თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით გაზრდის შესახებ. ამის შედეგად მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.75%-ით განისაზღვრა.
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის ზრდის გადაწყვეტილება ბოლოს 2015 წლის 16 დეკემბერს მიიღო. მაშინ განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით გაიზარდა და 8%-ით განსაზღვრა. 2016 წლის პირველ სამ თვეს რეფინანსირების განაკვეთი 8%-ის დონეზე უცვლელი რჩებოდა, ხოლო აპრილიდან მისი ეტაპობრივი შემცირება დაიწყო. სექტემბრიდან მოყოლებული განაკვეთი უცვლელი იყო 6,5%-ის დონეზე.
„გადაწყვეტილება ეყრდნობა მაკროეკონომიკურ პროგნოზს, რომლის მიხედვითაც მოსალოდნელია, რომ მოთხოვნის მხრიდან ინფლაციაზე მოქმედი სუსტი ზეწოლის მიუხედავად 2017 წელს ინფლაცია ძირითადად მიზნობრივ მაჩვენებელზე ზემოთ იქნება. თუმცა, 2018 წელს ინფლაცია შემცირდება და მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ შენარჩუნდება“, — აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.
2017 წლის განმავლობაში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 4%-ის საზღვრებშია.
„მიმდინარე ეტაპზე ინფლაცია დაბალ დონეზე ნარჩუნდება, რასაც სუსტი ერთობლივი მოთხოვნა, შემცირებული იმპორტული ინფლაცია და საბაზო ეფექტის ამოწურვა განაპირობებს. 2016 წლის დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 1.8 პროცენტი შეადგინა“, — ნათქვამია განცხადებაში.
ეროვნული ბანკის პროგნოზით, ინფლაციის დროებითი ზრდა ძირითადად განპირობებული იქნება ერთჯერადი ფაქტორებით, როგორიცაა სამომხმარებლო ფასებზე აქციზის ზრდის გავლენა და გაცვლითი კურსის ცვალებადობის გავლენა.
„ვინაიდან აღნიშნულმა გარემოებებმა გაზარდა ინფლაციური მოლოდინები, ეროვნული ბანკი ამ მოლოდინების მოსათოკად, არსებულ პროგნოზზე დაყრდნობით, მიზანშეწონილად მიიჩნევს მომდევნო ორი კვარტალის განმავლობაში რეფინანსირების განაკვეთის ეტაპობრივად გაზრდას 7%-მდე“, — აღნიშნულია განცხადებაში.
ეროვნული ბანკი იმედოვნებს, რომ ერთჯერადი ეფექტები ამოიწურება, ინფლაცია შემცირდება და საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში მოექცევა.
კომიტეტის შემდეგი სხდომა 2017 წლის 7 მარტს გაიმართება.