თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მნიშვნელოვანი მიღწევა უწოდა იმ ფაქტს, რომ საქართველომ, მსოფლიო ბანკის ბოლო კლასიფიკაციით, საშუალოზე დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნების ჯგუფიდან იმ ქვეყნების კატეგორიაში გადაინაცვლა, სადაც საშუალო და მაღალი შემოსავლები აქვთ.
„ამ კლასიფიკაციაში წინსვლა საქართველოს ბოლო 15 წლის განმავლობაში არ ჰქონია. ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო საინვესტიციო იმიჯის და საქართველოს ცნობადობის ამაღლების კუთხით“, — განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.
პრემიერმა განმარტა, რომ მსოფლიო ბანკი ყოველწლიურად აქვეყნებს კლასიფიკაციას შემოსავლების მიხედვით, რომელიც თითოეული ქვეყნის ეროვნული შემოსავლის ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებას ეფუძნება.
მიმდინარე ფასებით, საქართველოში 2015 წელს მთლიანმა შიდა პროდუქტმა ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 3,8 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2014 წლის მაჩვენებელზე (დაახლოებით 3,7 ათასი დოლარი) 2,3%-ით მაღალია.