თბილისი, 12 მაისი — Sputnik. საქართველოში 2017 წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზია 3,5%–ის დონეზე, აზერბაიჯანში – 1,4%, ხოლო სომხეთში – 2,7%, ნათქვამია მსოფლიო ბანკის ანგარიშში ევროპისა და ცენტრალური აზიის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ „ვაჭრობა გარდამავალ პერიოდში“.
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში ეკონომიკურმა ზრდამ 2017 წლის პირველ კვარტალში, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5% შეადგინა. ქვეყნის მთავრობა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდას 4%–ის დონეზე ვარაუდობს.
„პროგნოზის თანახმად, საქართველოში მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის დაჩქარება. ის 2017 წელს მიაღწევს 3,5%–ს (2016 წელს ეს მაჩვენებელი 2,7%–ს შეადგენდა), რაც გარე მოთხოვნებითა და სახელმწიფო ინვესტიციებით იქნება განპირობებული“, – აღნიშნულია ანგარიშში.
დოკუმეტის თანახმად, საქართველოში ეკონომიკური ზრდა მომავალშიც გაიზრდება – 2018 წელს ეკონომიკური ზრდა იქნება 4%, ხოლო 2019 წელს – 4,5%. ეს განპირობებული იქნება იმით, რომ ინვესტიციების ზრდასთან და საექსპორტო ბაზრის გამოცოცხლებასთან დაკავშირებული ეკონომიკური აქტიურობა ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის ზრდის დაჩქარებას.
„საქართველოს მაკროეკონომიკური მდგომარეობა ძველ რიტმს დაუბრუნდება და ხელს შეუწყობს ეკონომიკური ეფექტურობის გაზრდას, მომავალში ქვეყანას აქვს სწრაფი ეკონომიკური განვითარების პოტენციალი, რადგანაც საქართველო, დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად, განახორციელებს ინოვაციებზე დაფუძნებულ ექსპორტს“, – განაცხადა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა მერსი ტემბონმა.
სამხრეთ კავკასიის რეგიონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზული მაჩვენებელი სომხეთსა და აზერბაიჯანში სახელმწიფო ხარჯების შემცირების გამო შემცირდა. ბოლო მონაცემებით, 2017 წელს ზრდა არ შეინიშნებოდა, ხოლო 2018 წლის პროგნოზი მოკრძალებული მაჩვენებლით – 1,6% შემოიფარგლება. ამავე პერიოდში სომხეთისთვის 2017 წელს მოსალოდნელი ზრდა იქნება 2,7%, ხოლო აზერბაიჯანისთვის, რომელიც ნავთობპროდუქტებზე არსებული ფასების გამო შოკშია – 1,4%.
ამავდროულად, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, ეკონომიკური ზრდის ტენდენცია იქნება ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ნავთობზე ფასების სტაბილიზაციის შემდეგ, რაც რეგიონის სამხრეთ ნაწილს სარგებელს მოუტანს და ხელს შეუწყობს დასავლეთ ნაწილში ეკონომიკურ ზრდას. 2017 წელს ზრდის პროგნოზი იქნება 1,9% და 2018 წელს სტაბილურობას შეინარჩუნებს 1,8%–ის ფარგლებში.
მსოფლიო ბანკი ასევე აღნიშნავს, რომ რეგიონში ვაჭრობის გაუმჯობესებისკენ მიმართული პოლიტიკა ამ ზრდის მიღწევისთვის გადამწყვეტია.
„ვაჭრობა რეგიონში ადამიანების ცხოვრების დონის გაზრდისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს. გარდამავალ პერიოდში, 1990–იანი წლებიდან დღემდე, ვაჭრობა ხელს უწყობდა ეკონომიკურ ზრდას, სამუშაო ადგილების შექმნასა და სხვადასხვა საქონლისა და მომსახურებისადმი ხელმისაწვდომობის გაიოლებას“, – აღნიშნულია ანგარიშში.