საკამათო არ არის, ყოველგვარი ჭოჭმანიც უადგილოა… დიახ, მწვავედ დასაძრახი ფაქტი თუ მოვლენა ჩვენში მრავლად არის. მიუხედავად ამისა, ამჯერად მაინც გადავწყვიტე დროებით დავივიწყო საშინაო პრობლემები… ვიცი, ჩემი კალმოსნობა თქვენთვის დიდი არაფერი შვების მომგვრელია, შესაძლოა, გამინაწყენდეთ კიდეც. ყველა იმ საკითხს, რომელიც მკითხველის გონებას არ ასვენებს, მოგვიანებით დავუბრუნდები… ახლა კი უბრალოდ გავიხსენებ, რომ ორ თვეზე მეტი გავიდა, რაც ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაცია მიანიჭა და ჩვენი თანამოქალაქეებიც 28 მარტიდან უკვე ამაყად სარგებლობენ ამ უფლებით.
უცხო და მოულოდნელი არ იქნება, როცა ვიტყვი, რომ მრავალ საკითხზე მათი რადიკალურად განსხვავებული პოზიციების მიუხედავად პოლიტიკოსებმა ეს ფაქტი ერთხმად შეაფასეს უმნიშვნელოვანეს მოვლენად, წარმატებულ ნაბიჯად ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე და ზოგადად საგარეო ასპარეზზე… მმართველი გუნდის მხრიდან კეთდება ოპტიმისტური განცხადებები საქართველოს ადრე თუ გვიან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ყურადღებას ის გარემოება იქცევს, რომ არ კონკრეტდება თარიღი. ექსპერტ-ანალიტიკოსების უმრავლესობა ბებერი კონტინენტის ოცდაათ ქვეყანაში თავისუფლად გადაადგილების საშუალებას პოზიტიურ მოვლენად აფასებს, თუმცა გაცილებით მოკრძალებული არიან ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხზე მსჯელობისას. მათი შეფასებით, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივა არც თუ ისე სახარბიელოდ გამოიყურება. გაურკვეველია, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე და იქნება თუ არა რაიმე კონკრეტული ნაბიჯი საერთოდ. უფრო მეტიც, არსებობს მიზეზები, რის გამოც ევროკავშირი-საქართველოს მომავალი ურთიერთობები, შესაძლოა, მომდევნო წლებში უფრო მეტად ბუნდოვანი გახდეს. წინამდებარე სტატიის მიზანია მოკლედ მიმოვიხილოთ ეს ფაქტორები…
ანალიტიკოსი ალექსანდრე კუპატაძე: "ჩემი აზრით, პირველი, ეს არის ის, რომ ევროკავშირის წინაშე არის მზარდი რაოდენობის გამოწვევები, რომლებიც მემარჯვენე პოპულისტური ჯგუფებიდან მომდინარეობს, დაწყებული ხუთი ვარსკვლავის მოძრაობით იტალიაში, დამთავრებული ეროვნული ფრონტით – საფრანგეთში. "ბრექსითი" კი არის ის მოვლენა, რომელიც მუდმივად შეგვახსენებს, თუ რამდენად რეალურია ეს გამოწვევები. აღნიშნული მოძრაობები და მათთან ასოცირებული ნაციონალისტური და ანტილიბერალური იდეოლოგიები ძირს უთხრიან ევროკავშირის მმართველობის სუპრანაციონალურ ფორმას და ნდობაზე დაფუძნებულ, მულტილატერალურ გადაწყვეტილების მიღების პროცესს, უთხრიან ძირს ევროკავშირის დამფუძნებელ იდეას, რომელიც გულისხმობს დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებების პატივისცემას და ნეგატიური გავლენა აქვთ ევროკავშირის იმიჯსა და ასევე მის გლობალურ როლზე. მათთვის რუსეთის ფედერაციის პოლიტიკა "ახლო საზღვარგარეთში" მხოლოდ მეორეხარისხოვანი პრობლემაა და უფრო მეტად ინტერპრეტირებულია, როგორც რუსეთის მხრიდან დასავლეთისგან თავდაცვის მცდელობა. ასეთი ტიპის დამოკიდებულებას პირდაპირი გავლენა აქვს საქართველოზე. საქართველოს მიმართ რუსეთის ქმედება ხშირად მიიღება, როგორც "ლეგიტიმური" და გამართლებულია "თავდაცვითი რეალიზმის" საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ რუსეთი უბრალოდ იცავდა საკუთარ თავს და არ მოახდენდა საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას, თუ ის არ იგრძნობდა საფრთხეს დასავლეთისა და ნატოსგან. ამ პერსპექტივის მიხედვით, საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები არარეალურად გამოიყურება, რადგან აღნიშნული მისწრაფებები რუსეთის გაღიზიანებას იწვევს.
