თბილისი, 31 მაისი — Sputnik. ეკონომიკის ზრდა 2017 წლის აპრილში პირდაპირ უკავშირდება ტურიზმის ზრდას, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ.
რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2017 წლის აპრილში 2,1% შეადგინა 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2017 წლის იანვარ–აპრილში – 4,3%.
"წინასწარი შეფასებით, 2017 წლის აპრილში მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა მეტალურგიული მრეწველობის, უძრავი ქონებისა და სასტუმრო/რესტორნების სექტორში. სასტუმროების და რესტორნების სექტორში დაფიქსირებული ზრდა პირდაპირ კავშირშია ტურიზმის ზრდასთან", – განაცხადა ჯავახაძემ.
მისი თქმით, საქართველოში რეგისტრირებული საწარმოების ბრუნვა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10,3%-ით გაიზარდა.
"ეკონომიკურ ზრდაზე ასევე დადებითად მოქმედებდა საგარეო ფაქტორები. კერძოდ, 2017 წლის აპრილში საქონლის ექსპორტი გაიზარდა 28%-ით, ფულადი გზავნილები — 12%-ით, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა — 10.2%-ით, ხოლო სექტორიდან მიღებული შემოსავლები 26%-ით არის გაზრდილი", – განაცხადა ჯავახაძემ.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამშენებლო სექტორის დაბალი აქტიურობის გამო სამშენებლო კომპანიების ბრუნვა, გასულ წელთან შედარებით, შემცირდა.
"ასევე კლება იყო თხილის წარმოება/ექსპორტის მიმართულებით, რაც თხილის მწარმოებელი კომპანიების მოსავლიანობის შემცირებით არის განპირობებული. მოსავლიანობის შემცირება თხილის გარკვეული ტიპის დაავადებების გავრცელებას უკავშირდება", – აღნიშნა ჯავახაძემ.
მიმდინარე წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა 4%-ზეა დაგეგმილი. EBRD-ს პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა საქართველოში 2017 წელს 3,9%-ს მიაღწევს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2017 წელს 4,5%-ს შეადგენს, 2018 წელს კი 5%-მდე გაიზრდება. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, საქართველოში 2017-2018 წლებში აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 21 ქვეყანას შორის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდება.
2015 წელთან შედარებით, 2016 წელს რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ საქართველოში 2,2% შეადგინა.