შესაძლებელია თუ არა, კულტურა და შემოქმედებითი ინდუსტრია საქართველოს ეკონომიკისთვის მომგებიანი გახდეს?
და შეგვეძლება თუ არა, არცთუ შორეულ მომავალში კულტურის სფეროს მძლავრ ეკონომიკურ იარაღად განვიხილავდეთ? ეს და სხვა აქტუალური საკითხები განიხილეს ქართული საზოგადოების წარმომადგენლებმა და კულტურის სფეროს მუშაკებმა თბილისში, სადაც ჩატარდა შეხვედრა მრგვალი მაგიდის გარშემო, სახელწოდებით "კულტურა ეკონომიკური განვითარებისთვის".
შეხვედრა მომზადდა ევროკავშირის პროგრამა "კულტურა და კრეატიულობის" კამპანიის "კულტურა მნიშვნელოვანია" ფარგლებში.
კულტურა, როგორც ეკონომიკის ბერკეტი − მითი თუ რეალობა?
კულტურას შეუძლია და აუცილებელიცაა, იყოს არა მხოლოდ კულტურა, არამედ − ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი განვითარების მძლავრი ბერკეტიც. ასე მიაჩნია მრგვალი მაგიდის მოდერატორს, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენელი მაკა დვალიშვილს. მისი აზრით, მოვლენათა ასეთი განვითარების მოკრძალებული ნიშნები საქართველოში ასე თუ ისე შეიმჩნევა, თუმცა იდეალურ ვითარებამდე ჯერ კიდევ შორია.
"ხოლო როცა რეალურ შედეგებზე და მკაფიოდ გამოხატულ წინსვლაზეა ლაპარაკი, თუნდაც ამ პროცესში სახელმწიფოსა და საჯარო დაწესებულებების ჩართვის დონეზე, სამწუხაროდ, აქ სასურველი ვითარებისგან ჯერ კიდევ შორს ვართ. და შორს ვართ არა მხოლოდ სახელმწიფოს უმოქმედობის თვალსაზრისით: თავად საზოგადოებაც კარგად ვერ აცნობიერებს, რომ კულტურა შეიძლება სასიკეთოდ წაადგეს ქვეყნის ეკონომიკას", − ასკვნის დვალიშვილი.
ეკონომიკის განვითარებისთვის უზარალო ვარიანტად შეიძლება იქცეს კულტურის ნებისმიერი სფერო, იქნება ეს საგამომცემლო საქმიანობა, დიზაინი თუ IT ტექნოლოგიები. ამას ადასტურებს ციფრებიც: ევროპის ქვეყნებში კულტურის სექტორის ყოველწლიური წვლილი ქვეყნის ეკონომიკაში 539.9 მილიარდ ევროს შეადგენს, რაც ქვეყნის მშპ-ს 4.2%-ია. ამავე დროს, მოსახლეობის დასაქმება კულტურულ სფეროში მესამე ადგილზე დგას, სამშენებლო წარმოებისა და კვების ინდუსტრიის შემდეგ. ამ მხრივ ბოლო წლებში სტაბილურად ლიდერობს დიდი ბრიტანეთი.
არ არსებობს გამოცდილება – არ არსებობს არც ციფრები
იმის ჩვენება, თუ რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში, შესაძლებელი იქნებოდა ამ საკითხის გამოკვლევით და სტატისტიკური მონაცემების შეგროვებით. მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ამ ტიპის სამუშაოები არ ტარდება. და ეს ქვეყნისთვის სერიოზული ხინჯია, ICOMOS-საქართველოს გენერალური მდივნის ნატო ცინცაბაძის აზრით.
"ჩვენ არ გაგვაჩნია ამ საკითხში საქართველოს მონაცემები, შესაბამისი ციფრები. ჩინეთში, სინგაპურში, ბრიტანეთში ეს ციფრები აქვთ, ჩვენ კი − არა. არ ტარდება გამოკვლევები, ამ სფეროს სხვადასხვა უწყებებს შორის თანამშრომლობის პრაქტიკაც კი არ არსებობს. ვფიქრობ, საჭიროა, ვისწავლოთ პოლიტიკოსებთან, ინვესტორებთან, მენეჯერებთან საერთო ენაზე ლაპარაკი. საჭიროა, მსოფლიო საზოგადოების გამოცდილება ავითვისოთ და საქართველოს განვითარების პოლიტიკაში შესწორებები შევიტანოთ", − ამბობს ცინცაბაძე.
უცხოელი კოლეგებისგან სწავლა, სამომავლო განვითარებისთვის ნიადაგის მომზადება და საკუთარი გამოცდილების გაანალიზება, ასევე − კულტურის ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება ის პრიორიტეტებია, რომლებიც, ICOMOS-საქართველოს წარმომადგენლის აზრით, უნდა აღელვებდეს დაინტერესებულ მხარეებს.
რამდენად მოქნილია საქართველოს კულტურული პოლიტიკა?
სახელმწიფოს პოზიცია კულტურისა და ეკონომიკის კავშირის თაობაზე ძირფესვიანად უნდა შეიცვალოს − ამაში მტკიცედაა დარწმუნებული ორგანიზაცია "შემოქმედებითი საქართველოს" ხელმძღვანელი ანა რიაბოშენკო. მისი აზრით, პრობლემები, რომლებზე მუშაობის დაწყებაც დაუყოვნებლივაა საჭირო, ფართო სპექტრისაა: იქნება ეს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების დეფიციტი და არასაკმარისი ცოდნა და უნარები, თუ პროფესიონალი კადრების გადამზადების აუცილებლობა და სახელმწიფოს ხისტი კულტურული პოლიტიკის გამოსწორების საჭიროება.