მეორე: ევროკავშირი სულ უფრო მეტად ხდება პრაგმატულ პოლიტიკაზე ორიენტირებული, მისი პოლიტიკა გეოპოლიტიკურ გათვლებს ეფუძნება. ამასთანავე ევროკავშირის მეგობრული ურთიერთობა ავტორიტარულ და რეპრესიულ, თუმცა ნავთობით მდიდარ აზერბაიჯანთან მიუთითებს, რომ მისი პოლიტიკა უფრო მეტად პრაგმატულ მიდგომას ეფუძნება, ვიდრე ნორმატიულს, როგორიცაა, მაგალითად, ადამიანის უფლებების პატივისცემა. ეს მაგალითი აჩვენებს, რომ მომავალში ევროკავშირის ქმედებები შესაძლოა დაეფუძნოს პრაგმატულ ინტერესებს, გათვლებს, რაც ხშირად შესაძლოა შესაბამისობაში არ მოვიდეს მისი ნორმატიული ძალის სტატუსთან, რაც მას ამ დროისთვის გააჩნია. აქვე ასევე შეიძლება დავინახოთ რუსეთის ფაქტორიც, რომელიც ევროკავშირის პროდუქციისთვის კვლავაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბაზრად და ევროკავშირის წევრი ბევრი სახელმწიფოსთვის გაზის ძირითად მიმწოდებელ ქვეყნად რჩება. შესაძლოა ეს სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდეს "ბრექსითის" შემდეგ…"
შესაძლოა, რომ "ბრექსითის" შემდეგ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა გაზარდონ რუსეთიდან გაზის იმპორტი, რაც, თავის მხრივ, გაზზე დამოკიდებულების პრობლემას უფრო მეტად გაამწვავებს. ამ ყოველივეს კი გავლენა ექნება საქართველოზეც. გაზრდილი დამოკიდებულება, ამასთან დაკავშირებული ევროკავშირის პრაგმატულობა და რუსეთის მისწრაფება — გამოიყენოს მისი ენერგომომარაგება, როგორც პოლიტიკური ზეწოლის იარაღი — ეს ყველაფერი ხელს შეუშლის საქართველოს შანსებს, გააღრმაოს ევროკავშირთან ინტეგრაცია… აშკარად გამოიკვეთა სამკუთხედი ევროკავშირი-რუსეთი-საქართველო და ლოგიკურია ჩვენი კითხვა – რას ნიშნავს "ბრექსითი" ყოველი მათგანისთვის…
ალექსანდრე კუპატაძე: "დიახ, შეიძლება ითქვას, რომ მას შემდეგ, რაც "ბრექსითის" პროცესი მთლიანად დასრულდება, ჩვენ დავკარგავთ ერთ-ერთ ძირითად მხარდამჭერს ევროკავშირში. ტრადიციულად დიდი ბრიტანეთი საქართველოს ინტერესების დიდი მხარდამჭერი იყო. მაგალითების მოყვანა შორს წაგვიყვანს. მეორე მხრივ, სახეზეა ყველა ნიშანი იმისა, რომ რუსეთი მზად არის "მისი პრივილეგირებული ინტერესის ზონაში" გავლენის შესანარჩუნებლად ყველა საჭირო ზომა მიიღოს. შესაძლოა, დასავლეთის სანქციებს აუცილებლად შემაკავებელი ეფექტი არ ჰქონდეს. დიდი ბრიტანეთის როლი რუსეთისთვის სანქციების დაწესების დროს ამ უკანასკნელის უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის შემდეგ ისეთი მნიშვნელოვანი იყო, რომ ბევრი ანალიტიკოსი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს იმას – ბრიტანეთის მნიშვნელოვანი წონის გარეშე, ევროკავშირი საერთოდ თუ შეძლებდა რუსეთისთვის სანქციების დაწესებას. "ბრექსითი" ნიშნავს, რომ სანქციებისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად შემცირდება. უფრო მეტიც, სანქციები ნაკლებპრიორიტეტული იქნება. "ბრექსითი" ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი დაკარგავავს სამიდან იმ ერთ-ერთ წევრ სახელმწიფოს, რომელსაც გლობალური დღის წესრიგი და საერთაშორისო სტრატეგიული ამბიციები გააჩნია. ამ ყოველივემ კი, შესაძლოა, ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა უფრო მეტად უნიფიცირებული გახადოს…"
არის მოსაზრება, რომ "ბრექსითის" შემდეგ შესაძლოა ევროკავშირსა და ნატოს შორის ურთიერთობაც გართულდეს. ბრიტანეთი ყოველთვის მიიჩნეოდა იმ უმნიშვნელოვანეს შემაკავშირებელ სახელმწიფოდ, რომელიც უთავსებდა ან აგვარებდა ორივე მხრიდან მომდინარე საკამათო საკითხებს…
ალექსანდრე კუპატაძე: "საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის მიერ გაკეთებული კომენტარი – "ნატოს არავითარი როლი არა აქვს იმაში, რომ თქვას, როგორი უნდა იყოს ევროპის ურთიერთობა რუსეთთან" – მიუთითებს, რომ ბრიტანეთის გარეშე ტრანსატლანტიკური პოლიტიკა, სავსებით შესაძლოა, ნაკლებად შეთანხმებული გახდეს. ეს ყოველივე კი ძირს უთხრის ნატო-აშშ-ის მცდელობას – წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის აგრესიულ მიზნებს აღმოსავლეთ ევროპაში. საკუთარი გავლენის გავრცელება მისი "ინტერესის პრივილიგირებული ზონიდან" დიდი ალბათობით ნიშნავს, რომ რუსეთი მის უშუალო სამეზობლოზე კონტროლს მარტივად არ დათმობს იმ შემთხვევაშიც კი, თუ სირიაში რუსეთის ჩართულობა უფრო მეტად საერთაშორისო პრესტიჟს და მისი სამხედრო სიძლიერის დემონსტრირებას ემსახურება, ვიდრე ახლო აღმოსავლეთში ამერიკული სამხედრო ძლიერების მონოპოლიასთან მეტოქეობას. მოსკოვის ლოგიკით, აღნიშნული მიზნების განხორციელებას ზიანი მიადგება, თუ მისი ყოფილი პროტექტორატი სახელმწიფო, როგორიცაა საქართველო, რუსეთის გავლენის ზონიდან გასვლას შეძლებს…"
დასასრულ გავკადნიერდები და დასკვნის სახით ორიოდე სიტყვას თავადაც მოგახსენებთ. საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ "ბრექსითი" აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ევროკავშირთან უფრო სიღრმისეული ინტეგრაციის შესაძლებლობას ზიანს აყენებს. უფრო მეტიც, ეს ზრდის იმის შანსებსაც, რომ რუსეთთან მიმართებაში ევროკავშირი უფრო მეტად შემრიგებლურ მიდგომას აირჩევს. ამ ყოველივეს კი მნიშვნელოვანი გავლენა ექნება საქართველოზე, განსაკუთრებით, თუ მხედველობაში მივიღებთ რუსეთის მტკიცე, თითქმის უკომპრომისო პოზიციას ევროკავშირის ბუნდოვანი და გაურკვეველი მიდგომის ფონზე. ამის გათვალისწინებით შესაძლოა დავასკვნათ, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები არცთუ ისე სახარბიელოდ გამოიყურება. დანარჩენს დრო გვიჩვენებს… მანამდე კი მარტივად, უვიზოდ ვიმოგზაუროთ!