თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლების (COREPER) შეხვედრაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით, რეგულაციების ცვლილება დამტკიცდა, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.
რეგულაციების ცვლილების საბოლოო რედაქცია ევროკომისიის, ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს წარმომადგენლებმა 13 დეკემბერს შეათანხმეს.
„მივესალმებით, რომ ევროკავშირის ინსტიტუტებში საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისათვის აუცილებელი დარჩენილი პროცედურები შეუფერხებლად მიმდინარეობს. ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოსაღებად“, — ციტირებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური მინისტრ მიხეილ ჯანელიძის სიტყვებს.
საქართველოს ხელისუფლების მოლოდინით, ახალი წლიდან ეს პროცესი ევროპარლამენტში კვლავაც აქტიურად წარიმართება, აღნიშნა დიპლომატმა.
„ეს რთული და ხანგრძლივი პროცესი მალე დასრულდება!“ — წერს ჯანელიძე საკუთარ ფეისბუქგვერდზე.
შემდგომი პროცედურის თანახმად, რეგულაციის ცვლილების საბოლოო ტექსტს კენჭს უყრის ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულების და საშინაო საკითხების კომიტეტი (LIBE).
ამის შემდეგ, გაიმართება კენჭისყრა ევროპარლამენტის უახლოეს პლენარულ სესიაზე, რის შემდეგაც, განახლებულ რეგულაციას ფორმალურად დაამტკიცებს ევროკავშირის საბჭო მინისტრების დონეზე.
ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის (ნიდერლანდების) წარმომადგენლის მიერ საკანონმდებლო ცვლილების ხელმოწერის შემდეგ საკანონმდებლო ცვლილებები გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში.
ევროკავშირმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით დიალოგი 2012 წელს დაიწყო. 2013 წლის თებერვალში ევროკომისიამ საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა წარუდგინა. 2015 წლის დეკემბერში ევროკომისიამ წარადგინა მოხსენება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ საქართველომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის ყველა პირობა შეასრულა.
საქართველოში ვარაუდობდნენ, რომ ევროკავშირი უვიზო რეჟიმს უკვე 2016 წლის ზაფხულში დააწესებდა, თუმცა ივნისის დასაწყისში ამ საკითხის განხილვა გადაიდო. გადაწყვეტილების მიღების წინააღმდეგ მაშინ გერმანია, საფრანგეთი და იტალია წავიდნენ. მოგვიანებით კი ამ ქვეყნებმა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხზე მხარდაჭერა ღიად დააფიქსირეს.
თუ ევროპარლამენტარები მოიწონებენ კანონპროექტს, საქართველოს მოქალაქეები, შეძლებენ ისარგებლონ შენგენის ზონის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმით (90 დღით 180 დღის მანძილზე).