აწ გარდაცვლილი ეკონომიკის მინისტრისა და მეწარმის, კახა ბენდუქიძის ოჯახის წევრები მის ქალიშვილთან, ანასტასია გონჩაროვასთან და ასევე ბიზნესმენის კუთვნილი უნივერსიტეტების თანამშრომლებთან მემკვიდრეობის გამო კონფლიქტზე საუბრობენ.
კახა ბენდუქიძე 2004 წელს მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოწვევით ჩამოვიდა საქართველოში და მმართველი პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გახდა. ბენდუქიძე ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა. მან ეს პოსტი 2008 წელს დატოვა. 2014 წლის მაისში კახა ბენდუქიძე უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ თავისთან მიიწვია და მთავრობის მრჩეველთა ჯგუფში შეიყვანა.
კახა ბენდუქიძე 59 წლისა გარდაიცვალა გასული წლის 13 ნოემბერს ლონდონში. დიაგნოზი: გულის უკმარისობა.
ქართული უნივერსიტეტების შენარჩუნება
ბენდუქიძის ქვრივი ნატალია ზოლოტოვა გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ყოფილი მეწარმის მიერ დაარსებულ უნივერსიტეტებში შიდაკონფლიქტი მწიფდება. მისი თქმით, თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერი ვახტანგ ლეჟავა ცდილობს თავი ბენდუქიძის სრულუფლებიან მემკვიდრედ დაადგინოს და ამ გზით უკანონოდ მიითვისოს უმაღლესი სასწავლებლისა და „ცოდნის ფონდის“ (2007 წელს დაარსებული საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომლის მიზანიც საქართველოში განათლებისა და მეცნიერების მხარდაჭერაა) ხელმძღვანელობა.
„მინდა გამოვხატო ჩემი განსაკუთრებული შეშფოთება იმ მდგომარეობის გამო, რაც შექმნილია ჩემი მეუღლის მიერ დაარსებულ ცოდნის ფონდში, ორ უნივერსიტეტსა და მათთან დაკავშირებულ სტრუქტურებში… უნივერსიტეტებში სულ უფრო ღრმავდება კონფლიქტი… ცოდნის ფონდის ხელმძღვანელობის და მისი კუთვნილი ქონების მართვის უფლება გადაეცა თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერს ვახტანგ ლეჟავას მინდობილობის საფუძველზე, რომელიც გაიცა დაუსაბუთებლად… კახა უნივერსიტეტებს საქართველოს მომავლისთვის ქმნიდა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ კახას მიერ დაარსებული და რეფორმირებული უნივერსიტეტები, უზრუნველვყოთ მათი სტაბილური განვითარება. ყველას, ვისაც იგივე სურვილი აქვს, ვთხოვ, დამეხმარეთ და მოდით, გავერთიანდეთ ამ მძიმე წუთებში“, — ნათქვამია ქვრივის განცხადებაში, რომელიც ქართული მედიით გავრცელდა.
ამასთან ზოლოტოვა წერს, რომ ბენდუქიძის ქალიშვილმა ანასტასია გონჩაროვამ მის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და ამ გზით მოახერხა დროებით შეეჩერებინა მისთვის სამკვიდრო მოწმობის გაცემა.
„ამჟამად ეს გარემოებები ხელს მიშლის ვიმოქმედო, როგორც კახას მემკვიდრემ და დავიწყო აქტივების ლეგიტიმური რესტრუქტურიზაციის პროცესი. საფრთხე ემუქრება კომერციული სტრუქტურების საქმიანობას, რომლებიც ცოდნის ფონდის დონორები იყვნენ. ევროპული ბანკები, რომლებთანაც კახა თანამშრომლობდა, უარს აცხადებენ გაუწიონ მომსახურება ბიზნესს, რომელსაც არ ჰყავს პასუხისმგებელი მესაკუთრე. ამ ყველაფერს ძალიან სავალალო შედეგები მოჰყვება.
დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ ეს უზრუნველყოფის ღონისძიებები მოიხსნება და სარჩელებიც გამოხმობილ იქნება. სამწუხაროდ, იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ანასტასიათი სხვები მანიპულირებენ ანგარების მიზნით, მათი ერთადერთი ამოცანაა, რაც შეიძლება დიდი ხნით „გაყინონ“ მემკვიდრის უფლებები, რადგან ეს სიტუაცია პირადი სარგებლისთვის გამოიყენონ“, — წერია განცხადებაში.
ბენდუქიძის გარდაცვალებამდე მის ქალიშვილზე არავინ არაფერი იცოდა
განცხადება ასევე გაავრცელა აწ გარდაცვლილი ბიზნესმენის დამ ნუნუ ბენდუქიძემ. ის შეშფოთებულია გონჩაროვას ნაბიჯებით, რომლის არსებობის თაობაზეც, მისი სიტყვებით, „ძმის გარდაცვალებამდე არაფერი იყო ცნობილი“.
