თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. „ვიშეგრადის ოთხეულის" ქვეყნები მხარს უჭერენ „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მონაწილე ქვეყნების ევროპულ ინტეგრაციას, აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში.
ვარშავაში გუშინ „ვიშეგრადის ოთხეულისა" (ჩეხეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი) და „აღმოსავლეთ პარტნიორობის" (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა) ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.
„ვიშეგრადის ოთხეულის“ ქვეყნებმა მიიღეს ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმად, 2017 წლის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ბრიუსელის სამიტის დეკლარაციაში უნდა აისახოს პარტნიორი ქვეყნების მისწრაფებების მხარდაჭერა და ევროპული პერსპექტივა.
„მნიშვნელოვანია, რომ „ვიშეგრადის ოთხეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს ერთიანი განცხადება, რომელშიც მკაფიოდ არის დაფიქსირებული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მონაწილე ქვეყნების ევროპული პერსპექტივა… ჩვენ ვხედავთ ძალიან დიდ პოტენციალს იმისთვის, რომ საქართველო იყოს სრულად ინტეგრირებული როგორც ევროკავშირის შიდა ბაზართან, ისე აზიურ ბაზრებთან“, — განაცხადა ჯანელიძემ.
მისი თქმით, ეს დადებითად აისახება საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე.
„აღმოსავლეთ პარტნიორობა“ მონაწილე ქვეყნებისთვის ევროკავშირის წევრობას არ ითვალისწინებს, მაგრამ ვარაუდობს პოლიტიკურ და ეკონომიკურ დაახლოებას.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის რეალიზება პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობას ითვალისწინებს ოთხი თემატური პლატფორმის საფუძველზე: დემოკრატიის, ეკონომიკური ინტეგრაციისა და ევროკავშირის პოლიტიკოსებთან დაახლოების, ენერგეტიკული უსაფრთხოების, ასევე ადამიანთა შორის ურთიერთობების საკითხებში.
„ვიშეგრადის ოთხეული“ ცენტრალური ევროპის ოთხი ქვეყნის გაერთიანების არაოფიციალური დასახელებაა, რომელიც 1991 წლის 15 თებერვალს უნგრეთის ქალაქ ვიშეგრადში დაარსდა.
1993 წელს ჩეხოსლოვაკიის ჩეხეთად და სლოვაკეთად გაყოფამდე კავშირს „ვიშეგრადის სამეული“ ეწოდებოდა.