"როდესაც დასაფინანსებლად შემოგვდის პროექტი, ვთქვათ, თანამედროვე ხელოვნებაში მომუშავე ხელოვანისაგან ვენეციის ბიენალეში მონაწილეობის თემაზე, ეს პროექტი ზუსტად ისევე ფასდება, როგორც განაცხადი რომელიმე დაწესებულების რემონტის დაფინანსებაზე. ბუნებრივია, შეფასების კრიტერიუმები არაადექვატური და შედეგები სავალალო გვექნება. ანუ ვგრძნობთ პრაქტიკის სიმწირეს, ჩვენი კულტურული პოლიტიკის სიხისტეს. და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი კულტურის ხარისხსა და დონეზე აისახება", − მიიჩნევს რიაბოშენკო.
ეკონომიკა და მისი მიმზიდველობის კანონები
იმისათვის, რომ კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის ესა თუ ის პროდუქტი ფინანსური თვალსაზრისით მიმზიდველი იყოს ეკონომიკისთვის, მას მახასიათებელთა გარკვეული კრებული უნდა ჰქონდეს. კერძოდ: უნდა იყო ს ინოვაციური და დაცული უნდა იყოს საავტორო უფლებით. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება გვქონდეს გარანტირებული წარმატებისა და კულტურის მონეტიზირების იმედი − აღნიშნავს ვენეციის უნივერსიტეტის დოქტორანტი, ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი.
"კულტურა და შემოქმედებითობა არ უნდა იყოს გათიშული, არამედ ისინი ერთმანეთს უნდა ავსებდნენ და აქტიურად ურთიერთქმედებდნენ ეკონომიკასთან. შემოქმედებითი ინდუსტრია კომერციული თვალსაზრისით − ესაა ცალკეული ინდივიდის შემოქმედების პროდუქტის წვლილი საერთო საქმეში. საბოლოოდ, კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის ეს სინთეზი იდეალურ შემთხვევაში კომერციულად მიმზიდველი და ეკონომიკური განვითარებისთვის მომგებიანი უნდა იყოს", − მიაჩნია ყიფიანს.
მისი კოლეგის, ჩიკაგოს უნივერსიტეტის დოქტორანტის, ეკონომისტ გიორგი პაპავას თქმით, საქართველოში გავრცელებულია მოსაზრება, რომ ეკონომისტები სათანადოდ ვერ აფასებენ საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას და მასში ვერ ხედავენ რეალურ ღირებულებას ქვეყნის ეკონომიკისთვის.
"ჩვენ კულტურა და ეკონომიკა არ უნდა დავუპირისპიროთ ერთმანეთს, არ არის სწორი მათი გათიშვა. რასაკვირველია, რთულია კულტურის მონეტიზირება, როცა ის კომერციულ ინტერესს არ შეიცავს. მაგრამ ამისთვის აუცილებელია სამინისტროების მჭიდრო თანამშრომლობა, მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი საერთო ძალისხმევით ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარების პროცესის აწყობა", − ამბობს პაპავა.
რას გვეუბნება გერმანული გამოცდილება?
ხელოვნებისა და მეცნიერების სკოლის პროფესორი (ჟან მონეს კათედრა) და ილიას უნივერსიტეტის ლექტორი ოლივერ რაისნერი, რომელიც უკვე 13 წელია თბილისში ცხოვრობს და ორი წელიწადია, საქართველოში ყოფილ გერმანულ კოლონიებს იკვლევს, ეკონომიკაში კულტურის წარმატებული როლის ჩამოყალიბების წანამძღვრად მიიჩნევს პროცესში როგორც სახელმწიფოს, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის აქტიურ, და, რაც მთავარია, ადეკვატურ ჩართულობას.
"მაგალითად, როგორ შეგვიძლია მოვიზიდოთ ქვეყანაში გერმანელი ტურისტები, ვთქვათ, იმ ისტორიულ ადგილებში, სადაც საქართველოში გერმანული კოლონიები არსებობდა? უნდა შევქმნათ მიმზიდველი სახლ-მუზეუმები და არტ-რეზიდენციები, ვისწავლოთ კულტურის ძეგლების ხარიასხიანად აღდგენა, ისე, რომ არ გავაფუჭოთ ისინი და საინტერესო იყოს ჩამოსვლა და მათი დათვალიერება", − მიაჩნია ოლივერ რაისნერს, რომელიც ადრე საქართველოში ევროკავშირის დიპლომატიური მისიის შემადგენლობაში და ორგანიზაცია World Vision-ის საქართველოს ოფისში მუშაობდა.
შერჩეული იქნეს მსოფლიო საზოგადოების მიერ აპრობირებულ მრავალ მეთოდს შორის ყველაზე ოპტიმალური, განისაზღვროს საკუთარი ქვეყნის პრიორიტეტები და ფასეულობები, და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სწორად წარიმართოს დიალოგი კულტურული და ეკონომიკური სამყაროების წარმომადგენლებს შორის − ამაზე შეჯერდნენ მრგვალი მაგიდა "კულტურა ეკონომიკური განვითარებისთვის" მონაწილეები. მაგრამ იმავდროულად აღინიშნა, რომ ეს გრძელი გზაა, ის მოითხოვს ღრმა ცოდნას, პრაქტიკას და საკუთარი შესაძლებლობების რეალურად გაანალიზებას.