კვლევის „საზოგადოებრივი განწყობა საქართველოში“ შედეგები ორშაბათს NDI-ს დირექტორმა ლორა ტორნტონმა პრეზენტაციაზე წარადგინა.
გამოკითხვა ჩატარდა 4 ნოემბერი – 4 დეკემბრის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3 141 ადამიანის პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარია +/-1,8%.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) და ატარებს გამოკითხვებს კვლევითი რესურსების ცენტრი.
ეროვნული საკითხები
2009 წლიდან საქართველოში არ შეცვლილა მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების ხუთეული: სამუშაო ადგილები (58%), ფასების ზრდა/ინფლაცია (38%), სიღარიბე (30%), ტერიტორიული მთლიანობა (27%) და პენსიები (24%).
სიის მიხედვით შემდეგ მოდის: ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება (23%), ხელფასები (19%), რუსეთთან ურთიერთობები (14%), განათლება (14%), ადამიანის უფლებები (8%), სამართლიანობის აღდგენა (24%).
ქვეყნის მოსახლეობას უფრო ნაკლებად აწუხებს: სიტყვის თავისუფლება (4%), ნატოში შესვლა (3%), სამართლიანი არჩევნები (3%), კრიმინალი (3%), სასამართლო სისტემა (3%), საკუთრების უფლება (2%), კორუფცია (1%), მედიის თავისუფლება (1%), უმცირესობათა უფლებები (1%).
აღსანიშნავია, რომ კითხვაზე “რომელი ეროვნული საკითხები თქვენთვის და თქვენი ოჯახისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია“, რესპონდენტებმა პასუხების სამი ვარიანტი აირჩიეს.
საქართველოს მოსახელობის თითქმის ერთი მესამედი (32%) მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. საპირისპირო აზრი რესპონდენტთა 27%-ს გააჩნია. ამასთან გამოკითხვის მონაწილეთა 36%-მა უპასუხეს, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება. არ იცოდნენ რა ეპასუხათ რესპონდენტთა 5%-მა.
2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, როდესაც ქვეყანას სათავეში „ქართული ოცნების“ კოალიცია ჩაუდგა, გამოკითხულთა 27%-მა განაცხადა, რომ უკეთესად ცხოვრობენ, 17%-მა კი — უარესად. ამ დროს გამოკითხულთა 56%-მა განაცხადა, რომ 2012 წლის შემდეგ მათი და მათი ოჯახების მდგომარეობა არ შეცვლილა.
უკანასკნელი წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობის 33%-ის ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა, გამოკითხულთა 12%-ის — გაუარესდა, იგივე დარჩა — 38%-ს. არ იცოდნენ, რა ეპასუხათ რესპონდენტთა 17%-მა.
ამ დროს საქართველოს მოსახლეობის 66% თავს უმუშევრად თვლის, 34% — დასაქმებულად. თუმცა ყველა გამოკითხულს რაღაც შემოსავალი გააჩნია: გამოკითხვის მონაწილეთა 23%-ის შემოსავალი 261–400 ლარის ფარგლებში მერყეობს, 21% იღებს 401–800 ლარს, 19% კი — 151–260 ლარს.
თვეში 150 ლარზე ნაკლებს იღებს გამოკითხულთა 6%. მაღალი შემოსავალი რესპონდენტთა მცირე რიცხვს გააჩნია: გამოკითხვის მონაწილეთა 8% იღებს 800–1200 ლარს, 2% იღებს 1200–1600 ლარს, ხოლო 1600 ლარზე მეტი მხოლოდ რესპონდენტთა 3%-ს გააჩნია.
ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობა
მოსახელობასა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შორის კომუნიკაცია საქართველოში დაბალია: 2016 წლის განმავლობაში საკრებულოსთან კონტაქტი ჰქონდა გამოკითხულთა მხოლოდ 14%-ს, ხოლო მერიასთან — 11%-ს.
ამ დროს გამოკითხვის მონაწილეთა აბსოლუტური უმრავლესობა (89%), რომლებმაც ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართეს, აღნიშნეს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა წარმომადგენლები მათ პატივისცემით მოექცნენ. რესპონდენტთა კიდევ 69% საუბრობს ადგილობრივი ხელისუფლების მუშაკთა კომპეტენტურობის შესახებ.
