტობრივად თბილისს ხდის რუსეთის შეკავების ნატოსეული პოლიტიკის მონაწილედ. მხოლოდ გასულ წელს საქართველოს ტერიტორიაზე სამჯერ ჩატარდა მასშტაბური სწავლებები ნატოს წევრი ქვეყნების კონტინგენტის მონაწილეობით. უკვე მეორე წელია, ზედიზედ, სპეციალურად მუშავდება ევროპიდან მძიმე სამხედრო ტექნიკის ოპერატიული გადასროლა", — განაცხადა კარასინმა რუსულ გამოცემა "იზვესტიასთან" ინტერვიუში.
დიპლომატის თქმით, თბილისში ცოტა ხნის წინ გამართული ნატოს საპარლამენტო ასამბლეა და იქ მიღებული დეკლარაცია ცხადყოფს ალიანსის ანგაჟირებას საქართველოს მიმართულებით და სურვილს, მტკიცედ გამაგრდეს სამხრეთ კავკასიაში.
ნატო-საქართველოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო გახდა წევრი პროგრამისა „პარტნიორობა მშვიდობისთვის". 2004 წლის „ვარდების რევოლუციის" შემდეგ საქართველოს და ნატოს თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდა.
2008 წელს ბუქარესტში გამართულ ნატოს წევრი ქვეყნების სამიტზე დადასტურდა, რომ ალიანსის სტანდარტებთან შესაბამისობის შემთხვევაში, საქართველო მომავალში ნატოს წევრი გახდება. 2014 წელს უელსში გამართულ სამიტზე საქართველოს ნატოს წევრობისკენ სწრაფვის მხარდამჭერ ღონისძიებათა პაკეტი დამტკიცდა.