ქართული ეკონომიკის აღმაფრენები და ჩავარდნები

© Sputnik / Alexander Imedashviliახალი ობიექტების მშენებლობა თბილისში
ახალი ობიექტების მშენებლობა თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik-საქართველოს“ მიმომხილველმა ალექსანდრე გელოვანმა საბჭოთა დროიდან დღევანდელ დღემდე საქართველოს ეკონომიკური სიტუაცია გააანალიზა.

მიჩნეულია, რომ საბჭოთა ეკონომიკაში საქართველოს მნიშვნელოვანი როლი არ შეუსრულებია. თითქოსდა, მსხვილი სამრეწველო წარმოება თითქმის არ არის, ერთი-ორი თავდაცვის ქარხანა, მომპოვებელი მრეწველობა — ცოტა ქვანახშირი და მანგანუმი. სულ ეს არის. ტურიზმი, ჩაი, ციტრუსები, ღვინო — ეს ყველაფერი იყო, მაგრამ ძველი საბჭოთა ჩვევის თანახმად, უპირატესად ანგარიშში მიიღებოდა თუჯისა და ფოლადის ტონები და ამ ყველაფერს მთლად სერიოზულად არ უყურებდნენ. სინამდვილეში საქმე სულ სხვაგვარად იყო.

ის, რომ საქართველო დოტაციური რესპუბლიკა იყო — ფაქტია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოში არაფერი იწარმოებოდა. პირიქით, საქართველოში იწარმოებოდა ის საქონელი და ის მომსახურება, რომლის დეფიციტი საბჭოთა კავშირში მწვავედ იგრძნობოდა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ რიგითი საბჭოთა ადამიანი საქართველოს საკურორტო სეზონზე სტუმრობდა, „ქართული სამოთხის“ შესახებ მითი სულ უფრო რეალური ხდებოდა.

ქართული „სამოთხე“

ჩაკეტილი ეკონომიკის პირობებში პატარა რესპუბლიკა ხელსაყრელი ბუნებრივი პირობებით უზარმაზარი ქვეყნის ბაზარზე, ფაქტობრივად, მონოპოლისტი იყო. საქართველოს ეკონომიკის რეალური სექტორი, დაწყებული ტურიზმით და დამთავრებული „ცეხავიკების“ მიერ სახალხო მოხმარების საქონლის წარმოებით, ჩრდილოვანი იყო. ამიტომ გასაგები ხდება, რატომ იყო საქართველოსთვის 70-80-იანი წლები „ოქროს საუკუნე“. თანაც, რაც უფრო იზრდებოდა ეკონომიკური თავისუფლება, მით უფრო ეფექტური ხდებოდა ეკონომიკა.

კულტურა და შემოქმედებითი ინდუსტრია საქართველოს ეკონომიკისთვის - Sputnik საქართველო
კულტურა და შემოქმედებითი ინდუსტრია საქართველოს ეკონომიკისთვის

მხოლოდ ერთი მაგალითი — ე.წ. „აბაშის ექსპერიმენტი“, როდესაც 1973 წელს ეკონომიკურად ერთ-ერთ ყველაზე ჩამორჩენილ მხარეში სოფლის მეურნეობაში შრომის ანაზღაურების „უნგრული სისტემა“ შემოიღეს. ანუ, კოლმეურნეებს ხელფასს მოსავლის წილის სახით უხდიდნენ. შედეგები იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ მოდელი მთელ საქართველოში გაავრცელეს. სინამდვილეში, ეს კოლმეურნეობის დასასრული იყო, რადგან ექსპერიმენტის შედეგად მთელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა კოლმეურნეებს შორის განაწილდა და თითოეული ადამიანი ფაქტობრივად საკუთარ მიწას ამუშავებდა. 

მსგავსი მაგალითები ბევრი იყო, ამიტომ ასეთი დასკვნა შეიძლება გაკეთდეს: ბუნებრივი პირობების, იდეოლოგიური წნეხის შესუსტების, საბჭოთა სისტემის თავისებურებების და ქართველების „ფხიანობის“ წყალობით ქართული საქონელი და მომსახურება საბჭოთა ბაზარზე მაღალი კონკურენტუნარიანობით გამოირჩეოდა.

