თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახალგაზრდობას მოუწოდა, ყურადღება მიაქციოს ქვეყნის პროფესიული განათლების ახალ სისტემას, რომელიც დასაქმების შესაძლებლობას იძლევა.
პრემიერის ინიციატივით, განათლების სისტემაში გერმანული მოდელი ინერგება, რომლის თანახმად შესაძლებელია ერთდროულად სწავლაცა და სპეციალობით მუშაობაც. პროფსასწავლებელებში სწავლისთვის რეგისტრაცია 150 განახლებულ და 50 ახალ, ე. წ. დუალურ სისტემაზე დაფუძნებულ პროგრამებზე 3 ოქტომბრიდან დაიწყება.
„ეს არის რელსებზე დაყენებული სისტემა, რომელიც უშუალოდ ასაქმებს ადამიანებს. მინდა ყველას მოვუწოდო, ვინც პროფესიის არჩევაზე ფიქრობს, ყურადღება მიაქციოს ახალ, სრულიად განსხვავებულ შესაძლებლობებს და გაითვალისწინოს ის, რომ ეს არის პირდაპირი გზა დასაქმებისკენ“, — განაცხადა კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
წელს პირველად დუალური პრინციპით დაიწყება ბევრი პროფესიის შესწავლა: მეღვინეობა, მეხილეობა, მეცხოველეობა, ახალი დუალურ პროგრამების განხორციელება ახალციხის, კაჭრეთის, სენაკისა და წინამძღვრიანთკარის კოლეჯებში.
„გამომდინარე იქედან, რომ პროფესიული განათლება ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტულია, ჩვენ სრულად ვაფინანსებთ სტუდენტების სწავლას, პროფესიულ განათლებას სახელმწიფო სასწავლებლებში.
სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის დამატებით განსაზღვრულია ტრანსპორტირებისა და საცხოვრებლის დაფინანსება. და ყველა კოლეჯი ადაპტირებულია შშმ პირებისთვის“, — აღნიშნა კვირიკაშვილმა.
სტუდენტებს ასევე შეეძლებათ, გაიარონ პროფესიული ტესტირება სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე და კოლეჯშივე, პროფესიასთან ერთად, შეისწავლონ ქართული ენა.