გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა - შრომის უსაფრთხოება საქართველოში

© Sputnik / Alexander Imedashviliმშენებლობები თბილისში
მშენებლობები თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
2011-2016 წლებში საქართველოში 270 ადამიანი დაიღუპა სამუშაო ადგილას, 776 კი - დაშავდა

მთელი საქართველო შეძრა მაისში ტყიბულის შახტაში დატრიალებულმა ტრაგედიამ. 4 მეშახტე, რომლებიც ლიფტს აკეთებდა, მოულოდნელად ჩავარდნილმა ამწემ ჩაიყოლა და მათი სხეულის ნაწილების შეგროვება ძალიან გაჭირდა. გაირკვა, რომ მეშახტეებს სპეციალური დამცავი ჟილეტები არ ეცვათ, რომელიც მათ 400 მეტრზე სიღრმეში ჩავარდნისაგან დაიცავდათ. აქ, ბუნებრივია, დადგა იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხიც, ვისაც უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე პასუხისმგებლობა ევალებოდათ.

ეს მეორე დიდი ტრაგედიაა 2006 წლის შემდეგ, რაც ხანგრძლივი უმუშევრობა და შახტების დახურვა დასრულდა და ტყიბულის ქვანახშირი ისევ გავიდა ბაზარზე. 2010 წელს დატრიალებულმა ტრაგედიამ მაშინაც ექვსი მეშახტე იმსხვერპლა. მიზეზი მაშინაც ძალიან ბანალური იყო — სიგარეტის მოწევის სურვილი მიწისქვეშეთში, სადაც ბუნებრივი გაზის შემცველობა ძალიან მაღალია და სადაც, ზოგადად, მოსაფიქრებელია ტექნოლოგია, როგორ გამოვიყენოთ გაზი ადამიანის სასარგებლოდ.

შახტი - Sputnik საქართველო
ტრაგედია შახტში: საქართველოს პრემიერი მწუხარებას გამოთქვამს

ზოგადად, შახტი, მაღარო, ნებისმიერი სამთომომპოვებელი საქმიანობა მაღალ რისკებთანაა დაკავშირებული. ბუნება ზოგჯერ ბრაზდება ადამიანებზე, რომლებიც ბუნებრივ რესურსებს უდიერად მოიპოვებენ მისგან და დედამიწას გულს აცლიან, მაგრამ არანაკლებ მძიმე მდგომარეობა გვაქვს ისეთ დარგებში, სადაც, წესით, სიკვდილიანობა ნაკლები უნდა იყოს. თვე ისე არ გავა საქართველოში, რომელიმე დიდი ნაგებობის მშენებლობიდან მუშა არ ჩამოვარდეს. შემდეგ იწყება ინსპექტირება, ჯარიმები, ხანდახან ვიღაცის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხიც დგება, მაგრამ ეს ვითარებას ვერ შველის.
არც თუ ისე დიდი ხანია, რაც მთელი საქართველო შესძრა დიდ დიღომში მშენებარე კორპუსიდან ჩამოვარდნილი 27 წლის ტყიბულელი ბიჭის ისტორიამ, რომელიც ამ მშენებლობაზე ძმის სწავლის ფულის შესაგროვებლად მოეწყო. რა თქმა უნდა, ამ ფაქტსაც გამოიძიებენ, მაგრამ ვერც კოკა მიქიაშვილს გაუცოცხლებენ დედას და ვერც მომდევნო ტრაგედიების პრევენციაზე აიღებს ვინმე პასუხისმგებლობას.

ახალი სავაჭრო ცენტრის მშენებლობა თბილისში - Sputnik საქართველო
მშენებელი თბილისში მშენებარე სახლის მეცხრე სართულიდან გადმოვარდა

ნაციონალებისთვის რომ გეკითხათ, შრომის კანონთა კოდექსი თურმე ორი მუხლისაგან უნდა შედგებოდეს. პირველი, რომ დამსაქმებელს აქვს ადამიანების დასაქმების უფლება და მეორე — შრომის პირობები დგება დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთშეთანხმების შედეგად. მართალია, ზედმეტად მკაცრი შრომის კოდექსი გერმანიის ეკონომიკასაც კი ვნებს, მაგრამ არც ასეთი პირველყოფილი ურთიერთობების დაშვებაა მიზანშეწონილი სახელმწიფოში, რომელიც არასოდეს გამოირჩეოდა წესრიგის სიყვარულით (ყოველ შემთხვევაში ბოლო 27 წლის განმავლობაში), გაწყდა პროფესიული განათლების ჯაჭვი და ძალიან მაღალია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ყოველწლიურად შრომითი უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შედეგად იღუპებიან.

ახალი ობიექტების მშენებლობა თბილისში - Sputnik საქართველო
ქართული ეკონომიკის აღმაფრენები და ჩავარდნები

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შრომის კოდექსით გააჰუმანურა, რეგრესის პენსიებიც აღუდგინა მაღაროელებს და შრომის ინსპექციაც, ასე თუ ისე, მოქმედებს, მაგრამ ის წინასწარ უბედური შემთხვევების პრევენციას ვერ მოახდენს.

19 გარდაცვლილი და 19 დაშავებული მხოლოდ წელს — ასეთია ოფიციალური სტატისტიკა. პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი ამბობს, რომ სტატისტიკური მონაცემებით, ლამისაა, პირველ ადგილზე ვართ მსოფლიოში სამუშაო ადგილზე დაღუპულთა ოდენობიით.