სსრკ-ის დაშლა და 90-იანების კოშმარები

მდგომარეობა უკვე 90-იანების დასაწყისში შეიცვალა, საბჭოთა კავშირის დაშლამდე, როდესაც საბჭოთა მოქალაქეებისთვის პოლონეთისა და თურქეთის ბაზრები გაიხსნა. საქართველო, შემდეგ კი მთელი საბჭოთა კავშირი სწორედ თურქეთიდან შემოტანილმა საქონელმა წალეკა, რომელმაც პრაქტიკულად გაანადგურა „ცეხავიკების“ მცირე საწარმოები. სანამ საბჭოთა კავშირი არსებობდა, ანუ არ იყო ომი და საზღვრებიც ღია იყო, საქართველოს ეკონომიკისთვის, რომელიც თურქეთში ფანჯარად იქცა, ეს მძლავრი იმპულსი იყო. მაგრამ ის დიდხანს არ გაგრძელებულა. საბჭოთა კავშირის დაშლა, შემდეგ დაპირისპირება ცხინვალის რეგიონში, რომელიც შემდგომ მთელ საქართველოს მოედო, სამხედრო გადატრიალება, სამოქალაქო ომი — ამ ყველაფერმა ეკონომიკის პარალიზება მოახდინა.

ახალი სავაჭრო ცენტრისა და სასტუმროს მშენებლობა თბილისის ცენტრში - Sputnik საქართველო
სამშენებლო ბაზრის მიმოხილვა: სამშენებლო ბუმი საქართველოში და ცვლილებების დრო

გაწყვეტილმა სამეურნეო კავშირებმა და უკანონობის ტერიტორიამ, რადაც გადაიქცა ქვეყანა, გამოიწვია ის, რომ ეფექტური ეკონომიკა, რომელიც საბჭოური პერიოდისთვის მოსახლეობის საკმაოდ მაღალ დონეს უზრუნველყოფდა, რამდენიმე თვეში ნანგრევებად იქცა. გაქრა პური, ბენზინი, ელექტროენერგია. ქუჩებში დაძრწოდნენ შეიარაღებული ბანდები, რომლებიც ძარცვავდნენ გამვლელებს და ადამიანებს მანქანებს ართმევდნენ.

სახელმწიფომ მთავარი ფუნქციის შესრულება შეწყვიტა — მოქალაქეთა სიცოცხლისა და საკუთრების დაცვის. საქართველოდან გაიზიდა ნახევარ მილიარდამდე დოლარი, ეროვნული ცრუ-ვალუტის — კუპონის შემოღების შემდეგ ინფლაციის დონე ყველა რეკორდებს ხსნიდა. პრაქტიკულად ყველა სავაჭრო ოპერაცია დოლარში სრულდებოდა მაშინ, როდესაც საბიუჯეტო სამსახურებში მომუშავეებს ხელფასს კუპონებში უხდიდნენ. 1994 წელს საქართველოს ეკონომიკაში განხორციელებული კაპიტალდაბანდებების ოდენობამ 1990 წლის დონესთან შედარებით 2,8% შეადგინა. საწარმოო სიმძლავრეები მხოლოდ 5%-ით იყო ათვისებული, ხოლო ეკონომიკის ზოგიერთმა სექტორმა საერთოდ შეწყვიტა არსებობა.

ამაზე უარესი არ არსებობს

1994 წელს საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანმა შიდა პროდუქტმა (მშპ) რეკორდულად დაბალ დონეს მიაღწია — 501 აშშ დოლარს. ეკონომიკაში ყველაზე დიდი ვარდნა — მინუს 43,2% — 1992 წელს მოხდა. 1995 წლამდე საქართველოს ეკონომიკა ყოველ წელს თავისი მშპ-ის თითქმის მესამედს კარგავდა.

სამხედრო ხუნტის მიერ მოყვანილ ედუარდ შევარდნაძეს თითქმის ხუთი წელი დასჭირდა იმისთვის, რათა ცბიერი პოლიტიკური სვლებით მოეშორებინა ისინი, ვინც ის ხელისუფლებაში მოიყვანა და ვისაც საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მასში მოხერხებული ფასადის ჩვენება სურდა. ის ნაბიჯ-ნაბიჯ შეეცადა დანგრეული სახელმწიფო ინსტიტუტების აღდგენას. ბუნებრივია, ეკონომიკის ვერანაირ განვითარებაზე საუბარი ვერ იქნებოდა. ასეთ პირობებში იდგა ერთადერთი ამოცანა — გადარჩენა. და საქართველო, ყველაფრის მიუხედავად, გადარჩა. როგორც კი ქვეყანაში წესრიგი დამყარდა, დაიწყო ეკონომიკის ზრდა, რომელიც მშპ-ის ზრდის ორნიშნა რიცხვებს აჩვენებდა. გასაგებია, რომ ეს ზრდა პრაქტიკულად ნულოვანი ნიშნულიდან დაიწყო, მაგრამ ეს სერიოზული ზრდა იყო. 1996 წელს ეკონომიკის ზრდამ 12,5% შეადგინა, ეს მძლავრი ნახტომი იყო, თუმცა 1998 წლიდან ეკონომიკა კვლავ შეჩერდა და ზრდა მხოლოდ 3% იყო.

