ცესკო: ამომრჩეველთა აქტივობა საპრეზიდენტო არჩევნებზე – დაახლოებით 47%

გამოწერა
საპრეზიდენტო არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდა

თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 46,74% შეადგინა, განაცხადა ბრიფინგზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრეს–სპიკერმა ანა მიქელაძემ.

საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა.

საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა გამოცხადების მინიმალური ზღვარი არ არსებობს. არჩევნები შემდგარია ნებისმიერი რაოდენობის მოქალაქეების გამოცხადების შემთხვევაში.

„საღამოს 8 საათზე ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა კანონის შესაბამისად. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 1 მილიონ 637 ათას 956–მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 46,74%–ია. ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემი რომ შევადაროთ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მონაცემს, მაშინ აქტივობამ შეადგინა 46,60%“, – განაცხადა მიქელაძემ.

დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მხარი დაუჭირა მმართველმა პარტიამ - Sputnik საქართველო
ქართველი პოლიტიკოსები - საარჩევნო სახეები

ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ქედაში – 64.74%, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა – მარნეულში - 36,47%. თბილისში  მოქალაქეების აქტივობა 20:00 საათისთვის იყო 45,4%.

ეს ცესკოს წინასწარი მონაცემებია. პრეზიდენტის არჩევნები ჯერ არ დასრულებულა საზღვარგარეთ. ყველაზე ბოლოს კენჭისყრაში მონაწილეობენ ნიუ–იორკში მყოფი საქართველოს მოქალაქეები. იქ საარჩევნო უბნები თბილისის დროით 05:00 საათზე დაიხურება.

ეს იყო ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში, როდესაც ამომრჩევლებმა პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩიეს.

ყველა ახალი ამბავი
0