გარდა ამისა, მათი უმრავლესობა (59%) აღნიშნავს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება დაეხმარა მათ პრობლემის გადაჭრაში.
რესპონდენტთა 49% ეთანხმება მტკიცებას, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს. არ ეთანხმება ამას გამოკითხულთა 46%, არ იცოდნენ რა ეპასუხათ გამოკითხვის მონაწილეთა 5%-მა.
ქალების პოლიტიკური მონაწილეობა
საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა (მამაკაცების 76% და ქალების 85%) მიიჩნევს, რომ ქალებს ასევე კარგად შეუძლიათ გადაწყვეტილებების მიღება, როგორც მამაკაცებს.
კვლევებმა აჩვენეს, რომ კულტურული თავისებურებები, დროისა და რესურსების უქონლობა ქალებს ხელს უშლის პოლიტიკაში აქტიური მონაწილეობა მიიღონ.
ამჟამად საქართველოს პარლამენტის 150 დეპუტატიდან 23 ქალია (15%). გამოკითხულთა ნახევარზე მეტი (52%) მიიჩნევს, რომ ეს ძალიან ცოტაა, 39%-მა აღნიშნა, რომ ეს საკმარისია და მხოლოდ 4%-მა უპასუხა, რომ ქართულ პარლამენტში ძალიან ბევრი ქალია. არ იცოდნენ რა ეპასუხათ გამოკითხვის მონაწილეთა 5%-მა.
საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი (39%) თვლის, რომ ქვეყნის პარლამენტში უნდა იყოს 30% დეპუტატი–ქალი, 50/50 ფორმულას რესპონდენტთა 35% ემხრობა.
გამოკითხულთა 56% დარწმუნებულია, რომ ზემოდ ხსენებული ფაქტორი საქართველოზე დადებითად იმოქმედებს. გამოკითხვის ამდენივე მონაწილე პარლამენტში აუცილებელი გენდერული კვოტის შემოღებას ემხრობა.
საგარეო პოლიტიკა
საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა (54%) მიიჩნევს, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკა პროდასავლური უნდა იყოს, თუმცა ამავე დროს ხელისუფლებამ რუსეთთან კარგი ურთიერთობები უნდა შეინარჩუნოს, ასეთია აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგი. გასული წლის ზაფხულში ჩატარებულ გამოკითხვასთან შედარებით ამჟამად ამ მოსაზრების მქონე ადამიანთა რაოდენობა 6%-ით გაიზარდა.
გამოკითხულთა ნაწილი (18%) მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო კურსი პრორუსული უნდა იყოს, ამასთან ერთად კარგი ურთიერთობები უნდა შენარჩუნდეს ევროკავშირთან და ნატოსთან.
ერთმნიშვნელოვანი პასუხების მქონე რესპონდენტების რაოდენობა ნაკლები იყო: გამოკითხულთა 12% მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი პროდასავლური უნდა იყოს, ხოლო 9% — პრორუსული. პასუხი არ ჰქონდა მხოლოდ რესპონდენტთა 7%-ს.
საქართველოს მოსახლეობის თითქმის მესამედი (31%) ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს, თუ უარს იტყვის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე რუსეთთან უფრო კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბების სანაცვლოდ.
მოსახლეობის უმრავლესობა კი (53%) მხარს უჭერს მოსაზრებას, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციით. არც ერთ მოსაზრებას არ ეთანხმება გამოკითხულთა 7%, ხოლო 9%-მა არ იცის პასუხი, 1%-მა პასუხზე უარი განაცხადა.
კვლავ მაღალია საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილის პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც მხარს უჭერს მთავრობის ევროკავშირისკენ სწრაფვას — 72%, ამ მისწრაფების წინააღმდეგია გამოკითხულთა 18%.
ნატოში შესვლას მხარს უჭერს გამოკითხვის მონაწილეთა 61%, ხოლო 25% — წინააღმდეგია, 14%-ს კი ამაზე პასუხი არ აქვს.