ზეთისხილის პლანტაცია კახეთში - Sputnik საქართველო
რა პროდუქციას შესთავაზებს საქართველო ახლო მომავალში საერთაშორისო სასურსათო ბაზრებს

ამ ყველაფრის მიზეზები გასაგები და მარტივია. ედუარდ შევარდნაძე უდავოდ დიდი პოლიტიკური ლიდერი იყო, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე საბჭოთა პოლიტიკურ ლიდერად დარჩა. საბჭოთა საქართველოში ძალაუფლებაზე კონტროლი უპირველეს ყოვლისა ფინანსურ ნაკადებზე კონტროლს ნიშნავდა – როგორც საბიუჯეტო, ისე ჩრდილოვანი ეკონომიკიდან მიღებულზე.

ასე რომ, შევარდნაძისათვის ახალი ბურჟუაზია, რომელიც ქვეყანაში ბიზნესით უკვე ლეგალურად იყო დაკავებული, ისეთივე „ცეხავიკებს“ წარმოადგენდა, რომლებსაც სისტემა საბჭოთა ხელისუფლების დროს აკონტროლებდა. განსხვავება იმაში იყო, რომ მაშინდელ დროსთან შედარებით ახლა უფრო მეტი რამ იყო დაშვებული. ამიტომაც მსხვილი ბიზნესით, რომელიც სწრაფ მოგებას იძლევა, ისეთით, როგორიცაა ბენზინის, სიგარეტის, ძირითადი კვების პროდუქტების შემოტანა და ა.შ., მხოლოდ „ჩვენიანები“ უნდა ყოფილიყვნენ დაკავებული. ამგვარად კორუფციული ტრადიციებით მდიდარ საქართველოში პოსტსაბჭოთა ეკონომიკის კლასიკური სისტემა ჩამოყალიბდა – როდესაც ბიზნესში „უცხოებს“ არ უშვებდნენ, ხოლო „ჩვენიანებისთვის“ ყველანაირი შეღავათები და პრიორიტეტებია შექმნილი. მსგავს პირობებში ეკონომიკური მარაზმიდან გამოსვლა შეუძლებელი იყო, ხოლო მორიგი ვარდნა — გარდაუვალი.

კახა ბენდუქიძე და „ქართული გარღვევა“

მდგომარეობა 2003 წლიდან შეიცვალა, როდესაც ტექნოკრატი მენეჯერების ახალგაზრდულ გუნდს შეემატა ადამიანი, რომელმაც, სიტყვის პირდაპირი გაგებით, მათ თავს საკუთარი იდეოლოგია მოახვია — თავისუფალი ბაზრის იდეოლოგია. ეს ადამიანი კახა ბენდუქიძე იყო.

სააკაშვილი და მისი გუნდის წევრები სწორედ ბენდუქიძემ დაარწმუნა ეთქვათ უარი ეკონომიკაში არსებული რეგულაციების დიდ ნაწილზე და ადმინისტრაციული რეგულირება გაემარტივებინათ. ამ გარემოებამ და კიდევ იმან, რომ ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს დაწყებული გლობალური პროექტების წყალობით საქართველო მსოფლიო ეკონომიკის ნაწილი გახდა, 2003-2007 წლებში ზრდა გამოიწვია. 2007 წელს საქართველოს მშპ-ის ზრდის ტემპებმა რეკორდულ 12%-ს მიაღწია. შემდეგ კი იყო ომი და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შემდეგ დაწყებული ჩავარდნა. მაგრამ უკვე 2010 წელს საქართველომ პრაქტიკულად აღიდგინა ეკონომიკის ზრდის ტემპები. 2003-დან 2012 წლამდე ერთ სულ მოსახლეზე საქართველოს მშპ გაიზარდა სამჯერ და უფრო მეტადაც, 867 დოლარიდან 3636 დოლარამდე. 

