2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები ბოლო არჩევნებია, სადაც ამომრჩეველი პრეზიდენტს პირდაპირი წესით ირჩევს. საქართველოს რიგით მეხუთე პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობას ექვსი წლის ვადით დაიკავებს.
დღეს არსებული მონაცემებით და გარკვეული ალბათობით მოსალოდნელია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური. მიუხედავად იმისა, რომ სრულად იყო ჩართული სახელისუფლებო რესურსი და ბიძინა ივანიშვილი პირადად იღებდა მონაწილეობას საარჩევნო აგიტაციაში, ჩატარებული არჩევნების ანალიზი იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ამომრჩეველთა ძალიან დიდი ნაწილი არჩევნებზე არ მივიდა.
20 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა საერთო სიის 46%-მა , რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებლია და რომ არა საარჩევნო ცვლილებები, დღეს უკვე თავად არჩევნების ლეგიტიმურობა დადგებოდა დღის წესრიგში. (ადრინდელი კანონმდებლობის თანახმად, არჩევნები ჩაითვლებოდა ჩატარებულად თუ არჩევნებზე 50%ზე მეტი მივიდოდა). აშკარად შეიმჩნევა ჩვენი მოქალაქეების მხრიდან ყოველ არჩევნებზე სრული ინდიფერენტულობა. აქედან გამომდინარე, დღევანდელი რეალობით, არჩევნების მეორე ტური არ არის გამორიცხული და ამას არც მმართველი ძალა გამორიცხავს. ჯერჯერობით, ოფიციალური მონაცემების გამოცხადებამდე, ხელისუფლება სალომე ზურაბიშვილი გამარჯვებას არ აღნიშნავს.
ფაქტი სახეზეა, რომ ეხლა საზოგადოებაში გაორებაა, რადგან საინფორმაციო საშუალებებით, ორი განსხვავებული შედეგია წარმოდგენილი.
რაც შეეხება ეგზიტპოლების შედეგებს, აღსანიშნავია, რომ ეგზიტპოლებზე სამმა სხვადასხვა ორგანიზაციამ იმუშავა და მათ განსხვავებული შედეგები აჩვენეს.
„ქართული ოცნების" დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, მათ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი არჩევნების პირველივე ტურში იმარჯვებს. ეგზიტპოლის შედეგები პარტიის ოფისში პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ წარადგინა.
„ქართული ოცნების“ მიერ დაკვეთილი ეგზიტპოლის მიხედვით, შედეგები ასეთია: სალომე ზურაბიშვილი - 52.3%, გრიგოლ ვაშაძე - 28.1 % დავით ბაქრაძე - 9.2 % ზურაბ ჯაფარიძე - 3.3% შალვა ნათელაშვილი - 3.1% ეგზიტპოლი კვლევითმა ორგანიზაცია "ფსიქოპროექტმა" ჩაატარა. ეგზიტპოლი 100 უბანზე ჩატარდა და მის ფარგლებში 5124 ამომრჩეველი გამოიკითხა.
მიუხედავად ეგზიტპოლის ამ შედეგებისა, მმართველი გუნდი თავს იკავებს გამარჯვებულად გამოაცხადოს სალომე ზურაბიშვილი.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით განახორციელა კომპანია „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით, სალომე ზურაბიშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ საპრეზიდენტო არჩევნებში თანაბარი - 40-40 %-იანი მხარდაჭერა მიიღეს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, მონაცემები 16:00 საათისაა და დეტალურად ასე გამოიყურება: გრიგოლ ვაშაძე - 40%; სალომე ზურაბიშვილი - 40%; დავით ბაქრაძე - 10%; შალვა ნათელაშვილი - 3%; დავით უსუფაშვილი - 2%; ზურაბ ჯაფარიძე - 2%.
„ევროპული საქართველოს" დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგებით კი, რომელიც "BCG ReaserCh“-მა ჩაატარა, საპრეზიდენტო არჩევნებში პირველ ადგილზე გავიდა გრიგოლ ვაშაძე, მეორეზე - სალომე ზურაბიშვილი, მესამეზე კი დავით ბაქრაძე. ეგზიტპოლების შედეგებით, გრიგოლ ვაშაძეს მხარი ამომრჩეველთა 37%-მა, სალომე ზურაბიშვილს - 34%-მა, დავით ბაქრაძეს კი 17%-მა დაუჭირა.
რაც შეეხება მოსახლეობის აქტივობას. ამ საკითხს თუ დავუბრუნდებით, შედეგები საკმაოდ არასახარბიელოა. არსებული მონაცემები წინა თვითმმართველობის არჩევნების მსგავსი აქტივობაა. 12 საათისათვის ამომრჩეველთა აქტივობა შეადგინა - 15,98% , 15:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 30,98%, რაც რაოდენობრივად არის 1 085 730 ამომრჩეველი. 17 საათისათვის -38% შეადგინა - კერძოდ ქვეყნის მასშტაბით საკუთარი არჩევანი 1 337 284 ამომრჩეველმა გააკეთა. საბოლოოდ როგორც ავღნიშნე არჩევნებზე 46%-ი მივიდა და თავისი არჩევანი გააკეთა.
უნდა აღინიშნოს რომ, პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნების მეორე ტური დაინიშნება, რომელშიც ორი კანდიდატი - პირველ და მეორე ადგილზე გასული საარჩევნო სუბიექტები მიიღებენ მონაწილეობას.
თუ საპრეზიდენტო არჩევნები პირველივე ტურში დასრულდება, არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადების (რაც არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებას გულისხმობს) ბოლო ვადა 19 ნოემბერია. ამასთან, თუკი არჩევნების მეორე ტური არ გაიმართა, ახლადარჩეული პრეზიდენტი ფიცს 18 ნოემბერს (პრეზიდენტის არჩევის დღიდან მესამე კვირა დღე) დადებს. არჩევნების მეორე ტურის შემთხვევაში, მეორე ტურის გამართვის ბოლო ვადა 1 დეკემბერია.
თავად არჩევნების დღის მიმდინარეობის შესახებ მოკლე ანალიზი იძლევა, იმის თქმის საშუალებას, რომ არჩევნების გაყალბების ტექნოლოგიები სულ უფრო და უფრო იხვეწება. განსაკუთრებით პროცესები საარჩევნო უბნის გარეთ წარიმართა როცა სახელისუფლებო კანდიდატის აგიტატორები საკმაოდ აქტიურად იყენებდნენ აგიტაიცა პროპაგანდას, ამაზე განსაკუთრებულ ყურადღებას არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციური ძალები ამახვილებენ.
საბოლოო შედეგები დაიდება უახლოეს პერიოდში, როცა ცენტრალური საარჩევნო კომისია ოფიციალური მონაცემების გამოქვეყნებას დაიწყებს. მეორე ტურის შემთხვევაში, მთავარი შეკითხვა კვლავ დღის წესრიგში დგება - გაიმარჯვებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი მეორე ტურის შემთხვევაში, მითუმეტეს იმ ვითარებაში, როცა ოპოზიცია პრაქტიკულად ახერხებს მობილიზაციას და გაერთიანებას „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის ირგვლივ...