თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო მზადაა საბაჟო ადმინისტრირებისა და საქონელბრუნვის მონიტორინგის მექანიზმის ძირითადი პრინციპების შესახებ შეთანხმების ყველა პირობა შეასრულოს, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.
უფრო ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ საქართველოს არ სურს საზღვარზე საბაჟო ადმინისტრირებისა და საქონელბრუნვის მონიტორინგის შესახებ შეთანხმების თავისი წილი ვალდებულებების შესრულება. მისი თქმით, ქართულ მხარეს სურს, რომ რუსეთმა შეთანხმება ცალმხრივად შეასრულოს. საუბარია ტვირთების მოძრაობის მონიტორინგზე საქართველოსა და რუსეთის საზღვრებზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიების გავლით, რომლებსაც ოფიციალური თბილისი ვერ აკონტროლებს.
"საქართველო დიდი ხანია მზადაა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები… ჩვენ ასევე მზად ვართ, ხელი მოვაწეროთ კონტრაქტს შუამავალ შვეიცარულ კომპანიასთან, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ამ შეთანხმების იმპლემენტაცია. მოველით, რომ ეს ძირითადი შეთანხმებაც და შესაბამისი კონტრაქტიც შესრულდება ყველა მხარის მიერ", — განაცხადა ჯანელიძემ.
ჯანელიძემ ასევე აღნიშნა, რომ შეთანხმების შესრულება ცალმხრივად შეუძლებელია. მან იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი ამ შეთანხმების შესრულების მიმართულებით ნაბიჯს გადმოდგამს.
ოფიციალურმა თბილისმა არაერთხელ განაცხადა, რომ დაასრულა შეთანხმების შესასრულებლად აუცილებელი მოსამზადებელი სამუშაოები და რუსული მხარისგან ანალოგიურ მზადყოფნას ელოდება. ამისთვის ორივე მხარემ უნდა გააფორმოს შეთანხმება ნეიტრალურ კომპანიასთან. ამ შემთხვევაში საუბარია შვეიცარიულ კომპანია SGS-ზე.
ტვირთების საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმების შესახებ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი გახდა, როდესაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოხსნა ვეტო მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციაში რუსეთის შესვლაზე, მხოლოდ იმ პირობით, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე გაივლის სავაჭრო დერეფნები რუსეთიდან საქართველოში, ხოლო მხარეები მოიწვევენ საერთაშორისო შუამავლებს, რომლებიც გააკონტროლებენ ტვირთების ნაკადს და მათ მარკირებას განახორციელებენ.
ასეთი სისტემა მხარეებს საშუალებას მისცემს, გვერდი აუარონ საზღვარზე ტვირთების გაფორმების მგრძნობიარე საკითხს, ასევე აამოქმედონ ავტომაგისტრალი ცხინვალის რეგიონის გავლით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სომხეთისთვის, რადგან ე.წ. საქართველოს სამხედრო გზა უამინდობის გამო ხშირად იკეტება.
რუსეთ-საქართველოს საზღვარზე საქონელბრუნვის მონიტორინგის პირობებზე მოლაპარაკებებს საქართველოსა და რუსეთს შორის შვეიცარიული კომპანია SGS აწარმოებდა. შვეიცარიული კომპანია SGS დაკავებული იქნება არა საბაჟო პროცედურებით, არამედ რუსეთში გასატანი და რუსეთიდან შემოტანილი ტვირთების შესახებ ინფორმაციის მოწოდებით.
კომპანია გააკონტროლებს საქონელბრუნვას საქართველო-რუსეთის საზღვარზე, მათ შორის, საზღვრის იმ მონაკვეთებზე, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ვერ აკონტროლებს (მდინარე ფსოუს და როკის გვირაბის გავლით შემოტანილ ან გატანილ ტვირთებზე).