საქართველოს პროფკავშირები „ფრიდრიხ ებერტის ფონდის“ მხარდაჭერით 2007 წლის შემდეგ სწავლობს შრომის უსაფრთხოების საკითხებს საქართველოში. მათი ინფორმაციით, საქართველოში ბოლო წლების მანძილზე ყველაზე მეტი საწარმოო შემთხვევა 2010 წელს დაფიქსირდა — გარდაიცვალა 81 და მძიმედ დაშავდა 168 ადამიანი.

ახალი ობიექტების მშენებლობა თბილისში - Sputnik საქართველო
თბილისის მერმა სამშენებლო კომპანიები დაუდევრობაში დაადანაშაულა

ადამიანის უფლებათა და მონიტორინგის ცენტრის მონაცემებით, რომელიც ასევე შრომითი უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული, 2011-2016 წლებში საქართველოში 270 ადამიანი დაიღუპა სამუშაოს შესრულების ადგილას, 776 კი — დაშავდა. ხოლო 2016 წელს საწარმოებში მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად დაიღუპა 58 და დაშავდა 85 დასაქმებული. ეს ორგანიზაციაც დიდი ხანია, ითხოვს, შრომით ინსპექციას გაეზარდოს უფლებები და მას საწარმოს წინასწარი შეტყობინების გარეშე შემოწმებისა და ქმედითი სადამსჯელო სანქციების გატარების უფლება მიეცეს.

პროფკავშირების ლიდერი, ირაკლი პეტრიაშვილი გამოსავალს ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნაში ხედავს. „მართალია, მაღაროებში შრომა ყველა ქვეყანაში რისკებთანაა დაკავშირებული, მაგრამ უბედური შემთხვევების რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. მაქსიმალურად წინასწარ უნდა იყოს დაცული ის რეგულაციები და წესები, რაც უბედურ შემთხვევებს მინიმუმამდე დაიყვანს“, — ამბობს ის.

მეცხრე მოწვევის პარლამენტი - Sputnik საქართველო
საქართველოში "შრომის უსაფრთხოების შესახებ" კანონი ამოქმედდება

გარდა შრომის ინსპექციის პროაქტიური საქმიანობისა, დამსაქმებლის მხრიდან მეტ გაბედულებას ისიც იწვევს, რომ არ არსებობს უბედური შემთხვევების დროს დაზარალებულის ოჯახის მიერი კომპენსაციის მიღების რეალური მექანიზმი. თუ მუშა დაიღუპა, როგორც წესი, კომპანია იღებს მისი დასაფლავების, ქელეხისა და სასაფლაოს მოწყობის ხარჯებს, მცირეწლოვან შვილებს სახელმწიფო უნიშნავს მიზერულ პენსიას და ამით ყველაფერი სრულდება. არ არის ადამიანი — არ არის პრობლემა. გამოძიების შედეგების 90 პროცენტ შემთხვევაში ისევ გარდაცვლილია დამნაშავე. არადა, ხმის ამოღებაც არ შეუძლია თავის დასაცავად. უფრო რთულადაა საქმე, თუ ადამიანი მძიმედ დაშავდა. მასაც სახელმწიფო უნიშნავს მიზერულ პენსიას, ხოლო კომპანია, თუ ძალიან წესიერია — ყოველთვიურ სარგოს. კანონით მას ამისი ვალდებულება არა აქვს. არადა, ადვილი დასადგენია, რამდენად შეიძლება ეტლს მიჯაჭვული ახალგაზრდა მამაკაცის კვება, წამლების შეძენა და მკურნალობა 200 ლარად.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ შრომის ინსპექციის შექმნა პანაცეა არ არის და რეალურად დასაქმებულთა მდგომარეობა ეკონომიკის გაუმჯობესების შედეგადაა შესაძლებელი, მაგრამ საკანონმდებლო ორგანოს მაინც მოუწევს ამ თემებზე მსჯელობა. პირველი — იმის დაფიქსირება კონსტიტუციის დონეზე, რომ ადამიანს აქვს შრომის უფლება და მეორე — შრომა უნდა იყოს დაცული. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, განათლების სისტემამ სულ უფრო მეტი იფიქროს პროფესიონალი მშენებლების, ინჟინრების, მექანიკოსების, მაღაროელების მომზადებაზე და არა — ვაშლის დარიგებაზე. ვაშლს ხე ჩვენი ძალისხმევის გარეშეც მოისხამს.

მშენებლობა - Sputnik საქართველო
„შრომის უსაფრთხოების“ კანონპროექტთან დაკავშირებით არასამთავრობოებს შენიშვნები აქვთ

ამავე დროს, წლის დასაწყისში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტით, 2018 წლის პირველი იანვრიდან დამსაქმებელი ვალდებული გახდება, დააზღვიოს დასაქმებული უბედური შემთხვევის პრევენციის მიზნით, ხოლო 2019 წლის 1 იანვრიდან — დანიშნოს ყველა საწარმოში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი ან შექმნას შესაბამისი განყოფილება, დასაქმებულთა რაოდენობის პროპორციულად. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ცვლილებები პოზიტიურ გავლენას მოახდენენ საქართველოში შრომით ურთიერთობებზე. თქვენ კი ჯერ მაღალანაზღაურებად სამსახურს და შემდეგ — უსაფრთხო შრომას გისურვებთ.

ყველა ახალი ამბავი
0