თბილისი, 7 დეკემბერი— Sputnik. საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი ევროპული სტრუქტურებისათვის პრიორიტეტულია და ეს პროცესი მალე დასრულდება, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოსა და უკრაინისათვის ვიზალიბერალიზაციის პროცესის დაჩქარების შესახებ ევროსაბჭოს თავმჯდომარის დონალდ ტუსკის მოწოდებაზე კომენტარისას.
მანამდე საინფორმაციო საშუალებებში ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცისადმი ევროსაბჭოს თავმჯდომარის წერილი გავრცელდა. ტუსკის სიტყვებით, ევროკავშირის ქვეყნებსა და ხელმძღვანელ ინსტიტუტებს დიდი პოლიტიკური პასუხისმგებლობა აკისრიათ და უკრაინისა და საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებასთან დაკავშირებით ამ ქვეყნების მხრიდან ნდობა არ უნდა დაკარგონ.
"არ მსურს რაიმე კომენტარი გავაკეთო ევროკავშირის ინსტიტუტების შიგნით მიმდინარე მოლაპარაკებებსა და დისკუსიაზე, მაგრამ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ წერილით, რომელიც გასაჯაროვდა, კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის საკითხის პრიორიტეტულობას, როგორც ევროპული ინსტიტუტებისთვის, ასევე ზოგადად ევროპული პოლიტიკისთვის", — განაცხადა ჯანელიძემ ჟურნალისტებთან.
ეს თემა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირისათვისაც, ხაზი გაუსვა ქართველმა დიპლომატმა.
„დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერით ეს პროცესი მალე დასრულდება“, — განაცხადა ჯანელიძემ.
2013 წლის თებერვალში ევროკომისიამ საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა წარუდგინა. 2015 წლის დეკემბერში ევროკომისიამ მოხსენებაში აღნიშნა, რომ საქართველომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის ყველა პირობა შეასრულა.
საქართველოში ვარაუდობდნენ, რომ ევროკავშირი უვიზო რეჟიმს უკვე 2016 წლის ზაფხულში დააწესებდა, თუმცა ივნისის დასაწყისში ამ საკითხის განხილვა გადაიდო. გადაწყვეტილების მიღების წინააღმდეგ მაშინ გერმანია, საფრანგეთი და იტალია წავიდნენ. მოგვიანებით კი ამ ქვეყნებმა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხზე მხარდაჭერა ღიად დააფიქსირეს.
ამ ეტაპზე პროცედურებით გათვალისწინებულია ევროკავშირის პარლამენტთან და ევროკომისიასთან მოლაპარაკებების დაწყება. საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით მხარეებმა უნდა შეათანხმონ და მოამზადონ რეგულაციების ცვლილებების საბოლოო ვარიანტი. ამის შემდეგ დოკუმენტს კენჭი უნდა უყარონ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ხოლო შემდეგ დაამტკიცონ ევროკავშირის საბჭოში.
თუ ევროპარლამენტარები მხარს დაუჭერენ კანონპროექტს, საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ 180 დღის მანძილზე 90 დღე უვიზოდ დაჰყონ შენგენის ზონაში.