თბილისი, 29 მაისი — Sputnik.2016 წელს უმუშევობის დონემ 11,8% შეადგინა, რაც ბოლო 13 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ მაჩვენებელს წარმოადგენს, ნათქვამია "საქსტატის" მასალებში.
"საქსტატის" მეთოდოლოგიით, უმუშევრად მიიჩნევა 15 წლის და უფროსი ასაკის პირი, რომელიც არ მუშაობდა (ერთი საათითაც კი) გამოკითხვის მომენტის წინა 7 დღის განმავლობაში, ეძებდა სამუშაოს ბოლო 4 კვირის განმავლობაში და მზად იყო მუშაობის დასაწყებად მომავალი ორი კვირის განმავლობაში.
უმუშევრობის მაჩვენებელი მამაკაცებში შეადგენს 14,2%, ქალებში კი — 8,8%.
ამ დროს, ყველაზე მაღალია უმუშევრობის დონე 20-დან 24 წლამდე ასაკის პირთა შორის — 30%, მეორე ადგილზეა 25-დან 29 წლამდე ასაკის პირები — 21,6%. ყველაზე დაბალია უმუშევრობის მაჩვენებელი 45-დან 49 წლამდე ასაკის პირთა შორის — 9,7%.
„მიუხედავად საერთო პოზიტიური ტენდენციისა, დასაქმების და ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის მაჩვენებლები გასულ წელს შემცირდა. 2016 წელს დასაქმების დონე 0,2%-ით შემცირდა და 59,5% შადგინა, ხოლო ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დონე 0,3%-ით შემცირდა და 67,5% გახდა", — ნათქვამია დოკუმენტში.
ამ დროს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 57,6% თვითდასაქმებულია, ხოლო 42,4% — დაქირავებულია.
ქვეყანაში ნამდვილად შეინიშნება დასაქმებული ადამიანების რაოდენობის ზრდის დადებითი ტენდენცია, თუმცა, რეალური სურათის ასახვის მიზნით, ხელისუფლებამ დათვლის მეთოდოლოგიის კორექტირება უნდა მოახდინოს, „Sputnik-საქართველოს" ინტერვიუში განაცხადა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა, ეკონომიკურ საკითხებში ექსპერტმა დემურ გიორხელიძემ.
„ვფიქრობ, რომ გაუმჯობესება არის და ის იმას უკავშირდება, რომ 90-იან ან 2000-იან წლებთან შედარებით ახლა უფრო მშვიდობიანი დროს და მთავრობა უფრო ნორმალურია, რომელიც არ არის ყაჩაღი ან მოძალადე. და ეს აძლევს ადამიანებს შესაძლებლობას, იმოძრაონ", — განაცხადა გიორხელიძემ.
მისი თქმით, ფინანსური ინფრასტრუქტურის არ არსებობის შემთხვევაში პირად ინიციატივას ხელი არ ეწყობა. გაუმჯობესებას მოითხოვს სამართლებრივი სისტემაც, განსაკუთრებით ბიზნეს დავებში და ა.შ.
„ჩვენთან მილიონზე მეტი ადამიანი თვითდასაქმებულია. ისინი, ძირითადად, დასაქმებული არიან სოფლის მეურნეობაში, ეს კი არც ისე მართებულია… ისინი არ უნდა ჩაითვალონ ახალშექმნილ სამუშაო ადგილებში, უნდა დაითვალოს ეკონომიკის ისეთი სექტორები, როგორიცაა გადამამუშავებელი მრეწველობა და ა.შ.", — აღნიშნა მან.
„საქსტატის" მეთოდოლოგიის მიხედვით, ეკონომიკურად აქტიურად მიიჩნევა 15 წლის და უფროსი ასაკის პირი, რომელიც არ მუშაობდა (ერთი საათითაც კი) გამოკითხვის მომენტის წინა 7 დღის განმავლობაში და არ ეძებდა სამუშაოს გამოკითხვის მომენტის წინა 4 კვირის განმვლობაში; აგრეთვე პირი, რომელიც ეძებდა სამუშაოს გამოკითხვის მომენტიდის წინა 4 კვირის განმავლობაში, მაგრამ სამუშაოს მოძებნის შემთხვევაში არ იყო მზად მუშაობის დასაწყებად უახლოესი ორი კვირის განმავლობაში.
დასაქმებულად (დაქირავებულად) მიიჩნევა 15 წლის და უფროსი ასაკის პირი, რომელიც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ასრულებდა განსაზღვრულ სამუშაოს ხელფასის ან სხვა სახის ანაზღაურების (ფულით ან ნატურით) მიღების მიზნით.
თვითდასაქმებულად მიიჩნევა მესაკუთრე, რომელიც მუშაობს საანგარიშო პერიოდში მოგების ან ოჯახური შემოსავლის (ფულით ან ნატურით) მიღების მიზნით, აგრეთვე ოჯახურ საწარმოში/მეურნეობაში უსასყიდლოთ მომუშავე პირი.