თბილისი, 3 მაისი — Sputnik. 2016 წელს ეკონომიკის ძირითადი მამოძრავებელი ძალა ინვესტიციები იყო, რომელთა წილმა მშპ-ში (მთლიანი შიდა პროდუქტი) 2 პროცენტული პუნქტი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის 2016 წლის ანგარიშში.
ეროვნული ბანკი პარლამენტს ყოველწლიურად წარუდგენს ანგარიშს, რომელშიც შეჯამებულია პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით ჩატარებული რეგულაციის სამუშაოები და შეფასებულია ქვეყნის ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები.
2016 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ძირითადი შემადგენელი ნაწილი მომსახურებისა და ინდუსტრიის დარგები გახდა, აღნიშნულია დოკუმენტში.
ანგარიშის თანახმად, 2016 წელს მშპ-ის ზრდამ 2,7 შეადგინა და აქედან 1,5 პროცენტული პუნქტი მომსახურების დარგებზე მოდის. მეორე ადგილზეა ინდუსტრიის დარგი — 1,2 პროცენტული პუნქტით.
ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ მშპ-სა და ეკონომიკის ზრდაზე დიდი გავლენა იქონია მშენებლობამ, რომელიც წლის განმავლობაში 8,1 %-ით გაიზარდა და მისმა წილმა მშპ-ის ზრდაში 0,6 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ მშენებლობის ზრდა მაღალი იყო როგორც მთავრობის მიერ დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტების, ასევე კერძო სექტორის მშენებლობების შედეგად.
კიდევ ერთი დარგი, რომელმაც 2016 წლის მშპ-ის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, დამამუშავებელი მრეწველობაა. წლის განმავლობაში ამ დარგის ზრდამ 4,8 % შეადგინა, ხოლო მშპ-ში მისმა წილმა 0,4 პროცენტული პუნქტი. ანგარიშში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ გადამამუშავებელი მრეწველობის განვითარებაზე 2016 წლის მეორე ნახევარში საგარეო მოთხოვნილების ზრდამ იმოქმედა.
მთავარი ფინანსური ინსტიტუტი 2016 წლის მშპ-ის ზრდაში ვაჭრობის და ასევე ავტომობილებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების შეკეთების წილს აღნიშნავს. მისი მონაცემებით, ვაჭრობის რეალური ზრდის მაჩვენებელმა 1,8%, ხოლო მშპ-ის ზრდაში მისმა წილმა — 0,4 პროცენტული პუნქტი შეადგინა.