თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. მიმდინარე წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა თანახმად, აუცილებელია ფასების ეროვნულ ვალუტაში — ლარში მითითება.
„საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის და/ან მომსახურების გაწევის, ან ქონების შეთავაზების ან რეკლამირების რეალიზაციის და/ან მომსახურების გაწევისას ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარში“, — ნათქვამია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში.
„ეს ძალიან კარგი ინიციატივაა და მისი მიზანი ეროვნული ვალუტის სტაბილურობაა. გარდა ამისა, ამ ცვლილების იდეა იმაშიც მდგომარეობს, რომ ნელ-ნელა საზოგადოება დოლარის გარეშე ცხოვრებას მიეჩვიოს“, — აღნიშნა პაატა ბაირახტარმა.
თუმცა, ამავე დროს, იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო პერიოდში სავალუტო ბაზარზე ლარის კურსის არაჯანსაღ მერყეობას ჰქონდა ადგილი, ანალიტიკოსის თქმით, საზოგადოებაში ეროვნული ვალუტის მიმართ რწმენის გამყარება ადვილი არ იქნება.
ცვლილებები საქართველოს მთავრობის გეგმის ფარგლებში შემუშავდა, რომელიც ეროვნული ვალუტის განმტკიცებას ისახავს მიზნად. საქართველოში უცხოურ ვალუტაში ფასები, ძირითადად, უძრავი ქონების გაყიდვის ან არენდით გაცემის, ასევე ავტომობილების გაყიდვისა და უცხოეთში მოგზაურობის დროს არის მითითებული.
საქართველოს მთავრობამ ლარის გამყარების გეგმა ნოემბერში, აშშ დოლართან მიმართებით ლარის მკვეთრი დაცემის შემდეგ მიიღო. აღნიშნული გეგმა ითვალისწინებს იპოთეკური სესხების ნაწილის ლარში გადატანას დაბალი კურსით და ბიუჯეტში შემოსულობების გაზრდას თამბაქოს ნაწარმზე, ავტომობილებზე, საწვავსა და სათამაშო ბიზნესზე აქციზის გადასახადების ზრდის ხარჯზე. გარდა ამისა, ხელისუფლებამ უწყებების ხარჯების შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.