თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მიესალმება ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც საქართველოს ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკას ჩამოაცილებს.
სააკაშვილმა ორშაბათს განცხადება გაკეთა ოდესის ოლქის გუბერნატორობიდან მისი გადადგომის შესახებ, იმ მიზეზით, რომ უკრაინის ხელისუფლებას არ სურს კორუფციასთან ბრძოლა. მისი თქმით, ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად, უკრაინაში კორუფცია ყვავის და „როგორც ძარცვავდნენ ისევ ისე ძარცვავენ“. მისი თქმით, მისთვის „ბოლო წვეთი“ გახდა ჩინოვნიკების შემოსავლებზე ელექტრონული დეკლარაციების გამოქვეყნება.
„მე რა თქმა უნდა მივესალმები ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ამ კაცს პოლიტიკას ჩამოაშორებს. ვფიქრობ ეს პოზიტიური ნაბიჯია. ყველა ადამიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს რა უნდა ქნას. ვფიქრობ პოლიტიკური ცხოვრება ძალიან რთულია და არის დრო, როცა აქტიური უნდა იყო და დრო, როცა ადამიანი უნდა გაერიდოს“ — თქვა ჯეჯელავამ.
ამასთან მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართულ-უკრაინული ურთიერთობები იყო და იქნება პარტნიორული.
„ჩვენ მივესალმებით უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებისკენ მიმართულ ნებისმიერ ნაბიჯს“, — თქვა ჯეჯელავამ.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ სააკაშვილის გადაწყვეტილებას მოსალოდნელი უწოდეს.
„მან თავისი ოპოზიციური დამოკიდებულება გამოხატა უკრაინაში მთლიანად სოციალურ-პოლიტიკური სისტემის მიმართ. და შესაბამისად მისი კონკრეტული ნაბიჯები უკრაინის პოლიტიკაში გადადგმული იქნება აქედან გამომდინარე“, — განაცხადა ენმ-ს წევრმა დავით დარჩიაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წელს დატოვა, ახალი პრეზიდენტის — გიორგი მარგველაშვილის არჩევის შემდეგ. ამას წინ უძღოდა ხელისუფლების ცვლილება საქართველოში — 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ხელისუფლების სათავეში მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი კოალიცია „ქართული ოცნება“ მოვიდა.
საქართველოს ექს-პრეზიდენტმა კარიერა საზღვარგარეთ გააგრძელა. თავდაპირველად ლექციებს კითხულობდა აშშ-ში, შემდეგ კი მას უკრაინაში შესთავაზეს მუშაობა. 2015 წლის მაისში სააკაშვილი ოდესის გუბერნატორი გახდა.
საქართველოში ექს-პრეზიდენტზე შიდა სახელმწიფოებრივი ძებნაა გამოცხადებული. საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს დაუსწრებლად წაუყენა ბრალი რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში, მათ შორის 5 მილიონი სახელმწიფო სახსრების პირადი საჭიროებისათვის გამოყენებაში.