თბილისი, 28 ოქტომბერი - Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები არჩევნებით კმაყოფილები არიან და მათი ფავორიტის, დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების იმედი აქვთ.
დასრულდა საპრეზიდენტო არჩევნები. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დაკვეთით, „ფსიქოპროექტის" მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო - 52.3%, მეორე ადგილზე - გრიგოლ ვაშაძე 28.1%, მესამე ადგილზე - დავით ბაქრაძე 9.2%.
„ველოდით ამ შედეგს, ჩვენ მუდამ ვაცხადებდით 53-54%-ს და ახლოს ვართ ეგზიტპოლის შედეგებთან, თუმცა ეს ეგზიტპოლია, დაველოდოთ ცესკო-ს საბოლოო შედეგებს. „ნაციონალური მოძრაობა“ ექსცესებს გეგმავს, თუმცა მობილიზებულია პოლიცია და შესაბამისი სახელმწიფო უწყებები. მე მგონია, რომ ვერაფერს შეძლებენ, თუმცა ეს განცდა სულ აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
დავით ბაქრაძემ არჩევნებზე დამარცხება აღიარა >>
პარტიის გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ზურაბიშვილს გამარჯვება მიულოცა.
„წინასწარ მონაცემებს რაც შეეხება, ეგზიტპოლი, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა წარმოდგენილი, 19:00 საათის მონაცემებით, დიდი უპირატესობით ლიდერობს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. მინდა, მას მივულოცო ეს გამარჯვება თუმცა, ჩვენ, რა თქმა უნდა, დაველოდოთ ცესკო-ს მონაცემებს, მიმდინარეობს დათვლის პროცედურები. 20:00 საათზე დაიხურა ყველა საარჩევნო უბანი და როდესაც გვექნება უკვე დათვლის შედეგად მიღებული ციფრები, უკვე რა თქმა უნდა, ოფიციალურად გამოაცხადებს ცესკო ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.
კალაძემ ასევე მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც არჩევნებში მონაწილეობა მიიღო.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ცესკო-ს შედეგების გამოცხადებას დაელოდება.
„ჩვენ გამოვაცხადეთ ეგზიტპოლების შედეგები, რომლის თანახმად ძალიან დიდი ალბათობით პირველივე ტურში ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს. ახლა კი ცესკო-ს მონაცემებს უნდა დაველოდოთ“, - განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის აღნიშნულ განცხადებას წინ უსწრებდა მისი ბრიფინგი „ქართული ოცნების“ ოფისში, სადაც მან განაცხადა, რომ არსებობს ინფორმაცია კონკრეტული პროვოკაციების შესახებ, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არის დაგეგმილი. მან მოუწოდა შსს-ს სიტუაციის გაკონტროლებისკენ.
„საუბარია რუსთავის 23-ე საარჩევნო უბანზე, სადაც ჩვენი ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან იგეგმება პროვოკაციები. ასევე, პროვოკაციებია დაგეგმილი თელავის, ბათუმისა და ზუგდიდის საარჩევნო უბნებზე. მოვუწოდებთ საარჩევნო ადმინისტრაციას და შსს-ს, ამ ოლქებში განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცესკო: ამომრჩეველთა აქტივობა საპრეზიდენტო არჩევნებზე – დაახლოებით 47% >>
ამასთან, მმართველი პარტიის შეკვეთით მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების მონაცემები განსხვავდება კომპანია Edison Research-ის კვლევის შედეგებს.
Edison Research-ის თანახმად: ზურაბიშვილი - 40%, გრიგოლ ვაშაძე - 40% და დავით ბაქრაძე - 10%.