კახა ბენდუქიძე - Sputnik საქართველო
საქართველოში ექს-მინისტრ ბენდუქიძის მემკვიდრეობისთვის იბრძვიან

თუმცა საქმე მხოლოდ ციფრებში არ არის. ამ წლების განმავლობაში შეიქმნა ახალი თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რომელსაც ძალუძს ბიზნესის განვითარების უზრუნველყოფა. გაჩნდა ეკონომიკის მთელი სექტორები, რომლებიც ადრე პრაქტიკულად არ არსებობდა. საუბარია ტურიზმზე და უძრავი ქონების დეველოპმენტზე. და ეს უკვე ჩაკეტილი საბჭოთა ეკონომიკის სექტორები როდია, ეს არის დარგები, რომლებმაც მკაცრი კონკურენციის პირობებში საკუთარი სიცოცხლისუნარიანობა დაამტკიცეს. რა თქმა უნდა, ეკონომიკის „მთავარი სიმაღლეები“ ხელისუფლებამ ტრადიციისამებრ არავის დაუთმო და მიისაკუთრა, მაგრამ განვითარებადი ინფრასტრუქტურისა და შედარებით თავისუფალი ბაზრის პირობებში შესაძლებელი გახდა ინვესტიციების მოზიდვა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ინვესტიციების უმეტესობა მიედინება ტურისტულ ინფრასტრუქტურასა და მშენებლობაში, და ძალიან ცოტა წარმოებასა და IT ტექნოლოგიებში, ეს არის საუბრები „ღარიბთათვის“. ბიზნესი მიდის იქ, სადაც მომგებიანია და შექმნილია შესაბამისი პირობები.

წყნარად წახვალ — შორს იქნები?

დღევანდელ პერიოდს დავარქმევდი „ქართული ეკონომიკის დუნედ მიმდინარე განვითარების პერიოდს“. ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ 2012 წლიდან ზრდის ტემპები თითქმის ორჯერ დაეცა, რასაც თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები გააჩნია.

ობიექტური მიზეზებიდან მთავარია — ეკონომიკური სიტუაციის გაუარესება საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, რომელთა ეკონომიკებთან საქართველოს ეკონომიკა ზიარი ჭურჭლის მსგავსად არის დაკავშირებული. სუბიექტურებიდან — ახალი ხელისუფლების მიერ აღებული კურსი სახელმწიფო რეგულირებაზე, აქციზების და მოსაკრებლების გაზრდაზე და საერთო პოლიტიკური არასტაბილურობა. და, რა თქმა უნდა, ეკონომიკაში „მთავარი სიმაღლეების“ მორიგმა გადანაწილებამაც დატოვა კვალი.

ტურისტები საბაგირო გზის სადგურზე ნარიყალასთან - Sputnik საქართველო
საქართველოს ეკონომიკის ზრდა პირდაპირ უკავშირდება ტურიზმს

დღეს, „ოცნების“ მმართველობის მეხუთე წელს, ეკონომიკა, რა თქმა უნდა, იზრდება, მაგრამ არა ისეთი ტემპებით, როგორც საჭიროა. იქნებ გამართლებულია სიტყვები — „წყნარად წახვალ — შორს იქნები“? მაგრამ არა მგონია. ჩვენ მკაცრი კონკურენციის სამყაროში ვცხოვრობთ, და, როგორც ამას პრაქტიკა აჩვენებს, ბიზნესში არავინ დაგელოდება, ცარიელი ნიშები არ არსებობს, და თუ არსებობს, მათ მაშინვე იკავებენ. იგივე ქართული ღვინო, რომელიც ქვეყნის ექსპორტში მეშვიდე-მერვე პოზიციას იკავებს, მაგრამ ეროვნული სიამაყის საგანს წარმოადგენს, დღეს დიდი ძალისხმევით ტრადიციული ბაზრების დაბრუნებას ცდილობს. პირდაპირ ვიტყვი, ყოველთვის ეს არ გამოდის. და ასეა ყველგან — ტურიზმიდან მშენებლობამდე, სოფლის მეურნეობიდან ლითონების ექსპორტამდე.

მსოფლიო ბაზარზე საკუთარი საქონლისა და მომსახურების წინსვლისთვის საჭიროა გადამწყვეტი, არასტანდარტული ზომები. და, რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურის განვითარების მაღალი ტემბები, რაც, სამწუხაროდ, დღევანდელ საქართველოში არ შეინიშნება ან მიღებული ზომები საკმარისი არ არის.

ერთადერთი, რაც ოპტიმიზმის საბაბს გვაძლევს, არის ის, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში მსგავსი პერიოდები ყოველთვის ახალი ნახტომით სრულდებოდა. ღმერთმა ქნას, ახლაც ასე მოხდეს.

 

ავტორის თვალსაზრისი შეიძლება არ ემთხვევოდეს რედაქციის პოზიციას.

ყველა ახალი ამბავი
0