თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ და ოპოზიციურმა პარტიებმა სხვადასხვაგვარად შეაფასეს სანდრა რულოვსის უარი, დაიკავოს დეპუტატის სავარძელი ახალი მოწვევის პარლამენტში.
„არაფერი მოულოდნელი და არაბუნებრივი ამაში არ არის“, — განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
პოლიტიკოსის აზრით, ქვეყნის ექს-პრეზიდენტის მეუღლეს ამ გადაწყვეტილების მისაღებად ობიექტური მიზეზები ექნებოდა.
„ის, რომ პარტიაში იყო პრობლემები, ეს ჩანდა ჯერ კიდევ თვეებით ადრე, საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე. ეს ინფორმაცია ჟონავდა მათი ოფისიდან, ეს ჩანდა მათ განცხადებებშიც და მათ მუშაობაშიც, და იმაში, რომ არჩევნების შემდგომ ეს პროცესი გამწვავდა, რა თქმა უნდა, მოულოდნელი და არაბუნებრივი არაფერი არ არის“, — აღნიშნა თალაკვაძემ.
სანდრა რულოვსის გადაწყვეტილებაზე აზრი გამოთქვა დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმაც.
„მან დაინახა, რომ დაიმსხვრა მითი, თითქოს ვიღაც ენდობოდა, მის მიმართ და სააკაშვილის მიმართ ქართველ ხალხში არსებობდა დადებითი წარმოდგენები. შესაბამისად, მან მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო“, — განაცხადა სუბარმა „პირველი რადიოს“ ეთერში.
რაც შეეხება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, პარტიაში განაცხადეს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ადგილი ჰქონდა ზეწოლას ხელისუფლების მხრიდან.
„სასურველი იქნებოდა, რომ სანდრაც ყოფილიყო პარლამენტში, მაგრამ აბსოლუტურად მესმის მისი განსაკუთრებული მდგომარეობის და ის, რამდენად ძნელია ფსიქოლოგიურად მისთვის ამ უმრავლესობის გვერდით ყოფნა, რომელმაც ყველანაირი უკანონო მეთოდი გამოიყენა მის წინააღმდეგ ზუგდიდის რაიონში არჩევნების დროს“, — მიაჩნია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს დავით დარჩიაშვილს.
„ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივნის სერგო რატიანის განცხადებით, სანდრა რულოვსის გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა.
„ეს არის სანდრას პირადი გადაწყვეტილება, რომლის თაობაზეც ჩვენ ვიყავით ინფორმირებული, გუშინ გვქონდა ამ თემაზე კომუნიკაცია. მე სრულიად მესმის მისი, არაფერი გაუგებარი ამ გადაწყვეტილებაში არაა. პატივს ვცემთ მის პირად არჩევანს“, — აღნიშნა მან.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალი მოწვევის პარლამენტში სანდრა რულოვსის ადგილს კახეთის ყოფილი გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი დაიკავებს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში 28-ე ნომერი იყო.