„მან მითხრა,რომ ჩვენი გვარი არ სჭირდება. იგი ფულისთვის იბრძვის და ვერც ხვდება, რომ სინამდვილეში კახას ებრძვის, მის სიცოცხლეს, ოჯახს, მის მთავარ ცხოვრებისეულ პრინციპებს… იგი მის საქმეებში ერევა, მის სახელს წაღმა-უკუღმა ატრიალებს, კახას უნივერსიტეტში პროფესორებს თითს უქნევს, კითხულობს ლექციებს და აცხადებს, რომ მის ბიზნესს განავითარებს, მაშინ, როცა თავად რაიმე სპეციალობით მუშაობის სამთვიანი სტაჟიც კი არ გააჩნია“, — ციტირებს ნუნუ ბენდუქიძეს ქართული მედია.
ბიზნესმენის და ამბობს, რომ ანასტასია ოჯახს მაშინ გააცნეს, როცა მისი არსებობის შესახებ შეიტყეს. „მე ვუთხარი, რომ ის აუცილებლად მიიღებდა თავის წილს, თუნდაც მხოლოდ იმის გამო, რომ კახა, როგორც ის ამბობს, ზრუნავდა მასზე. მხოლოდ ერთი რამ ვთხოვე: არ შეეშალა ხელი კახას მეუღლისთვის ამ კანონიერ და ლეგიტიმურ პროცესში და არ მიემართა სასამართლოსათვის. ყველაფრის მოგვარება შეიძლება ოჯახურ წრეში, საჯარო განხილვების გარეშე“, — წერს იგი.
ნუნუ ბენდუქიძის თქმით, გონჩაროვა „უნდობლობით ეკიდებოდა ყველას, ყველაფერს, ცდილობდა, ინფორმაცია მოეპოვებინა კახასა და მისი მემკვიდრეობის შესახებ, ახლობლებს შორის უთანხმოების კვალს ეძებდა. მერე ლონდონში გაემგზავრა და კახასთან ყოველგვარი ნათესაური კავშირის დადასტურების გარეშე, პოლიციას მისი პირადი ნივთები, ექსპერტიზის პასუხები, მობილური ტელეფონი და დოკუმენტები მოსთხოვა, კომპიუტერი — საქმიანი დაპირადი ინფორმაციით. ცხადია, ლონდონელმა ჩინოვნიკებმა მას არაფერი მისცეს, რადგან კანონის თანახმად, ამას მხოლოდ გარდაცვლილის ქვრივს გადასცემენ“, — წერს გარდაცვლილი ბიზნესმენის და.
მან ისიც აღნიშნა, რომ ამ ყველაფრის შემდეგ ანასტასიამ „შეწყვიტა სატელეფონო ზარები, მოსვლა და საბოლოოდ, სასამართლოში უჩივლა ჩემი ძმის მეუღლეს — ნატაშას, რომელთანაც კახა, დედა, მთელი ჩვენი ოჯახი და მეგობრები 15 წელი სრულ ნდობასა და ურთიერთპატივისცემაში ვცხოვრობდით“.
დნმ-ს გაჭიანურებული ტესტი
ანასტასია გონჩაროვა, რომელიც დედის გვარს ატარებს, 1990 წლის 1 ნოემბერს დაიბადა. 2013 წელს დაამთავრა ლონდონის სამეფო კოლეჯი. მიმდინარე წლის მაისში საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე განაცხადი შეიტანა და ამას „ისტორიული მომენტი“ უწოდა.
ივლისის დასაწყისში გონჩაროვამ ფეისბუქში დაწერა, რომ ბენდუქიძის მეუღლე, მოიმიზეზა რა ქართულ სასამართლოსთან საქმეები, საქართველოში გაემგზავრა და არ გამოცხადდა მოსკოვის გაგარინის სასამართლოში, ხოლო მოსმენა 3 აგვისტოსთვის გადადო“.
ანასტასია გონჩაროვა სასამართლო-სამედიცინო გენეტიკურ ექსპერტიზას ითხოვს იმის დასადასტურებლად, რომ ნამდვილად კახა ბენდუქიძის შვილია. მისი ვარაუდით, ექს-ბიზნესმენის ოჯახი ცდილობს, რაც შეიძლება დიდხანს გააჭიანუროს მისი კახა ბენდუქიძის შვილად ცნობის პროცესი. გონჩაროვას თქმით, ნატალია ზოლოტოვამ გაანადგურა მამამისის დნმ-ის ნიმუშები, რაშიც მას ნუნუ ბენდუქიძე დაეხმარა.
„გამართლდა ჩემი ყველაზე საშინელი მოლოდინი იმის შესახებ, თუ რატომ გადაატანინა ნატალიამ მთელი თვით სასამართლო სხდომა: საჭირო იყო დრო, რათა მას მიეღო და გაენადგურებინა კახა ბენდუქიძის დნმ-ს ნიმუშების მეორე და უკანასკნელი ნაკრები, — დაწერა ანასტასიამ. — მისი ადვოკატები იმედოვნებენ, რომ დნმ-ს 24 ივლისს მიიღებენ. ახლა ჩემი ამოცანაა ყველაფერი გავაკეთო, რათა ეს არ მოხდეს“.
24 ივლისს კი მან განაცხადა: „მცირე, მაგრამ მაინც გამარჯვება — მამას დნმ-ს ნიმუშებს კიდევ ერთ კვირას შეინახავენ! ახლა უნდა მოვიფიქრო, როგორ მოვიქცე მომავალში. ბრძოლა გრძელდება“.